ინჟინრებმა გულის მინიატურული პარკუჭი გამოზარდეს და ის ფეთქავს
ეს მინიატურული პარკუჭი მეცნიერებს მომვალში გულის გამოყვანაშიც დაეხმარება
მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებით ბოლო წლებში გულზე ძალიან ბევრი კვლევა ჩატარდა, გულის პრობლემების შედეგად ყოველწლიურად ჯერ კიდევ 18 მილიონი ადამიანი იღუპება.
მკვლევრებმა ტორონტოსა და მონტრეალის უნივერსიტეტებიდან გამოიყვანეს 1 მილიმეტრის სიგრძის ძარღვი, რომელიც არა მარტო ფეთქავს, ადამიანის ემბრიონის პარკუჭის მსგავსად სითხის გადასროლაც შეუძლია.
"ჩვენი მოდელით ჩვენ შეგვიძლია გადატუმბული სითხის მოცულობისა და წნევის გაზომვა", — ამბობს სარგოლ ოხოვატიანი, მედიცინის ბიოინჟინერი. "ეს ორი რამ წინა ცდების დროს შეუძლებელი ჩანდა", — დასძენს ის.
დღემდე მკვლევრები იყენებენ ცხოველების ცოცხალ გულს იმის შესამოწმებლად, როგორ მოქმედებს მკურნალობის ახალი მეთოდი მფეთქავ გულზე, მაგრამ ეს მთლად ეთიკური მიდგომა არაა.
ეს ახალი მინიატურული პარკუჭის 3D მოდელი კი ლაბორატორიაში სინთეტიკური და ბიოლოგიური მასალების შერწყმის შედეგადაა გამოყვანილი.
საკუთრივ უჯრედები ვირთხის გულის კუნთიდანაა აღებული და პოლიმერის ბადეზეა ქსოვილად გამოზრდილი. ბადემ ქსოვილს ზრდის ისეთი მიმართულება მისცა, რომ ის მაქსიმალურად დამსგავსებოდა ადამიანის მარცხენა პარკუჭის კედელს, რომელსაც დიდი რაოდენობით სისხლის გადატუმბვა შეუძლია აორტაში.
"დღემდე გულის პარკუჭის 3D მოდელის გამოყვანის არაერთი მცდელობა იყო", — ამბობს ქიმიკოსი მილიკა რადისიკი.
ყველა წინა მცდელობისას ყველა პარკუჭი უჯრედების ერთი ფენისგან შედგებოდა. რეალურად, გული უჯრედების მრავალი შრისგან შედგება და ამ შრეებში უჯრედები სხვადასხვა მიმართულებით არიან ორიენტირებულნი. როდესაც გული იკუმშება, ეს უჯრედები (შესაბამისად, ფენებიც) ერთმანეთს მჭიდროდ უთავსდება (აი, ხელსახოცის გამწურვა რომ წარმოიდგინოთ), რათა გულმა მაქსიმალურად ძლიერად გადატუმბოს სითხე.
მიუხედავად იმისა, რომ პარკუჭის ეს მოდელი საკმაოდ მინიატურულია, ეს არის კარგი დასაწყისი მეტად ძლიერი და მრავალშრიანი სისტემის შესაქმნელად.
ისიცაა შესაძლებელი, რომ სამომავლოდ ამ მოდელისთვის შრეებისა და და გულის სხვა ნაწილების დამატებით სრულად ფუნქციონირებადი გულიც კი მივიღოთ, რომლის გადანერგვა იქნება შესაძლებელი.
"ამ მოდელით ჩვენ არა მარტო უჯრედების, არამედ ქსოვილების და ორგანოების ფუნქციონირების შემოწმებაც შეგვიძლია და ეს ყველაფერი ყოველგვარი ინვაზიური ჩარევისა და ცხოველებზე ექსპერიმენტების გარეშე", — ამბობს რადისიკი.
კომენტარები