რომელია მსოფლიოს უძველესი ცივილიზაცია
ჩვენ ვიცით, რომ უთვალავი ცივილიზაცია აღზევდა და დაეცა ათასწლეულების განმავლობაში. თუმცა, რომელია მათგან ყველაზე ძველი?
დაახლოებით 30 წლის წინ ამ კითხვას კონკრეტული პასუხი ჰქონდა. ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 4 000 წელს, შუმერული კულტურის ყველაზე ადრეული ფაზა წარმოიშვა, როგორც უძველესი ცივილიზაცია მესოპოტამიის რეგიონში. ეს ტერიტორია ახლა ძირითადად ერაყია.
შუმერებს ეს სახელი უძველესი ქალაქი შუმერიდან დაერქვათ, რომელიც მდებარეობდა ერაყის აღმოსავლეთში, თანამედროვე ქალაქ კუტის სამხრეთით რამდენიმე კილომეტრის დაშორებით. არქეოლოგები უძველეს შუმერულ ფაზას ურუქის პერიოდს უწოდებენ. აქვე იყო სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 80 კილომეტრით დაშორებული ქალაქი ურუქი. აქ აღმოაჩინეს მრავალი უძველესი შუმერული არტეფაქტი.
თუმცა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში აღმოჩენილი მტკიცებულებები მიუთითებს იმაზე, რომ უძველესი ცივილიზაციის პოზიციაზე შუმერებს კონკურენტები ჰყავთ, მათ შორის ძველი ეგვიპტე.
ცალკე საკითხია განმარტება იმისა, თუ რა ქმნის ცივილიზაციას. ეს რაღაც მხრივ ბუნდოვანია, მაგრამ ამისთვის ზოგადად კულტურამ უნდა მიაღწიოს რამდენიმე მახასიათებელს, განსაკუთრებით ურბანიზაციაც, ანუ ქალაქებს, მორწყვასა და წერას. შუმერებს სამივე ჰქონდათ.
ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 2 000 წელს შუმერულმა ცივილიზაციამ პირდაპირ მიგვიყვანა ბაბილონის ცივილიზაციამდე მესოპოტამიაში, რომელსაც მიეწერება მათემატიკური ჭეშმარიტების აღმოჩენა, როგორიცაა ტრიგონომეტრია, კვადრატი, კუბი და ციფრები. ეს ყველაფერი 1 000 წლის შემდეგ ძველმა ბერძნებმა განავითარეს.
ამერიკელი ისტორიკოსის სამუელ ნოა კრამერის თქმით, შუმერებმა შესაძლოა რელიგიაც გამოიგონეს და ეს ქალაქებში ზიგურატებად წოდებული ტაძრების აშენებით. ამით მათ კონკრეტული ღვთაებების რიტუალური თაყვანისცემისადმი მიძღვნილი სასულიერო კასტები შექმნეს. რომელი ღმერთი იყო ყველაზე ძლიერი შუმერულ პანთეონში, ეს იყო დამოკიდებული ადგილსა და დროზე: ცის ღმერთი ანუ პოპულარული იყო ადრეულ ურუქში, ხოლო ქარიშხლის ღმერთ ენლილს თაყვანს სცემდნენ შუმერში.
ინანა — "ზეცის დედოფალი" — შესაძლოა თავდაპირველად იყო ნაყოფიერების ქალღმერთი ურუქში; მისი თაყვანისცემა გავრცელდა მესოპოტამიის სხვა ქალაქებში, სადაც იგი ცნობილი იყო როგორც იშთარი და შესაძლოა გავლენა იქონია გვიანდელი ცივილიზაციების ქალღმერთებზე, როგორიცაა ხეთებში ასტარტე და ბერძნული აფროდიტე.
საინტერესოა გილგამეშის ეპოსში მოთხრობილი ისტორია, რომელიც ძალიან ჰგავს ებრაული ბიბლიის ნოეს ამბავს, რომელმაც ცხოველებით სავსე კიდობანი ააგო, რათა ღვთის რისხვით გამოწვეული წარწყმედისგან სიცოცხლე გადაერჩინა. არქეოლოგები ფიქრობენ, რომ ეს თავდაპირველად შუმერული ამბავი იყო დაახლოებით 2150 წლით ადრე, ვიდრე ებრაული ვერსია გაჩნდებოდა.
თუმცა, ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ სხვა ცივილიზაციებიც არსებობდა, რომლებიც შუმერულზე უფრო ძველი იყო.
"მე ვფიქრობ, რომ ეგვიპტე და შუმერი ძირითადად ერთდროულია", — თქვა ფილიპ ჯონსმა, ფილადელფიის პენის მუზეუმის ბაბილონის განყოფილების უფროსმა.
ჯონსის თქმით, ათწლეულების განმავლობაში ომი და არეულობები ერაყში ნიშნავს იმას, რომ არქეოლოგებს არ შეეძლოთ ჰქონოდათ წვდომა მესოპოტამიის ბევრ ობიექტზე, მაგრამ ეგვიპტის შემთხვევაში ეს პრობლემა არ იყო.
შედეგად ეგვიპტეში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ისეთივე ძველი ჩანაწერები, როგორიც ეს შუმერულია. ეს აჩენს ვარაუდს, რომ ძველი ეგვიპტის ცივილიზაცია გაჩნდა დაახლოებით იმავე დროს, როგორც შუმერების. საუბარია ქრისტეს შობამდე 4 000 წელზე.
კიდევ ერთი კანდიდატია ინდუსის ველის ცივილიზაცია, რომელიც წარმოიშვა დღევანდელი ავღანეთის, პაკისტანისა და ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთის ნაწილებში. ეს ცივილიზაცია ქრისტეს შობამდე 3 300 წლით თარიღდება. თუმცა, მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ შესაძლოა კიდევ უფრო ძველი ნარჩენები აღმოაჩინონ და კონკრეტული ცივილიზაცია კიდევ უფრო დიდი ხნის აღმოჩნდეს.
მკვლევრები იმასაც ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ამ ცივილიზაციებს შორის ვაჭრობაც ყოფილიყო. თუმცა, ზუსტი პასუხის თქმა რთულია და შემდგომი კვლევებია საჭირო. ვნახოთ რა იქნება შემდეგი.
კომენტარები