მომდევნო დეკადაში შესაძლოა, უკონტროლო რაკეტებს ადამიანები ემსხვერპლონ
თანამედროვე მსოფლიოში კოსმოსური ინდუსტრია დღითიდღე მიიწევს წინ, რაც უფრო და უფრო მეტი მისიის განხორციელებასაც გულისხმობს. ბოლო ათწლეულებში რაკეტების ან ხელოვნური თანამგზავრების ფრაგმენტების ხმელეთსა და ოკეანეში ჩამოცვენის არაერთი შემთხვევაა ცნობილი. ასეთ ნარჩენებს აქამდე არავინ მოუკლავს, თუმცა იყო პრეცედენტი, როცა 1997 წელს საფრენი აპარატის ნაწილი აშშ-ში მცხოვრებ ქალს პარკში სეირნობისას მხარზე დაეცა, მაგრამ მას სერიოზული დაზიანება არ მიუღია.
ამ მოვლენიდან დიდი დრო გავიდა. კაცობრიობა კოსმოსში ახლა ბევრად მეტ რაკეტასა თუ სატელიტს უშვებს. იმის გასაგებად, გაზრდის თუ არა საფრთხეს მომდევნო დეკადაში აღნიშნული ტენდენციის იმავე ტემპით გაგრძელება, ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა გამოთვლები ჩაატარეს.
სპეციალისტებმა ახლანდელი და მომავალი მისიების რაოდენობა გაითვალისწინეს. ასევე, ყურადღება მიაქციეს, რა ემართება კოსმოსურ ნარჩენებს. აღმოჩნდა, რომ მათი უმეტესობა ოკეანეში ვარდება, რაც არაა გასაკვირი, რადგან წყალს დედამიწის დიდი ტერიტორია უკავია.
ამის მიუხედავად, კვლევის შედეგების თანახმად, მისიების რაოდენობის პარალელურად იზრდება ალბათობა, რომ რაკეტის ფრაგმენტი დაგვეცემა. კერძოდ, მომდევნო ათწლეულში მსგავსი მიზეზით 1 ან მეტი ადამიანის დაღუპვის შანსი დაახლოებით 10 პროცენტია.
გარდა ამისა, რისკი იმატებს კონკრეტულ რეგიონებში, რაც ფრენების ტრაექტორიითაა განპირობებული. ასეთ ადგილებს შორისაა ინდონეზია, მექსიკა და ნიგერია. ავტორები ამბობენ, რომ ყველაფერი მაინც იმ კომპანიებსა თუ სააგენტოებზეა დამოკიდებული, რომელთაც კონტროლირებადი დაშვებების განხორციელება შეუძლიათ, მაგრამ ამისგან თავს თანხის დაზოგვის მიზნით იკავებენ.
მათი ნაშრომი გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნდა.
კომენტარები