უკრაინელი ასტრონომები კიევის თავზე ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს ამჩნევენ — რა ხდება
ახალ უწყებას თუ დავუჯერებთ, კიევის ცაზე უამრავი ამოუცნობი მფრინავი ობიექტი (UFO) შეინიშნება. ინფორმაციას უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მთავარი ასტრონომიული ობსერვატორია ავრცელებს.
რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომს თუ გავითვალისწინებთ, რა თქმა უნდა, საფიქრებელია, რომ შემჩნეული UFO-ები სინამდვილეში სამხედრო მოწყობილობებია, რომლებიც იმდენად სწრაფად ჩნდება, რომ მათი ამოცნობა შეუძლებელია.
უწყება — იგი საცდელ ეგზემპლართა მონაცემთა ბაზაში arXiv გამოქვეყნდა და სხვა სპეციალისტებს ჯერჯერობით არ მიმოუხილავთ — უკრაინელი ასტრონომების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს აღწერს. მკვლევრების მიზანი სწრაფად მოძრავი, რთულად დასანახი ობიექტების დაკვირვება იყო კიევისა და გარემომცველი სოფლების ცაზე დღისით.
კიევსა და ვინარივკაში (სამხრეთით 120 კილომეტრში მდებარე სოფელი) არსებული ორი ამინდის სადგურიდან ასტრონომებმა უამრავი ობიექტი შენიშნეს, "რომლებსაც ნაცნობ ბუნებრივ ფენომენთან მეცნიერულად ვერ აიგივებენ". დაკვირვებისათვის მათ სპეციალურად გრადუირებული კამერები გამოიყენეს.
სამთავრობო სააგენტოები ამგვარ ობიექტებს "ამოუცნობ საჰაერო ფენომენებს" (UAP) უწოდებენ.
"მნიშვნელოვანი რაოდენობის ობიექტს ვამჩნევთ, რომელთა ბუნებაც ცხადი არ არის", — წერს გუნდი — "მათ ყველგან ვხედავთ".
მკვლევრებმა შემჩნეული UAP-ები ორ კატეგორიად დაყვეს: "კოსმიკებად" და "ფანტომებად". "კოსმიკებს" ისინი მანათობელ ობიექტებს უწოდებენ, რომლებიც გარემომცველ ცაზე ნათელია. მათ ჩიტების სახელებით აღნიშნავენ (თუნდაც "ნამგალა", "შავარდენი", "არწივი"...). თითოეული დაფრინავს როგორც ცალ-ცალკე, ასევე გუნდებად.
მეორე მხრივ, ე.წ. ფანტომები ბნელი ობიექტებია, რომლებიც, როგორც წესი, მთლიანად შავად მოჩანს, თითქოს მათზე დაცემულ მთელ სინათლეს შთანთქავდეს. მეცნიერებმა კვლევაში ჩართული ორი ობსერვატორიის მონაცემების შეადარეს. მათი შეფასებით, ფანტომები 3-12 მეტრამდე სიგანისაა და 53 000 კმ/სთ-მდე სიჩქარე შეუძლია განავითაროს. შედარებისთვის, შეიარაღებაზე კონტროლისა და გაუვრცელებლობის ცენტრზე დაყრდნობით, საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა 24 000 კმ/სთ-მდე სიჩქარეს ავითარებს.
მკვლევრებს ამოუცნობი მფრინავი ობიექტების სავარაუდო რაობის შესახებ მოსაზრება არ გამოუთქვამთ — მათი ნაშრომი უფრო მათ ამოსაცნობად გამოყენებულ მეთოდებსა და გამოთვლებს უსვამს ხაზს.
მეორე მხრივ, 2021 წელს აშშ-ის ODNI-ს ანგარიშის მიხედვით, სავარაუდოა, რომ UAP-ების ნაწილი მაინც იყოს "ჩინეთის, რუსეთის, სხვა სახელმწიფოს ან არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოყენებული ტექნოლოგია".
რუსეთის მიმდინარე აგრესიას თუ გავითვალისწინებთ, ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ახალ უწყებაში აღწერილი ობიექტები მართლაც საგარეო დაზვერვასა თუ სამხედრო ტექნოლოგიებს უკავშირდებოდეს.
ODNI-ის უწყების მიხედვით, ამოუცნობ საჰაერო ფენომენები შესაძლოა, სხვადასხვანაირად აიხსნას. ეს შეიძლება იყოს: ჩიტები, საჰაერო ბურთები, რაიმე ატმოსფერული მოვლენა, თუნდაც ყინულის კრისტალები ანდა სულაც გასაიდუმლოებული სამთავრობო პროექტები. უცხოპლანეტელი სტუმრების ვარიანტს არც უკრაინული უწყება განიხილავს და არც აშშ-ის.
აშშ-ის მთავრობამ ამოუცნობ საჰაერო ფენომენების გამოძიებისადმი ინტერესი 2017 წლიდან განაახლა — მას შემდეგ, რაც მედიაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მიერ გადაღებული რამდენიმე ვიდეო გავრცელდა. კადრებში ამოუცნობი საფრენი აპარატების უჩვეულო მოძრაობა ჩანდა ყოველგვარი განმარტების გარეშე.
შემდგომში მთავრობამ განაცხადა, რომ ჩანაწერი საიდუმლოებას აღარ წარმოადგენს, ახლახან კი გაამჟღავნა, რომ UAP-ების ამსახველი სხვა სამხედრო ჩანაწერებიც არსებობს, რომელთაც დაცვის დეპარტამენტი (DOD) ეროვნულ უშიშროებასთან დაკავშირებული მიზეზების გამო არ გამოაქვეყნებს.
წელს კონგრესმა დაცვის დეპარტამენტისათვის დაფინანსება დაამტკიცა, რათა ახალი ოფისი გახსნილიყო სპეციალურად აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ დაფიქსირებული UFO-ების საქმეთა განსახილველად. ახალი კვლევის ავტორების თქმით, უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია დაინტერესებულია, მიმდინარე კვლევაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.
კომენტარები