ჩინეთი მესამე ქვეყანა გახდა, რომელმაც მთვარის ახალი მინერალი აღმოაჩინა
ჩინელმა მეცნიერებმა მისია Chang'e 5-ის ფარგლებში დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრიდან მოპოვებული ნიმუშების კვლევის შედეგად მთვარის ახალი მინერალი აღმოაჩინეს.
მას მთვარის ჩინური ქალღმერთის, ჩანეს პატივსაცემად ჩანეზიტ–(Y) დაარქვეს. ეს გახლავთ ფოსფატის მინერალი, რომელიც სვეტოვანი სტრუქტურის მქონე კრისტალია. მას პეკინის ურანის გეოლოგიურ კვლევით ინსტიტუტში მომუშავე სპეციალისტებმა ჩვენი მეზობელი ციური სხეულიდან ჩამოტანილ ბაზალტურ ნაწილაკებში მიაგნეს, რისთვისაც რენტგენული დიფრაქციის მეთოდი გამოიყენეს.
უკანასკნელი აღმოჩენის შესახებ მეცნიერებმა 9 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. საერთაშორისო მინერალოგიური საზოგადოების (IMA) კომისიამ კი დაადასტურა, რომ საქმე მართლაც აქამდე უცნობ კრისტალთან გვაქვს.
აღსანიშნავია, რომ ეს მთვარის ახალი მინერალის აღმოჩენის მესამე შემთხვევაა, რითაც ჩინეთმა საკუთარი ადგილი ამერიკის შეერთებულ შტატებისა და საბჭოთა კავშირის გვერდით დაიკავა, რომლებმაც დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრიდან გეოლოგიური მასალა მისიების "აპოლო" და "ლუნა" განმავლობაში მოიპოვეს.
შეგახსენებთ, რომ ჩინური აპარატი მთვარეზე 2020 წლის დეკემბერში დაეშვა. მისი მიზანი ციური სხეულის ზედაპირიდან ნიმუშების შეგროვება და დედამიწაზე ჩამოტანა იყო, რაც წარმატებით განხორციელდა. მომდევნო ეტაპზე ქვეყანა იმავეს გაკეთებას მთვარის შორეულ მხარეს გეგმავს, რაც პირველი მსგავსი პრეცედენტი იქნება.
კომენტარები