ზაფხულში ზღვის მზიან პლაჟზე მოკალათებას და წიგნის კითხვას არაფერი სჯობს!

მოიცა, იქნებ მთა გირჩევნია? ან ჰამაკში წამოწოლა სოფლად? სულაც საკუთარი აივანი, სადაც ფეხები მოაჯირზე შეგიძლია შემოაწყო?

რაც უნდა იყოს, ვთანხმდებით, რომ ზაფხულის არდადეგებზე ან შვებულებაში წიგნის კითხვა მისწრებაა. ჰოდა, ჩვენც გადავწყვიტეთ, ეს ამბავი კიდევ უფრო მოგანდომოთ — და როგორ, თუ არა მადის აღმძვრელი წიგნების ფოტოებით...

1. დაიწყე კითხვა ზღვაზე

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

არაფერი უხდება ზაფხულს ისე, როგორც ეგზოტიკა. და, მართალია, იაპონელი მწერალი მსოფლიოში უკვე ძალიან ცნობილი და გავლენიანი ავტორია, ჰარუკი მურაკამის წიგნები ეგზოტიკურობის განცდას არ კარგავს. ზაფხულს კიდევ მუსიკა და დაძაბული სიუჟეტის მქონე ამბების მოყოლა უხდება, ასე რომ თუკი ამ ყველაფრის გამოცდას გადაწყვეტ, შეგიძლია, დასასვენებლად წასვლისას კაფკა პლაჟზეც გააყოლო ხელს.

2. დაიწყე კითხვა აგარაკზე

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ძალიან ცნობილი ირლანდიელი მწერლის, სალი რუნის, არაერთი პრემიის მფლობელი ჩვეულებრივი ადამიანები ასევე მშვენიერი საზაფხულო საკითხავია. განსაკუთრებით, თუკი დასვენებისას ადამიანურ ურთიერთობებზე მსუბუქად დაწერილი წიგნების წაკითხვას ამჯობინებ. რუნის რიგით მეორე რომანი მსოფლიო ბესტსელერი გახდა და არაერთი ვარსკვლავის შვებულებაში საკითხავი წიგნების სიასაც მიემატა. ჩვეულებრივი ადამიანების მიხედვით გადაღებულია მინისერიალიც, რომლიც ნახვასაც აუცილებლად მოასწრებ ამ ზაფხულს, რადგან წიგნი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დიდხანს არ დაგაყოვნებს.

3. დაიწყე კითხვა არდადეგებზე

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ზაფხულზე ყველას გვახსენდება არდადეგები და ბავშვობაში წაკითხული წიგნები. არდადეგები ხომ სწორედაც რომ ზედმოჭრილი დროა საინტერესო თავგადასავლებისა და უცხო სამყაროებში დაკარგვისათვის. აი, ნორვეგიელი ავტორის, არნფინ ქოლერუს კეთილიონი სწორედაც რომ უჩვეულო ამბებზე მოგვითხრობს, თანაც საზაფხულო იუმორით. რას იზამდით, ლატარიაში უზარმაზარი თანხა რომ მოგეგოთ? აი, ეს საფიქრალი აქვთ პატარა სოფელში მცხოვრებ ფრანკსა და დედამისს. მერე კი დედა ძალიან უჩვეულო გადაწყვეტილებას იღებს...

კეთილიონს რომ მორჩებით, კიდევ ერთი ნორვეგიელი მწერალი, მარიანე კაურინი, შეგიძლიათ გაიცნოთ. კაურინის საბავშვო რომანი ჩვენი სამხრეთი პატარა ინას საზაფხულო თავგადასავალზე გვიყვება და გვარწმუნებს, რომ არდადეგებზე უჩვეულო ამბები ყველგან შეიძლება გადაგვხდეს თავს. მათი ძებნა არც გვჭირდება, ისინი თავად გვპოულობენ. მთავარია, სწორი წიგნი შევარჩიოთ.

4. დაიწყე კითხვა სოფლად

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

რატომღაც თუ ფიქრობ, რომ არდადეგები მეტისმეტად გაგრძელდა, კიდევ ორი წიგნი შეგიძლია მიამატო საკითხავების სიას. ჯენი პირსონის ჩვენი საოცარი რეკორდი მსოფლიო რეკორდების და უჩვეულო ფაქტების კრებული ნამდვილად არაა, მაგრამ მაინც გვეუბნება, რა ძალა აქვს მონდომებასა და სიყვარულს. 11 წლის ლუსი ხომ სწორედ ასე გადაწყვეტს რეკორდის დამყარებას — დიდი სიყვარულითა და სურვილით, დაეხმაროს დედას.

აი, უჩვეულო ფაქტებზე ცოტა უფრო მეტს კი აუცილებლად გაიგებ ლუსის თანატოლი ფრედისგან, რომელიც ჯენი პირსონის სხვა წიგნის — ფრედი იეიტსის სუპერ სასწაულებრივი მოგზაურობა — გმირია. რეკორდების ამბისა არ იყოს, ეს წიგნიც უფრო მეტად სიყვარულზე და ოჯახის მნიშვნელობაზეა. ფრედს გაუგონარი ამბები სწორედ თავისი ოჯახის ძიებისას შეემთხვევა.

5. დაიწყე კითხვა სანაპიროზე

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ვერ დამაჯერებ, რომ თუ წაკითხვა ვერ მოასწარი, სადმე მაინც არ გადააწყდი თამთა მელაშვილის წიგნს შაშვი შაშვი მაყვალი, რომელიც ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული რომანი აღმოჩნდა. 2021 წელს გამოცემული წიგნმა ლიტერატურის არაერთი კრიტიკოსის აღფრთოვანებული გამოხმაურება დაიმსახურა, მერე კი წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული პრემია, საბაც, აიღო. მარტოხელა ეთეროს წარმოუდგენელი ისტორიის მიხედვით ზუგდიდის თეატრში სპექტაკლიც დადგეს, ახლა კი წიგნის ეკრანიზაციაზე რეჟისორი ელენე ნავერიანი მუშაობს.

6. დაიწყე კითხვა პარკში

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

არც ჩარლზ დიკენსს და არც მის რომელიმე რომანს განსაკუთრებული წარდგენა ალბათ არ სჭირდება. ორი ქალაქის ამბავი ერთდროულად არის ეპოქალური ნაწარმოები და ყველა დროის ბესტსელერი წიგნი — მსოფლიოში მისი 200 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. რატომღაც, ზაფხულში დასვენებისას ზოგი კლასიკის წაკითხვას უფრთხის და ისეთ წიგნებს ამჯობინებს, რომელთა აღწერაშიც "მსუბუქია" ნახსენები. თუმცა, სწორედ დიკენსმა დაამსხვრია ის სტერეოტიპი, რომ კლასიკა აუცილებლად მეტისმეტად რთული ენით დაწერილი ტექსტი უნდა იყოს. მწერლის ენა იმდენად ცოცხალია, რომ საუკუნენახევრის შემდეგაც კი თვალწინ დაგიდგებათ იმჟამინდელი ლონდონისა და პარიზის პეიზაჟები. ეს კი, რა თქმა უნდა, წიგნის მთარგმნელის, შეუდარებელი ლელა დუმბაძის დამსახურებაცაა.

7. დაიწყე კითხვა მთაში

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ავტორის, დათო ტურაშვილის, რომანი ჯინსების თაობა, რომელიც ნამდვილ ამბებს ეფუძნება, უკვე რამდენი წელია, ბესტსელერების სიებს არ შორდება. "თვითმფრინავის ბიჭების" ისტორიის შესახებ დაწერილი წიგნი პირველად 2008 წელს გამოიცა, მას შემდეგ კი 17 ენაზე ითარგმნა. გასაკვირი არაა, რომ რომანი დღემდე რჩება ახალგაზრდების საყვარელ საკითხავად. თავისუფლებაზე დაწერილი წიგნის წაკითხვა კი ალბათ უპრიანი იქ არის, სადაც ამას ყველაზე მეტად ვგრძნობთ — მთაში.

8. დაიწყე კითხვა გზაში

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ანა კორძაია-სამადაშვილის წიგნებზე ალბათ ვერასდროს მოვყვებით ისე, როგორც ისინი იმსახურებენ. მწერლის მიბაძვით ვიტყოდი, რომ ეს "სრულიად ბუნებრივი ამბავია", რადგან ანასავით კარგი მთხრობელი ცოტა თუ დადის დედამიწაზე. მაგრამ, ისევე, როგორც ავტორის სხვა ტექსტებში, ზინკა ადამიანშიც ენაზე უფრო მნიშვნელოვანი მაინც ამბავია. ეს ამბავი კვლავაც ძალიან გულში ჩამწვდომი, ცოტათი სევდიანი, მაგრამ საბოლოოდ მაინც თბილი მონათხრობია. სითბო კი ზაფხულში ისედაც არ გვაკლია, მაგრამ სხვა ბევრ ღირსებებთან ერთად ამ წიგნს ერთი დიდი უპირატესობაც აქვს — თავისუფლად წაიკითხავ გზაში.

9. დაიწყე კითხვა პიკნიკზე

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

კიდევ ერთი ცნობილი თანამედროვე ქართველი ავტორი არჩილ ქიქოძეა, რომლის 2016 წელს გამოცემული სამხრეთული სპილო ბესტსელერად იქცა და რამდენიმე ენაზე ითარგმნა. რომანი ლიტერას და ილიაუნის ლიტერატურული პრემიის პრიზიორიც გახდა. მოგვიანებით, ქიქოძემ დოკუმენტურ პროზაშიც მოსინჯა ძალები და ნორვეგიული დღიური დაწერა, რომელიც ასევე გახდა პრემიების ნომინანტი. ამჯერად, მწერლის ბოლო ნამუშევარი ისევ რომანია — ხვლიკი საფლავის ქვაზე — რომელიც გასულ წელს გამოიცა და უკვე მიიქცია მკითხველთა ფართო წრის ყურადღება. წიგნი ასევე მოხვდა პრემია საბას წლევანდელ მოკლე სიაშიც.

10. დაიწყე კითხვა მდელოზე

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

დაბოლოს — ქართველი ავტორებიდან ისევ თარგმანებს ვუბრუნდებით. ბუნებაში განმარტოებისთვის საკითხავად გერმანელ-შვეიცარიელი მწერლის, ჰერმან ჰესეს, ზიდჰარტა შეგირჩიეთ, რომელიც ყოფით ამბებს, მათ შორის, სიცხეს, ადვილად დაგავიწყებს. თუკი გადაწყვეტ, როგორც ერთი ქართველი ტელეწამყვანი იტყოდა, წიგნის კითხვის საათები სულიერის განვითარებისთვის ზრუნვას მოახმარო, ზიდჰარტა საუკეთესო არჩევანი იქნება.


სადაც უნდა კითხულობდე, საზაფხულოდ სასურველი ლიტერატურის მომარაგებაში სულაკაურის გამომცემლობა დაგეხმარება. სწორედაც იმიტომ, რომ არდადეგებზე ან შვებულებაში რაც შეიძლება, მეტი წიგნი წაიკითხო, გამომცემლობის ვებსაიტსა და წიგნის მაღაზიებში განსაკუთრებული ფასდაკლება დაგხვდება.