ტექნოლოგიებში ქალების მხარდასაჭერად BTU-მ და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ დასაქმების ფორუმი გამართეს
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ტექნოლოგიებში ქალების დასაქმების ხელშეწყობისთვის, მასშტაბური ფორუმი გამართეს.
ფორუმი პროექტის "500 ქალი ტექში" ნაწილია და მასში მონაწილეობას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე მოქმედი 50 კომპანია იღებს. კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ტექნოლოგიების სფეროთი დაინტერესებულ ქალებს ლოკალურ და გლობალურ ბაზარზე არსებული სხვადასხვა ვაკანსია და დასაქმების შესაძლებლობები გააცნეს. საგულისხმოა, რომ ბიზნესკომპანიების უმეტესი ნაწილი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერია და ამ პრინციპების მხარდაჭერის ფარგლებში, ქალების გადამზადებას, სტაჟირებასა და დასაქმებას მუდმივად უწყობს ხელს.
ფორუმის მონაწილე ქალებმა უშუალოდ პოტენციური დამსაქმებლებისგან მოისმინეს ინფორმაცია სასურველი ვაკანსიების შესახებ და დაინტერესების შემთხვევაში, კარიერული განვითარებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგმაც შეუძლიათ. აღსანიშნავია, რომ დასაქმების ფორუმს ესწრებოდნენ ის უკრაინელი ქალები და გოგოები, რომლებიც საქართველოში უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ ჩამოვიდნენ და ახლა პროექტის ფარგლებში ციფრულ მარკეტინგსა და ციფრული პროდუქტის ტესტირებას სრული დაფინანსებით სწავლობენ.
პროექტი "500 ქალი ტექში", რომლის ფარგლებშიც ფორუმი ჩატარდა, ტექნოლოგიების სფეროში ქალების მეტ ჩართულობას ემსახურება. იგი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ, 20-ზე მეტი ბიზნესკომპანიის ჩართულობით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, პირველი ნაკადის მონაწილეებმა ტექნოლოგიებისა და ინგლისური ენის ინტენსიური კურსები, კარიერული ბუთქემფი და მეწარმეობის შესახებ სემინარები გაიარეს, პრაქტიკული დავალებები შეასრულეს და ინდივიდუალურ მენტორინგში მონაწილეობა მიიღეს.
"500 ქალი ტექში" პროექტის "კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში" ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილია, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ხორციელდება.
კომენტარები