ჯეიმს ვების ტელესკოპმა, სავარაუდოდ, უძველესი გალაქტიკა დააფიქსირა
12 ივლისს საზოგადოებამ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის პირველი სურათი იხილა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა წარგვიდგინა. ესაა სამყაროს ყველაზე ღრმა, მკვეთრი და დეტალური ინფრაწითელი გამოსახულება, რომელიც ცაზე ქვიშის მარცვლის ზომის არეალს გვიჩვენებს,
ახლახან გავრცელდა მეცნიერთა ნაშრომი, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, ამ ფოტოზე ჩვენთვის ცნობილი უძველესი გალაქტიკა იყოს აღბეჭდილი, რომელიც 13.5 მილიარდი წლის წინ არსებობდა, დიდი აფეთქებიდან სულ რაღაც 300 მილიონი წლის შემდეგ. ის GLASS-z13-ის სახელითაა ცნობილი, მილიარდი მზის მასა აქვს და მონაცემთა მართებულობის შემთხვევაში, სხვა მსგავს კანდიდატებზე 100 მილიონი წლით ახალგაზრდაა.
"ჩვენ პოტენციურად ვუყურებთ ყველაზე შორეულ სინათლეს, რომელიც ოდესმე ვინმეს უნახავს", — აცხადებენ ავტორები.
ამ სინათლეს ჩვენამდე მოსაღწევად, სავარაუდოდ, 13.5 მილიარდი წელი დასჭირდა, მაგრამ შესაძლოა, ეს გალაქტიკა უფრო ადრე გაჩენილიყო. ხილულ სპექტრში გადაყვანისას, GLASS-z13 წითელი უსწორმასწორო სფეროს ფორმისაა და ცენტრში თეთრი შეფერილობა აქვს, როგორც სურათზე ვხედავთ. ასეთი ობიექტებისგან მომავალი სინათლის ტალღები სამყაროს გაფართოების პარალელურად ინფრაწითელ სპექტრში გადადის, რომელსაც ჯეიმს ვების აფიქსირებს, რაც საშუალებას იძლევა. სამყაროს წარსული შევისწავლოთ.
გამოვლენილია მეორე გალაქტიკაც, სახელად GLASS-z11, თუმცა ის ზემოხსენებულ ობიექტზე უფრო გვიანაა წარმოქმნილი. ავტორებს სურთ, ვების გუნდს სთხოვონ, რომ მსოფლიოში უმძლავრესი ობსერვატორიის დრო ამ რეგიონის სპექტროსკოპული ინფორმაციის მოსაპოვებლად გამოყონ, რაც მათ ზუსტი დისტანციის განსაზღვრაში დაეხმარება.
მკვლევართა ნაშრომი ჯერჯერობით რეფერირებად გამოცემაში არ გამოქვეყნებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ მეცნიერებმა ის უნდა მიმოიხილონ. ამის მიუხედავად, შედეგები იმედისმომცემია და ჯეიმს ვების ტელესკოპის შესაძლებლობებს კიდევ ერთხელ ამტკიცებს.
კომენტარები