ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებს დაღესტანსა და ყაბარდო-ბალყარეთში დაკავებები მოჰყვა
დაღესტანსა და ყაბარდო-ბალყარეთში ომის საწინააღმდეგო უპრეცედენტო საპროტესტო აქციებს უსაფრთხოების ძალებმა ძალადობით უპასუხეს და სულ მცირე, 100 ადამიანი მაინც დააკავეს.
მას შემდეგ, რაც 21 სექტემბერს ვლადიმერ პუტინმა "ნაწილობრივი" მობილიზაცია გამოაცხადა, დაღესტნისა და ყაბარდო-ბალყარეთის ქალაქებში ასობით ან ათასობით ადამიანი გამოვიდა. გასული კვირის განმავლობაში, აქციები მოეწყო დაღესტანში მახაჩკალასა და ხასავიურტში, ასევე, ყაბარდო-ბალყარეთში ნალჩიკსა და ნარტკალაში.
ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მახაჩკალასკენ მიმავალი მთავარი მაგისტრალები მომიტინგეებმა, მინიმუმ, ორჯერ გადაკეტეს — თუმცა ისინი დაარბიეს, მათ შორის, ჰაერში იარაღი გაისროლეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ უსაფრთხოების ძალები დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზსა და ძალას იყენებენ.
დაღესტანში მახაჩკალასა და ხასავიურტში პროტესტის მონაწილეებს შორის ჩხუბის რამდენიმე შემთხვევაც დაფიქსირდა. დაღესტნური გამოცემის ვარაუდით, ეს სამოქალაქო სამოსში გამოწყობილმა პოლიციელებმა გამოიწვიეს.
OVD-info-ს ცნობით, სამშაბათის მდგომარეობით, მხოლოდ მახაჩკალაში, სულ მცირე, 101 ადამიანი დააკავეს.
Chernovik-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორშაბათს საპროტესტო აქციების 27 არასრულწლოვანი მონაწილე და ორი ჟურნალისტი დააკავეს. კიდევ ერთ ჟურნალისტს უნებართვო დემონსტრაციაში მონაწილეობისთვის ბრალი წაუყენეს.
დაღესტნის გაწვევის ცენტრში გადაღებულ ვიდეოში ჩანს კაცი, რომელიც ოფიცერს ეკამათება. ოფიცერი გაბრაზებულ ხალხს ამშვიდებს და ეუბნება, რომ მათი შვილები "მომავლისთვის იბრძოლებენ".
"აქ მომავალი არ არის. ჩვენ არ გვაქვს აწმყო, რა მომავალზე ლაპარაკობ?", — პასუხობს კაცი.
ორშაბათს ნალჩიკის ცენტრალურ მოედანზე, სამთავრობო შენობის წინ 100-მდე ადამიანი შეიკრიბა. მათ იქ პუტინთან დაკავშირებული ერთიანი რუსეთის პარტიის მდივანი, მუაიდ დადოვი შეხვდა.
ნალჩიკის აქციიდან გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოში ჩანან ქალები, რომლებიც დადოვის გარემოცვას ეკამათებიან. ერთ-ერთი მათ ეუბნება: "ჩვენი ბავშვები იქ საზარბაზნე ხორცებად გაუშვით. მინდა გნახოთ მაშინ, თუ თქვენს შვილებსაც გაუშვებდნენ იქ".
ჩეჩნეთის ხელმძღვანელის, რამზან კადიროვის 15-წლიანი მმართველობის პერიოდში პირველი პროტესტი იყო გროზნოშიც. იქ ომის საწინააღმდეგო პროტესტს 40-მდე ქალის დაკავება და სახელმწიფოს მიერ ნებადართული ომის მომხრე აქცია მოჰყვა.
"საზღვარგარეთიდან მომზადებული და კონტროლირებული"
ორშაბათს დაღესტნის ხელმძღვანელმა, სერგეი მელიკოვმა პროტესტის მონაწილეები უცხოეთთან კავშირში დაადანაშაულა.
"90-იან წლებში სწორედ ამ ძალებმა ჩაძირეს დაღესტანი სისხლში, სიბინძურესა და სიღარიბეში, რომლისგან თავის დაღწევასაც ახლაც ვცდილობთ", — თქვა მან ოფიციალურ პირებთან შეხვედრის დროს.
მელიკოვმა მის რესპუბლიკაში მობილიზაციის ძალისხმევის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და თქვა ისიც, რომ დაღესტანში მობილიზაციის პირადად უხელმძღვანელებს — ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში უდიდესსა და ყველაზე დასახლებულს.
"დარწმუნებული ვარ, ჩვენი კაცები მსოფლიოს ნაციზმისგან ისევე დაიცავენ, როგორც ამას ჩვენი ბაბუები აკეთებდნენ 1945 წელს", — თქვა მან 21 სექტემბერს.
დაღესტნის პარლამენტის სპიკერმა, ზაურ ასკენდეროვმა განაცხადა, რომ პარლამენტში დააფუძნებს ოფისს, რათა ხალხს მობილიზაციით გამოწვეულ პრობლემებში "დაეხმაროს".
"დაღესტნის რესპუბლიკაში მკაცრად უნდა იყოს დაცული რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი ყველა ის კრიტერიუმი, რომელიც ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებშია შემოღებული", — თქვა მან.
პუტინისა და სერგეი შოიგუს მტკიცების მიუხედავად, რომ მობილიზაცია მხოლოდ "ნაწილობრივია" და მხოლოდ შესაბამისი გამოცდილების მქონე პირებს შეეხებათ, ასაკოვანი და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების გაწვევის შესახებ ცნობები გავრცელდა.
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები