ტბა, რომლის აფეთქებამაც ათასობით ადამიანი იმსხვერპლა — როგორ
შესაძლოა, ანალოგიური საფრთხე კიდევ ერთმა ტბამ შეგვიქმნას.
1986 წლის 21 აგვისტოს კამერუნის რესპუბლიკაში მდებარე ნიოსის ტბა აფეთქდა და კილომეტრებზე ათასობით ადამიანი და ცოცხალი ბუნება იმსხვერპლა. აფეთქება ტბაში აირის მოზღვავებამ გამოიწვია, რომელიც დედამიწის მანტიიდან გამოიყოფოდა და ასეულობით წლის მანძილზე ტბის ფსკერზე გროვდებოდა.
კატასტროფა, სავარაუდოდ, მეწყრის ჩამოწოლას ანდა ვულკანურ აქტივობას უკავშირდება, რადგან 1.24 მილიონი ტონა ნახშირორჟანგის (CO2) ამოფრქვევა ტბაში წონასწორობის უცაბედმა დარღვევამ გაამარტივა.
უზარმაზარმა, მძლავრმა ემისიამ ახლომახლო ხალხი დაახრჩო, რადგან ზემოხსენებული აირი ქსოვილებში ჟანგბადის შემცველობის შემცირებასა (ჰიპოქსია) და სუნთქვის შეკვრას (ასფიქსია) იწვევს. ესოდენ დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგს შეუძლია, ადამიანი მომენტალურად გათიშოს და სუნთქვის საშუალება წაართვას.
თვითმხილველთა მონათხრობით, აფეთქება გრუხუნით დაიწყო, რასაც მალევე ჰაერში ასობით მეტრზე ქაფიანი შხეფების ამოტყორცნა მოჰყვა. ადგილობრივი სოფლის სახლებში უეცრად ძლიერი ნაკადი შეიჭრა. გაზმა ათასობით ადამიანი თუ შინაური ცხოველი დახოცა და ცოცხალი ბუნება გაანადგურა. წყლის თავზე კი უზარმაზარი თეთრი ღრუბელი გაჩნდა.
საუბედუროდ, ტრაგედია ამით არ დასრულებულა — მძიმე ღრუბელმა ქვემოთ ჩამოსვლა დაიწყო, აფეთქების ადგილიდან 25 კილომეტრზე გადაადგილდა და ახლომდებარე დასახლებებში ხალხი ასფიქსიით დახოცა. მისი თავიდან არიდება მხოლოდ შემაღლებულზე მცხოვრებმა ადამიანებმა შეძლეს.
იმის გასაგებად, თუ რამ გამოიწვია ესოდენ დიდი კატასტროფა, მსოფლიოს მეცნიერები კამერუნის ძალებს შეუერთდნენ და კრატერულ ტბაზე გამოძიება დაიწყეს. მათ დაადგინეს, რომ ნიოსსა და სხვა ახლომდებარე კრატერულ ტბას ფსკერთან CO2-ით მდიდარი შრეები ჰქონდა, ეს კი წყალში უწყვეტ თანდათანობით გაჟონვაზე მიანიშნებს.
წყლის მასა ნახშირორჟანგს მანამ აკავებდა, სანამ წყლებში სიმშვიდე არ დაირღვა და გაზი ჰაერში უცაბედად არ ამოიფრქვა. მსგავსი აფეთქება 1986 წლის კატასტროფამდე ორი წლით ადრეც მოხდა მანუნის ტბაზე, თუმცა იგი ანალოგიური მასშტაბისა არ ყოფილა.
ჩვენთვის ახლა ცნობილია, რომ კამერუნის ვულკანურ ხაზზე ასეთ 43 ღრმა კრატერული ტბაა განლაგებული, აქედან კი მომწამვლელი აირის სასიკვდილო დოზებს ყველა შეიძლება შეიცავდეს. მსგავსი ტბების პოვნა მსოფლიოს სხვა ადგილებშიც შეიძლება — იტალიაში, ტანზანიასა და რუანდის საზღვარზე.
კატასტროფების მართვის მკვლევრის, ჰენრი ნგენიამ ბანგის (ბორნმუთის უნივერსიტეტი), აზრით, შესაძლოა, ანალოგიური კატასტროფა ასევე კამერუნში მდებარე კუკის ტბასაც დაატყდეს თავს. მისმა წყალმა ლურჯიდან გახუნებული წითელი ფერი მიიღო, ეს კი ნიოსის ტბის შემთხვევაშიც ვიხილეთ აფეთქებამდე.
ბანგი ფიქრობს, რომ ამგვარი მოვლენების პრევენციისათვის რეგიონში არსებული ტბები ხელახლა უნდა შემოწმდეს, რადგან კამერუნის ვულკანურ ხაზში წყლების უმეტესობა დაახლოებით 30 წლის წინ შეაფასეს.
იმის დასადგენად, არსებობს თუ არა შანსი, ტბა დიდი რაოდენობით CO2-ს აკავებდეს, რამდენიმე ინდიკატორის გამოყენება შეიძლება: თერმული პროფილის (ანუ როგორ იცვლება ტემპერატურა სიღრმესთან ერთად), გახსნილი აირების კონცენტრაციის, ზედაპირის ფართობის, წყლის მოცულობისა და მისი სიღრმის.
შესაძლოა, ამ ყველაფერზე შემოწმება ტექნიკურად რთული აღმოჩნდეს, თუმცა მონიტორინგი შესაძლო აფეთქების პრევენციისათვის ანდა მისთვის მოსამზადებლად ერთადერთი გზაა. ბანგის აზრით, გამომდინარე იქიდან, რომ კუკის ტბაც კამერუნის ვულკანურ ხაზზეა, შესაძლოა, გაზმა ნებისმიერ დროს გაჟონოს.
ამისაგან თავდასაცავად აფეთქების პოტენციალის მქონე ტბებთან CO2-ის დეტექტორების მოთავსება შეიძლება დაგვეხმაროს. ისინი ტბაში მიმდინარე ცვლილებებს დააფიქსირებს, რაც შესაბამისად მოქმედების საშუალებასაც მოგვცემს. განგაშის სიგნალები ახლომახლო მცხოვრებ ადამიანებს შეატყობინებს, რომ შემაღლებულ ადგილებზე ავიდნენ, სადაც ნახშირორჟანგი რთულად მიაღწევს.
პრევენციისათვის მილების გამოყენებაც გამოდგება: წყალში მათი ჩაშვებით აირი ატმოსფეროში ნელ-ნელა გამოთავისუფლდება და უზარმაზარ აფეთქებას აღარ გამოიწვევს.
"სამოქალაქო დაცვის დირექტორატი სპეციალური სააგენტოა, რომელსაც კამერუნში კატასტროფების რისკის მართვის კოორდინირება ევალება", — ამბობს ბანგი — "სააგენტო მთავრობაში სხვა დაინტერესებულ მხარეებსა და კერძო სექტორს უნდა დაუკავშირდეს, რათა კამერუნის საშიში ტბების უსაფრთხოება უზრუნველყოს. თუ თანამდებობის პირები არ იაქტიურებენ, შესაძლოა, ნიოსის ტბის კატასტროფის სცენარი განმეორდეს".
კომენტარები