როდის დაიწყეს ადამიანებმა ცხოველების მოშინაურება — კვლევა
ცხოველის უძველესი განავალი ეჭვქვეშ აყენებს ამჟამინდელ გაბატონებულ თეორიას, რომლის მიხედვითაც ადამიანები ცხოველებამდე მცენარეებს იშინაურებდნენ.
მკვლევრებმა სირიაში მონადირე-შემგროვებელთა უძველესი საცხოვრებლების დამარხულ ნაშთებთან ერთად ცხოველების ნაშთებიც აღმოაჩინეს. აღმოჩენა დაახლოებით 13 000 წლით თარიღდება.
"ჩვენ გაგვიკვირდა, როცა გავიაზრეთ, რომ მონადირე-შემგროვებლებს 12 800-დან 12 300 წლამდე აბუ ჰურეირაში ჰყავდათ ცოცხალი ცხოველები და მათ ქოხების გარეთ ინახავდნენ. ეს თითქმის 2000 წლით ადრეა, ვიდრე აქამდე გვეგონა", — განმარტავენ მკვლევრები.
ჯერ კიდევ 1970-იანი წლების დასაწყისში, აბუ ჰურეირას გათხრებმა ახლანდელ სირიაში გამოავლინა კაცობრიობის მონადირე-შემგროვებლობიდან ფერმერობაზე გადასვლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვალი.
ეს მდებარეობა იმ დროისთვიის იდილიური იყო ადამიანებისთვის. აქ მარტვად ხელმისაწვდომი იყო წყალი, სტეპები და ტყეები. ეს ადგილი სავსე იყო ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვანი დიაპაზონით და ქვის ხანაში აქ დაახლოებით 200-მდე ადამიანს უნდა ეცხოვრა.
ეს ადგილი ახლა ჩაძირულია ტბის ქვეშ, რეგიონში, რომელიც ძნელად მისადგომია მიმდინარე კონფლიქტების გამო. საბედნიეროდ, არქეოლოგებმა საგულდაგულოდ შეინახეს ნიმუშები.
კონექტიკუტის უნივერსიტეტის ანთროპოლოგმა ალექსია სმიტმა და მისმა კოლეგებმა გამოიკვლიეს ამ ნიმუშებში არსებული სფერულიტები. მათ გამოიყენეს ახალი მეთოდი, რათა გამოეყოთ უძველესი ნარჩენები ფეკალიისგან.
"ბოლო დრომდე ძნელი იყო ისეთი მეთოდის პოვნა, რომელიც არქეოლოგებს მისცემდა საშუალებას, გამოეკვლიათ ცხოველთა მოვლის ყველაზე ადრეული მაგალითები", — ნათქვამია კვლევაში.
ამ რეგიონის კვლევებმა მარცვლეულის მოვლა 11 500 წლით დაათარიღა.
"ჩვენ აქამდე ვიცოდით, რომ ჯერ იყო კულტივირება, ხალხის მიჯაჭვულობა მიწასთან და შემდეგ ამას მოჰყვა მესაქონლეობა. აქ ასახული კვლევა კი აჩენს კითხვებს ამ თანმიმდევრობასთან მიმართებით", — ნათქვამია განცხადებაში.
ზოგიერთი აქტივობა, როგორიცაა ნაკელის გამოყენება, მიგვანიშნებს, რომ ამ დროს შეიძლება ცხოველები უკვე მოშინაურებული ჰყოლოდათ. მათ აღმოაჩინეს, რომ ეპიპალეოლითის პერიოდის პირველ ნაწილს (13,300-12,800) გააჩნდა დაბალი იზოლირებული სფერულიტები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ არ იყო დიდი ურთიერთქმედება მონადირე-შემგროვებლებსა და ცხოველებს შორის.
თუმცა, ეპიპალეოლითური პერიოდის მეორე ნაწილის (12,800-12,300) ნარჩენებში უფრო გამძლე საცხოვრებლებში დრამატული ცვლილებებია. აქ სფერულიტები გვხვდება და მინიშნება იმაზე რომ ადამიანებს ცხოველები უკვე მოშინაურებული ჰყავთ. სფერულიტების სიმრავლე და ნარჩენების დაწვის კვალი მიუთითებს, რომ ამ დროს უკვე მცირე რაოდენობით ცხოველებს ინახავდნენ და უვლიდნენ.
მკვლევრები იმასაც ვარაუდობენ, რომ მონადირეები ცხოველებს შეიძლება სანადიროდ იყენებდნენ, როგორც სატყუარას უფრო დიდი ცხოველების მოსანადირებლად. მკვლევრებს არ აქვთ საკმარისი მტკიცებულება იმის დასადგენად, თუ რომელ ცხოველებს იშინაურებდნენ უძველესი ადამიანები.
თუმცა, უფრო სავარაუდოა რომ ეს გარეული ცხვარი ყოფილიყო. წინა კვლევებმა აღმოაჩინეს ცხვრის ძვლები, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის დასახლებებთან ჯერ კიდევ 10 600 წლის წინ.
კვლევა გამოქვეყნდა PLOS ONE-ში.
კომენტარები