ნახეთ: ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა აინშტაინის რგოლი დააფიქსირა
ივლისში ჯეიმს ვების პირველი ფოტოები ვიხილეთ, რასაც ყველანი მოუთმენლად ველოდით. მას შემდეგ კიდევ არაერთი შთამბეჭდავი გამოსახულება გავრცელდა, მათ შორის სპირალური გალაქტიკებისა და ჩვენი მზის სისტემის აირის გიგანტის — იუპიტერის.
მსოფლიოში უმძლავრესი ობსერვატორია ჩვენ გაოცებას დღითიდღე განაგრძობს. ახლა მან იშვიათი ფენომენი დააფიქსირა, რომელსაც აინშტაინის რგოლს (ბეჭედს) უწოდებენ. სურათზე კაშკაშა სფერო და მის გარშემო შემოვლებული ნათელი რგოლია ნაჩვენები. ეს გალაქტიკაა, რომლისგანაც დაახლოებით 12 მილიარდი სინათლის წელი გვაშორებს.
ის SPT-S J041839-4751.8-ის სახელითაა ცნობილი და მიზეზი, რომლის გამოც მას მსგავსი სახით ვხედავთ, გრავიტაციული ლინზირებაა. ამ დროს სინათლის წყაროსა და დამკვირვებელს შორის არსებული მასიური ობიექტის ან ობიექტების მძლავრი გრავიტაცია სხივებს ამრუდებს, რის შედეგადაც ვიღებთ ეფექტს, რომელიც სწორედ აინშტაინმა იწინასწარმეტყველა.
აინშტაინის რგოლის ეს ფოტო Reddit-ის მომხმარებელმა, ასტრონომიის ფაკულტეტის სტუდენტმა, Spaceguy44-მა გამოაქვეყნა. მისი თქმით, ამგვარი ფენომენი ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპსა და SPT-S J041839-4751.8-ს შორის მოქცეულმა მასიურმა გალაქტიკამ გამოიწვია. ის რომ არა, ამ ობიექტს ვერ დავინახავდით, ახლა კი მისი შესწავლის საშუალება გვაქვს.
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ფენომენები საკმაოდ იშვიათია, ისინი აქამდე ჰაბლსაც დაუფიქსირებია. თავად SPT-S J041839-4751.8 კი ვებმა უკვე მეორედ გადაიღო. პირველად ეს აგვისტოში მოხდა, როცა ობსერვატორიამ ახლო ინფრაწითელი კამერა (NIRCam) გამოიყენა, მაგრამ შედეგად მიღებული სურათი ბევრად ბუნდოვანი იყო.
უკანასკნელი გამოსახულება კი მან შუა ინფრაწითელი კამერის (MIRI) მეშვეობით გადაიღო. ის სამ ფილტრს აერთიანებს: წითელს, რომელიც 10 მიკრომეტრი ტალღური სიგრძის სინათლეს აღიქვამს, მწვანეს, რომელიც 7.7 მიკრომეტრზეა კონცენტრირებული და ლურჯს, რომელიც 5.6 მიკრომეტრისკენაა მიმართული.
Spaceguy44-მა ეს მონაცემები პორტალ MAST-იდან გადმოიწერა, კადრები ერთმანეთს შეუსაბამა, პროგრამა Astropy-ს დახმარებით გააფერადა და GIMP-ის მეშვეობით დაამუშავა.
კომენტარები