ასტრონომებმა ულტრაცივი ვარსკვლავის მიმდებარედ 2 სუპერდედამიწა აღმოაჩინეს
ასტრონომთა საერთაშორისო გუნდმა ჩვენგან 100 სინათლის წლის მოშორებით მდებარე ულტრაცივი ვარსკვლავის მახლობლად 2 სუპერდედამიწა აღმოაჩინა. ასე ეწოდება ეგზოპლანეტებს, რომელთა მასაც დედამიწისას აღემატება, თუმცა ყინულის გიგანტებისას, როგორიც ურანი და ნეპტუნია, ჩამოუვარდება.
მათი მშობელი მნათობი მეორე ყველაზე ცივი ასეთი ობიექტია, რომლისთვისაც აქამდე მიგვიგნია. სისტემის ყველაზე შიდა ეგზოპლანეტა, LP 890-9b, დედამიწაზე 30%-ით დიდია და ვარსკვლავის გარშემო გადაადგილებას 2.7 დღეს ანდომებს. მისი მეზობელი ციური სხეული, LP 890-9c, ჩვენს პლანეტაზე 40%-ით დიდია და მისი ორბიტული პერიოდი 8.5 დღეა. ის სიცოცხლისთვის თავსებად ზონაში მოძრაობს, ანუ იქ, სადაც წყლის თხევადი სახით არსებობაა შესაძლებელი.
LP 890-9b პირველად ტელესკოპმა TESS დააფიქსირა, რომელიც ვარსკვლავთან პლანეტის ჩავლით გამოწვეულ სიკაშკაშის ცვლილებას აკვირდება. მონაცემების ავთენტურობა შემდეგ პროექტ SPECULOOS-ის ფარგლებში გამოყენებული ობსერვატორიების მეშვეობით დაადასტურეს და დამატებით LP 890-9c-იც აღმოაჩინეს.
ცივი ვარსკვლავების შემთხვევაში სხვა ტელესკოპების დახმარება საჭიროა, რადგან მათთვის მეტწილად ინფრაწითელი გამოსხივებაა დამახასიათებელი, რომელსაც TESS ისე კარგად ვერ აღიქვამს. სამაგიეროდ, სწორედ ამისთვისაა შექმნილი SPECULOOS-ის ტელესკოპები.
"ასეთი პლანეტები ზუსტად შეესაბამება დეტალურ ატმოსფერულ კვლევებსა და სიცოცხლის პოტენციური ქიმიური ნიშნების ძიებას ისეთი დიდი ობსერვატორიების დახმარებით, როგორიც ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპია", — აცხადებენ პროექტის წარმომადგენლები.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Astronomy & Astrophysics გამოქვეყნდა.
კომენტარები