Breakthrough Energy Ventures კლიმატის ცვლილებაზე ორიენტირებული ვენჩორული კაპიტალის კომპანიაა, რომელიც ბილ გეიტსმა 2015 წელს შექმნა. ახლახან კომპანიამ იზრუნა ამერიკულ სტარტაპ Terabase Energy-ის დაფინანსებაზე. ეს უკანასკნელი "ტერავატის მასშტაბის" მზის ელექტროსადგურების შექმნას ისახავს მიზნად. სტარტაპი მშენებლობის პროცესში რობოტებს იყენებს.

გარიგების ფარგლებში, Energy Ventures-ისა და ინვესტორის — Prelude Ventures ერთობლივი ძალებით, Terabase Energy-ის ინვესტიციების რაუნდი 52 მილიონ დოლარიანი დაფინანსებით დასრულდა.

სტარტაპის თანადამფუძნებლისა და CEO-ს, მეთ კემბელის თქმით, Terabase Energy-ის მიზანია, რობოტების გამოყენებით, "ტერავატის მასშტაბის" მზის ელექტროსადგურების შექმნა.

რა გავლენას ახდენს ავტომამტიზაცია მზის ელექტროსადგურების მშენებლობაზე? აჩქარებს თუ არა ეს პროცესს?

სტარტაპი ავტომატიზირებული მშენებლობისთვის იყენებს რობოკიდურებს, რომელიც მზის დიდ პანელებს წევს და ტრეკერებზე ამაგრებს. ამ კომპიუტერიზებულ წარმოებას შეუძლია 24/7-ზე იმუშაოს, რაც ელექტროსადგურის მშენებლობის დაჩქარების საშუალებას იძლევა და ასევე, ზოგავს ხარჯებსაც. აღსანიშნავია, რომ Terabase ასევე ქმნის პროგრამულ ინსტრუმენტებს მზის სადგურების დიზაინისა და მშენებლობის მართვისთვის.

"ეს ინვესტიცია ჩვენი ხედვის დადასტურებაა", — ამბობს კემბელი და დასძენს, რომ "მსოფლიოს ორმოცდაათი წელი დასჭირდა პირველი ტერავატის მოცულობის (ერთი მილიონი მეგავატი) მზის ელექტროსადგურის მშენებლობისთვის, თუმცა ჩვენ გვჭირდება მინიმუმ 50 დამატებითი ტერავატი და ჩვენ ეს სადგურები იმდენად სწრაფად უნდა ავაგოთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, იმისათვის, რომ გლობალურ დეკარბონიზაციის მიზნებთან თანხვედრაში ვიყოთ".

Terabase-ში ჯერჯერობით ტექნოლოგიაზე არ საუბრობენ, ეს ერთგვარი საიდუმლოც კია. კომპანიის პირველი კომერციული პროექტის ფარგლებში 10 მეგავატის მოცულობის პანელები უკვე დამონტაჟდა. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ერთ ტერავატში ერთი მილიონი მეგავატია. შესაბამისად, სტარტაპს დიდი გზა აქვს წინ, სანამ დასახულ მიზანს მიაღწევს.

"კლიმატის კრიზისის გადაჭრის კუთხით ჩვენი ერთადერთი იმედი სუფთა ტექნოლოგიების გამოყენებაა, გაცილებით ფართო მასშტაბით, ვიდრე ოდესმე, რომ მივწვდეთ ეკონომიკის სხვადასხვა ნაწილს. Terabase არის ამაღელვებელი ინოვაცია, მეტი მზის პანელის უფრო სწრაფად განლაგების მხრივ და ჩვენ აღფრთოვანებული ვართ მათთან პარტნიორობით", — ამბობს შელდონ კიმბერი, Terabase-ის კლიენტი კომპანიის, Intersect Power-ის CEO.

არ ვიცით, როდის მიაღწევს კომპანია დასახულ მიზანს და ააგებს ტერავატის მოცულობის 50 ელექტროსადგურს. თუმცა მანამდე, სერიოზული ინვესტიცია მოზიდულია და რობოტების ხელით, ერთი მათგანის აგებას მაინც ველოდებით.