ამაზონის ჯუნგლებში მცხოვრები ტომის უკანასკნელი წარმომადგენელი დაიღუპა — 26 წელი მარტოობაში
ბრაზილიაში მდებარე რონდონიის შტატში, ამაზონის ჯუნგლებში განლაგებულ ტანარუს აბორიგენთა ტერიტორიაზე მცხოვრები ტომის უკანასკნელი წარმომადგენელი დაიღუპა. ადამიანს, რომლის სახლიც 8 000 ჰექტარზე გადაჭიმული ტყე იყო, "ხვრელის კაცს" უწოდებდნენ, რადგან სანადიროდ, დასამალად ან საცერემონიო დანიშნულებით მიწაში ღრმულებს თხრიდა.
მან სრულ მარტოობაში 26 წელი გაატარა. მისი საცხოვრებელი არეალი ფერმებითა და რანჩოებით კუნძულის მსგავსადაა გარშემორტყმული და მათი რაოდენობა დღითიდღე იზრდება. ასევე, ეს ტერიტორია ხის მჭრელებისა და წიაღისეულის მომპოვებელთა ინტერესის ობიექტიცაა.
"ის კოლონიზაციის სახელით აბორიგენი მოსახლეობის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და სისასტიკის, ასევე, მათი სიმტკიცის სიმბოლოდ იქცა. ალბათ, მხოლოდ თუ წარმოვიდგენთ, რა საშინელებების მომსწრე გახდა თავისი სიცოცხლის განმავლობაში და რამდენად მარტოსული იყო მას შემდეგ, რაც ტომის დანარჩენი წევრები დახოცეს. ამის მიუხედავად, ის გაბედულად ეწინააღმდეგებოდა კონტაქტის ნებისმიერ მცდელობას და ყველანაირად გვაგრძნობინებდა, რომ მარტო ყოფნა სურდა", — აცხადებს ტომების უფლებების დამცველი ორგანიზაციის Survival International-ის წარმომადგენელი, ფიონა უოტსონი.
საქმე იმაშია, რომ 1970-იანი წლებიდან "ხვრელის კაცის" ტომს მიწის მისათვისებლად მრავალჯერ დაესხნენ თავს, რა დროსაც მისი წევრები მოწამლეს და დახოცეს. ადრეულ 1990-იან წლებში მხოლოდ 7 ადამიანი იყო გადარჩენილი, რომელთაგანაც 6 წიაღისეულის უკანონოდ მომპოვებლებმა მოკლეს. მათ სახელმწიფო არ იცავდა, შესაბამისად, ჩადენილ დანაშაულზე პასუხი არავინ აგო.
ბრაზილიაში არსებულ ორგანიზაციას FUNAI 1 წელი დასჭირდა იმის გასაგებად, რომ ტომის უკანასკნელი წარმომადგენელი ცოცხალი იყო. ამის შემდეგ მას თვალყურს ადევნებდნენ. 1998 წელს "ხვრელის კაცის" საცხოვრებელ ტერიტორიაზე შესვლა მკაცრად აიკრძალა, თუმცა 2009-ში FUNAI-მ იქ ვაზნებს მიაგნო და მათ "საგუშაგოში", სადაც კაცის დასაცავად ადამიანებს პერიოდულად გზავნიდნენ, დაზიანების კვალიც აღმოაჩინა.
მათ მასთან კომუნიკაცია რამდენჯერმე სცადეს, თუმცა უშედეგოდ, ამიტომ ჯუნგლების მკვიდრის სურვილი გაითვალისწინეს და აღარ შეუწუხებიათ. მსგავსი ორგანიზაციები ახლა მოითხოვენ, რომ ტანარუს აბორიგენთა ტერიტორია მუდმივად დაცული იყოს, როგორც ამ ხალხის გენოციდის ერთგვარი მემორიალი.
ისინი შიშობენ, რომ თუ მსგავსი ხოცვა-ჟლეტის ფაქტები ისევ და ისევ განმეორდება, ქვეყანაში მცხოვრები აბორიგენი მოსახლეობა მთლიანად განადგურდება. ამას კი თავად ქვეყნის პრეზიდენტი უწყობს ხელს, რომელიც ამაზონს აგრობიზნესისთვის იყენებს. ამ ადგილის დიდი ნაწილი უკვე საგრძნობლადაა გაუტყეურებული და, ზოგის აზრით, თუ ბოლსონარუ ისევ პრეზიდენტად დარჩება, ჯუნგლების ეკოსისტემას კოლაფსი ემუქრება.
კომენტარები