ჰაბლის ახალი გასაოცარი სურათი შორეული გალაქტიკის გაორებულ გამოსახულებას გვიჩვენებს
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ბოლოდროინდელი ტრიუმფის მიუხედავად, მისი წინამორბედი ჰაბლი ისევ მოწოდების სიმაღლეზეა და გასაოცარი სურათებით გვანებივრებს. ცოტა ხნის წინ მან ახალი ფოტო გადაიღო, რომელზეც თითქმის იდენტურ ორ გალაქტიკას ვხედავთ.
სინამდვილეში, ეს ერთი ობიექტია, რომელიც გრავიტაციული ლინზირების სახელით ცნობილი მოვლენის გამო, ორად ჩანს. აღნიშნული "სარკული" გამოსახულებები ერთმანეთთან გრძელი ნათელი ძაფისებრი სტრუქტურითაა დაკავშირებული.
საქმე იმაშია, რომ მის წინ არსებული ობიექტების უზარმაზარი მასა სივრცეს ამრუდებს. შედეგად, მათ უკან მდებარე გალაქტიკიდან, SGAS J143845+145407-დან მომავალი სინათლეც მახინჯდება და ორმაგდება. ეს საშუალებას იძლევა, რომ მსგავსი შორეული სისტემები დეტალურად დავინახოთ ისე, თითქოს მას გამადიდებელი შუშით ვაკვირდებით.
უნდა ითქვას, რომ გრავიტაციული ლინზირების მაგალითები ჯეიმს ვების პირველ ფოტოზეც ვიხილეთ, რომელზეც მრავალი ასეთი "გაწელილი" გალაქტიკაა აღბეჭდილი. რაც შეეხება SGAS J143845+145407-ს, მის სინათლეს დედამიწამდე მოსაღწევად 6.9 მილიარდი წელი დასჭირდა, დაახლოებით სამყაროს ასაკის ნახევარი. გამადიდებელი შუშის, ანუ გალაქტიკათა მასიური ჯგუფის სინათლე კი 2.8 მილიარდი წელი "მოგზაურობდა".
SGAS J143845+145407 გახლავთ კაშკაშა ინფრაწითელი გალაქტიკა, რომელიც ვარსკვლავებს აქტიურად წარმოქმნის, ამიტომ ძალიან ანათებს. მისი შესწავლა დაგვეხმარება გავიგოთ, როგორ იცვლებოდა მნათობების ფორმირების პროცესი კოსმოსის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე.
გრავიტაციული ლინზირების საკითხში (და არამხოლოდ) ჰაბლი მართლაც მოწინავე ადგილზეა და მის საქმეს ვები ღირსეულად განაგრძობს.
კომენტარები