უკვე მრავალი წელია, მსოფლიოში მოსწავლეებისა თუ სტუდენტების ცოდნის შესაფასებლად გამოცდებს იყენებენ, თუმცა, ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის მკვლევართა მტკიცებით, ამისათვის ნიშნებზე ზუსტი მეთოდიც არსებობს — ტვინის სკანირება.

მეცნიერებმა კვლევა უნიკალურ სასწავლო გეგმაზე (2005 წელს ჯეიმს მედისონის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი "გეოსივრცითი კურსი") ააგეს, რომელსაც ვირჯინიის ზოგიერთ კერძო სკოლაში იყენებენ. იგი სივრცით აზროვნებაზეა ორიენტირებული — გონების შესაძლებლობაზე, გამოიყენოს სხვადასხვა უნარი, ცოდნა და ქმედება გარემომცველი სივრცისა და ობიექტების, ასევე მათი მახასიათებლების, გასაგებად. ეს ერთგვარი ძალაა, გონებრივად წარმოადგინო და მართო სხვადასხვა ტიპის სივრცითი ინფორმაცია, მაგალითად, რუკაზე რაიმე ადგილი მოძებნო.

იმ მოსწავლეთა ცოდნის შესაფასებლად, რომელთაც ზემოხსენებული გეგმით ისწავლეს, ნაშრომის ავტორებმა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) და, მეორე მხრივ, ტრადიციული საგამოცდო ტესტები გამოიყენეს. შედეგად დადგინდა, რომ გამოცდის ქულებთან შედარებით ტვინის სკანირებამ უკეთესად განჭვრიტა, თუ რამდენად აითვისეს მათ სივრცითი აზროვნების კურსი.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია "შორი ტრანსფერის" შესახებაც გვთავაზობს დეტალებს — კოგნიტიური დასწავლის გაუმჯობესებული ტიპის, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს, ცოდნა ისეთი პრობლემების გადასაჭრელად გამოიყენოს, რომელთა გადაჭრაც მას არასოდეს უსწავლია.

რა თქმა უნდა, გამოცდებს შეუძლია, მოსწავლეებში დისციპლინა, თვითკონტროლი თუ ჯანსაღი კონკურენცია გააღვივოს და მათ საკუთარი ძლიერი თუ სუსტი მხარეების ამოცნობაში დაეხმაროს. ეს მათი ფსიქოლოგიური და პიროვნული განვითარების მნიშვნელოვანი ასპექტია, ამიტომაც, მეცნიერები არ ფიქრობენ, რომ იგი ტვინის სკანირებით უნდა ჩავანაცვლოთ, ძვირი და დროის კუთხით მოუხერხებელი მეთოდით.

ამის სანაცვლოდ, შესაძლებელია, სკანირება ისეთი კურსების საპოვნელად გამოვიყენოთ, რომლებიც მოსწავლეთა დასწავლის შესაძლებლობებს ყველაზე უკეთ გააუმჯობესებს. ტვინის სკანირებისაგან მოპოვებული მონაცემები საგანმანათლებლო დაწესებულებებში მეტად ეფექტური სასწავლო გეგმის შერჩევასა და დანერგვაში დაგვეხმარება.

ავტორები აღნიშნავენ, რომ ფსიქოლოგებმა და ნეირომეცნიერებმა დაზუსტებით ჯერაც არ იციან, ავსებს თუ არა ვერბალური და სივრცითი აზროვნება ერთმანეთს, თუმცა კვლევის შედეგები ამ დაბნეულობას ამცირებს: სკანირებისაგან მოპოვებული მონაცემების მიხედვით, სივრცითი აზროვნების დასწავლისას მოსწავლეებს ვერბალური მსჯელობის უნარიც გაუუმჯობესდათ.

კვლევის ერთ-ერთი ავტორის თქმით, ცდის მნიშვნელოვანი შეზღუდვა იმაში მდგომარეობს, რომ იგი რეალურ საკლასო გარემოში ჩატარდა და მოსწავლეები შემთხვევითობის პრინციპით ვერ შეირჩა. არ იყო გამოყენებული საკონტროლო ჯგუფიც. მიუხედავად ამისა, მიკერძოების შესამცირებლად მათ PSM ექსპერიმენტული ტექნიკა გამოიყენეს.

სამომავლოდ მეცნიერებს კვლევის შედეგების გამეორება სურთ, რათა მათი სანდოობა დადასტურდეს. ნაშრომის წაკითხვას ჟურნალში Science Advances შეძლებთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.