მეცნიერებმა მარსზე ჟანგბადის წარმოქმნის ახალ მეთოდს მიაგნეს
მარსის კოლონიზაცია სულ უფრო რეალური ხდება; თუმცა, ჯერ კიდევ დიდი გამოწვევაა - რითი ვისუნთქებთ წითელ პლანეტაზე. თუ ძალიან დაბალი ტემპერატურა და კოსმოსური რადიაცია არ მოგვკლავს, სუნთქვისთვის გამოუსადეგარი აირი უდავოდ გახდება ჩვენი სიკვდილის მიზეზი. ახლა, მეციერთა გუნდმა ამ პრობლემის მოსაგვარებლად ახალი მეთოდი შემოგვთავაზა — ნახშირორჟანგის (რომელიც მარსზე უხვადაა) გახლეჩა ნახშირბადად და ჟანგბადად.
დედამიწის მიღმა ადამიანთა დასახლების და გადარჩენის მთავარი ბარიერი არის ადგილზე არსებული რესურსების არგამოყენება ან მათი საერთოდ არარსებობა. სანამ ადამიანები მაქსიმალურად რაციონალურად არ გამოიყენებენ მარსზე არსებულ რესურსებს, რათა იქ იცხოვრონ, ჩვენი სახეობა ვერ დასახლდება წითელ პლანეტაზე.
მეცნიერთა გუნდმა არათერმული პლაზმის გამოყენება შემოგვთავაზა: ელექტრობით დამუხტული გაზი, რომლის ელექტრონების მიმართვაც ნახშირორჟანგის მოლეკულის ნახშირბადისა და ჟანგბადის ატომებად დასაშლელად შეიძლება. ლაბორატორიულ პირობებში გუნდმა მოახერხა პლაზმის გაციება მარსის ტემპერატურაზე. კვლევა ჟურნალში Applied Physics გამოქვეყნდა.
"მარსზე არსებული ბუნებრივი პირობები იდეალურია პლაზმის მიერ ადგილზე არსებული რესურსების გამოსაყენებლად", — ამბობს ვასკო გუერა, ლისაბონის უნივერსიტეტის ფიზიკოსი. "კერძოდ, ატმოსფეროს შემადგენლობა, გარემოს წნევა და ტემპერატურა პლაზმური პროცესების სასარგებლოდ მოქმედებენ".
მარსზე ჟანგბადი ჯერ კიდევ შარშან გამოყვეს. გასულ წელს MOXIE-ის ექსპერიმენტის ფარგლებში NASA-ს მარსმავალმა Perseverance-მა პლანეტის ატმოსფეროდან მცირე რაოდენობით (5 გრამი) ჟანგბადი გამოჰყო. MOXIE იყო ერთგვარი ტესტი, შესაძლებელია თუ არა მარსის ატმოსფეროდან ჟანგბადის მიღება. ახლა ეს დამტკიცებულია და ადამიანები გამოყოფილი ჟანგბადის მოცულობის ზრდაზე მუშაობენ.
ასევე იხილეთ: პირველად ისტორიაში — Perseverance-მა მარსზე ნახშირორჟანგი ჟანგბადად გარდაქმნა
ჟანგბადი ადამიანებს სუნთქვისთვის სჭირდებათ, თუმცა ის ასევე აუცილებელია საწვავისა და სასუქების წარმოებისთვის. ნახშირბადის მონოოქსიდს ასევე კოსმოსური ხომალდის საწვავისთვისაც იყენებენ. მოკლედ რომ ვთქვათ, ადამიანი ძალიან ბევრ სარგებელს მიიღებს, თუ შეძლებს მარსის ატმოსფეროს გაყოფას მის შემადგენელ ერთეულებად.
არათერმული პლაზმითა და გამტარი მემბრანებით ნახშირორჟანგის გახლეჩა და შემადგენელი ერთეულების შენახვა ახალი ტექნოლოგიაა, რაც ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ საჭიროა დრო, სანამ ადამიანები რეალურად იქნებიან მზად, მარსზე დასახლდნენ და ადგილობრივი რესურსები გამოიყენონ. რაც არ უნდა იყოს, ეს დედამიწის მიღმა არსებული გარემოს ათვისებისკენ გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
კომენტარები