ჩინეთს გაერთიანებული სამეფოს ნახევარი მილიონი მოქალაქის გენეტიკურ მონაცემზე აქვს წვდომა — საფრთხეები
ერთი მხრივ, მეცნიერების ღიაობა და განვითარებაა და, მეორე მხრივ, ეროვნული უსაფრთხოების საკითხი
ოფიციალურ პეკინსა და დასავლეთს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე განიხილება ჩინეთისთვის ბიოსამედიცინო მონაცმეთა ბაზიდან ნახევარი მილიონი ბრიტანელის გენეტიკური მონაცემების გადაცემის შეწყვეტა.
UK Biobank აღნიშნავს, რომ მათ 300-მდე პროექტი ჰქონდათ, რომელთა ფარგლებში ჩინელ მკვლევრებს მოხალისეთა "დეტალურ გენეტიკურ მონაცემებზე" ან ჯანმრთელობის სხვა ინფორმაციაზე ჰქონდათ წვდომა.
UK Biobank-ის პროექტი 2006 წლიდანაა აქტიური და მას ნაწილობრივ ჯანდაცვის დეპარტამენტიც აფინანსებს. მიზანს მეცნიერების მეტად ღიაობის მიღწევა წარმოადგენს, ამიტომ მთელი ამ დროის მანძილზე მის ბაზაში 500 000 ადამიანის გენეტიკური და ჯანმრთელობის მონაცემი შეგროვდა.
ანონიმური მონაცემები ზიარდებოდა სიმსივნის, დეპრესიის და სხვა პრობლემების საკვლევად. ბრიტანული მხარე არც ვარაუდობდა, რომ მას სხვა მიზნით ან მონაწილეთა ანონიმურობის დარღვევით იყენებდნენ.
Biobank-ის განცხადებით, მონაცემებს მარტო კეთილსინდისიერ მკვლევრებს აძლევდნენ, რომლებიც უნდა დათანხმებულიყვნენ მათ უსაფრთხო დაცვაზე და მხოლოდ სპეციფიკური მიზნით გამოყენებაზე. მათი თქმით, ამ კვლევებზე მკაცრი კონტროლი ხორციელდებოდა.
მონაცემთა გაზიარება გეოპოლიტიკური ურთიერთობების ცვლილებების ფონზე განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. ანალიტიკოსები იმ რისკებსაც უსვამენ ხაზს, რომლებიც გაერთიანებული სამეფოს მიერ საკუთარი საზღვრების მიღმა მონიტორინგის სირთულესა და ჩინეთის მხრიდან შესაბამისი ინფორმაციის არგადაცემას უკავშირდება.
Biobank კი აღნიშნავს, რომ მკვლევრებს ხელშეკრულება ავალდებულებდა, მონაცემები შეთანხმებული მიზნით გამოეყენებინათ. თუმცა ურთიერთობა ეფუძნებოდა ნდობას და საკუთრივ Biobank-ს არ შეეძლო პროექტების განხორციელებისას ახლო კონტროლი განეხორციელებინა. ზოგიერთ პროექტში კი ბრიტანეთი საერთოდ არ იყო ჩართული.
King's College-ის პროფესორმა ჯონათან ადამსა თქვა, რომ ჩინეთთან "ღია, პოზიტიური ურთიერთობით ჩვენ დიდ სარგებელს მივიღებდით", თუმცა ახლანდელი ურთიერთობი მეტად ეფუძნება ფორმალურ შეთანხმებებს, რომლებიც ეფექტური იქნებოდა, თუ ტრადიციულ პარტნიორთან გვექნებოდა საქმე". "ჩინეთი განსხვავებულია. ის მოკლე დროში საჯარო კვლევის კულტურად ტრანსფორმირდა და ის ნორმები, რომლებიც ჩვენთვისაა მისაღები, არაა ყველას მიერ გაზიარებული", — აღნიშნა მან.
პროფესორმა ივეს მორეაუმ (გენეტიკოსი, რომელიც ბრიტანელების მიერ მიწოდებულ ბიომასალაზე მუშაობდა) თქვა, რომ მეცნიერებს ჰქონდათ "მორალური ვალდებულება", გაეზიარებინათ ცოდნა, თუმცა წუხდნენ პოტენციური რისკების გამო, რომ მოხდებოდა ამ მონაცემების სხვა მონაცემებთან კომერციული მიზნით დაკავშირება ან მათი გადაცემა მთავრობისთვის.
"როგორ მოვიქცევით, თუ ინსტიტუტი ან მთავრობა მხარს დაუჭერს მეცნიერის მიერ მონაცემების არამიზნობრივ გამოყენებას? ჩვენ არ ვართ ამისთვის მომზადებულნი?" — თქვა მან.
2012 წლიდან იმ მკვლევრებს, რომლებმაც აკრედიტაცია გაიარეს, £3000-დან £9000-მდე გადახდით მონაცემებზე წვდომის უფლება მიეცათ. სხვათაშორის, მათ მიერ ჩატარებული კვლევებით მეცნიერებმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს სიმსივნის, გულის შეტევის და კოვიდ-19-ის სპეციფიკის შესახებ.
2012 წელს გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ჩინეთთან განსაკუთრებულ პარტნიორობას უჭერდა მხარს. ამის შედეგი იყო 2014-2019 წლების კოლაბორაციის "ოქროს ხანა".
თუმცა დროსთან ერთად ურთიერთობების ინტენსივობაც (ერთი მხრივ, ტაივანის და, მეორე მხრივ, ჰონგ კონგში მიმდინარე მოვლენების გამო) შემცირდა. გასულ თვეში MI5-ისა და FBI-ის ხელმძღვანელებმა ჩინეთის მხრიდან ტექნოლოგიების მოპარვის საფრთხეებზე ისაუბრეს. ჩინეთმა, როგორც ყოველთვის, ამ ბრალდებებს ტყუილი უწოდა.
ამასობაში გაერთიანებული სამეფოს ეროვნული ინფრასტრუქტურის დაცვის ცენტრმა მარტში გააფრთხილა მთავრობა, რომ ჩინეთის დაზვერვის ეროვნული კანონი — რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და დაზვერვას უფლებას აძლებს, მოსთხოვოს კერძო ბიზნესსა და პირს მის ხელთ არსებული მონაცემები — გავლენას იქონიებს ბრიტანეთის მიერ ჩინური უნივერსიტეტებისთვის გადაცემული მონაცემების მონიტორინგზე.
ჩინეთის მთავრობამ ღიად განაცხადა, რომ ჯანმრთელობის სფერო, კერძოდ, გენომი, მათი სტრატეგიული მიმართულებაა და "აწარმოე ჩინეთში 2025-ის" პრიორიტეტად გამოცხადა. აშშ-ის დაზვერვის ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთი მთელი მსოფლიოდან აგროვებს ადამიანების გენეტიკურ მონაცემებს და ამ გზით ქმნის მსოფლიოს უდიდეს ბიომონაცემთა ბაზას. ამავე დროს ჩინეთი ეროვნული უსაფრთხოების მიზნით თავად უკრძალავს უცხოელ მკვლევრებს საკუთრივ ჩინელი მოქალაქეების მონაცემების შეგროვებას.
UK Biobank აღნიშნავს, რომ ისინი მსოფლიოს 100 ქვეყნის მკვლევრებს უზიარებდნენ შეგროვებულ მონაცემებს "თანასწორი, გამჭვრივალე და არადისკრიმინაციული" ღია პოლიტიკის ეგიდით და ამიტომ არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ ამ ქვეყნებს შორის ჩინეთიც იყო.
მარკ ეფინგმა, Biobank-ის დირექტორის მოადგილემ თქვა: "ჩვენ ვითვალისწინებთ ეროვნული უსაფრთხოების რისკებს და ღია ვართ მათავრობასთან თანამშრომლობისთვის, თუმცა, ამავე დროს, ღია მეცნიერებისა და გლობალური საჯარო ჯანდაცვის დაწინაურების ერთგულნი ვრჩებით. რაც უფრო მეტი მეცნიერული მონაცემი გვექნება, მით მეტად გამარტივდება დაავადებების პრევენცია, დიაგნოზი და მკურნალობა".
კომენტარები