ნახეთ: იუპიტერის ახალი ფოტო მის ნამდვილ ფერებს გვიჩვენებს
NASA-ს მიერ იუპიტერის შესასწავლად გაშვებულმა ზონდმა ჯუნომ 5 ივლისს პლანეტის ახალი ფოტო გადაიღო, რომელიც სააგენტომ ახლახან გამოაქვეყნა. მასზე ციური სხეულის ქაოსურ ატმოსფეროს ვხედავთ.
აპარატის მონაცემები მოყვარულმა მეცნიერმა, ბიორნ ჯონსონმა დაამუშავა. პირველ სურათზე ზუსტად ისეთი ფერებია ნაჩვენები, როგორსაც ადამიანის თვალი ჯუნოს ადგილზე ყოფნის შემთხვევაში აღიქვამდა, ხოლო მეორე გამოსახულებაზე ფერები უფრო მკვეთრია, რაც იუპიტერის ატმოსფეროს სტრუქტურას გამოკვეთს.
ზონდმა ეს კადრი პლანეტასთან ახლოს რიგით 43-ე ჩავლისას, JunoCam-ის სახელით ცნობილი ხელსაწყოს მეშვეობით დააფიქსირა. ამ დროს ის მზის სისტემის აირის გიგანტისგან 5 300 კილომეტრით იყო დაშორებული და მისი ღრუბლების თავზე 209 000 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებოდა.
აღსანიშნავია, რომ მარჯვენა სურათის ფერები ციური სხეულის ამ ნაწილის სხვადასხვა არეალის შემადგენლობას შეესაბამება და მძლავრი შტორმების სამგანზომილებიან გამოსახულებას წარმოგვიდგენს. ასევე, ზედა ატმოსფეროში არსებულ ღრუბლებს.
შეგახსენებთ, რომ ჯუნო კოსმოსში 2011 წელს გაუშვეს. ის იუპიტერს 2016 წლიდან იკვლევს და ეტაპობრივად მასთან საკმაოდ ახლო დისტანციაზე მიდის. წესით, ის ექსპლუატაციიდან 2021 წელს უნდა გასულიყო, თუმცა მისია სულ მცირე 2025 წლამდე გახანგრძლივდა.
კომენტარები