ჯეიმს ვების ტელესკოპმა სამყაროზე ჩვენი წარმოდგენები უკვე შეცვალა — როგორია უძველესი გალაქტიკები
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა (JWST) კაცობრიობას გაახედა ისე შორს როგორც არასდროს. ჩვენ კი ვიცით, რომ მეცნიერებაში ახალი ინფორმაცია ახალ შეკითხვებსაც აჩენს. და გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ამ ახალმა დაკვირვებებმა კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინეს.
მაგალითად, დიდი ხნის განმავლობაში, მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ სამყაროს ყველაზე ადრეული, უძველესი გალაქტიკები იყო პატარა, ქაოტური და არაფორმირებული სისტემები. თუმცა, Washington Post-ის თანახმად, JWST-ის მიერ გადაღებულმა სურათებმა აჩვენა, რომ ეს გალაქტიკები მასიურია, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ კომპლექსურობასა და გამართულობაზე. ეს აღმოჩენა ართულებს და, სავარაუდოდ, გადაწერს გრძელვადიან გაგებას ჩვენი სამყაროს წარმოშობის შესახებ.
"მოდელები ამას უბრალოდ არ პროგნოზირებდნენ. როგორ ქნა ეს სამყარომ ასე სწრაფად? როგორ ჩამოყალიბდა ამდენი ვარსკვლავი ასე უცებ? ეს ის შეკითხვებია რაც ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა უკვე გააჩინა", — ამბობს გართ ილინგვორტი, ასტრონომი კალიფორნიის უნივერსიტეტიდან.
ასევე: შემდეგი პოდკასტი: ჯეიმს ვების პირველი ფოტოები — რა დავინახეთ
ჰაბლს მიღმა
როგორც WaPo განმარტავს, სამყაროს უფრო ძველი გამოსახულებები, როგორიცაა ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპით გადაღებული ფოტოები, მიუთითებდა, რომ პირველი გალაქტიკები იყო ქაოტური და ჩამოუყალიბებელი. თუმცა, ჯეიმს ვების ტელესკოპმა ეს შეხედულება შეცვალა და გვეუბნება, რომ ეს აღმოჩენები ილუზია იყო. ამაში კი ჰაბლის შეზღუდული შესაძლებლობები იყო დამნაშავე.
"ჩვენ გვეგონა, რომ ადრეული სამყარო იყო ქაოტური ადგილი, სადაც ვარსკვლავები ქაოტურად წარმოქმნება და ყველაფერი ერთმანეთში არეულია", — ამბობენ მკვლევრები.
დროის მანქანა
მიუხედავად იმისა, რომ ამ აღმოჩენებმა გააკვირვა სამეცნიერო საზოგადოება, ისინი სულაც არ არის განგაშის მიზეზი. ძირითად ტექნოლოგიურ მიღწევებს, ასტრონომიაში და მის ფარგლებს გარეთ, ახასიათებს ძველის გადააზრება და პროგრესი სწორედ ამას მოაქვს. ახლა ნამდვილად ისეთი შეგრძნებაა, რომ ერთ-ერთ ასეთ წყალგამყოფ მომენტში ვართ და დღეს გაკეთებულმა აღმოჩენებმა შესაძლოა საფუძველი ჩაუყაროს მომავალ მიღწევებს, თუნდაც ათწლეულების შემდეგ.
და მართლაც, მსგავსი აღმოჩენები ნიშნავს, რომ ჯეიმს ვები აკეთებს ზუსტად იმას, რაც მეცნიერებს სურთ — ავლენს ახალს, პასუხობს ძველ კითხვებს და ასევე აჩენს ახალს. ვნახოთ რა იქნება შემდეგი.
კომენტარები