უზენაესი სასამართლოს საბჭო სომხეთის უმაღლესი სასამართლო ორგანოა, რომელიც უფლებამოსილია დანიშნოს ან გაათავისუფლოს მოსამართლეები.

ჩანაწერში, რომელიც 20 ივნისს საბჭოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, რუბენ ვარდაზარიანმა გამოაქვეყნა, ისმის ჯანგირიანის მუქარა — ის იმ დროისთვის ჯერ კიდევ საბჭოს რიგითი წევრი იყო.

ჯანგირიანი თავის წინამორბედს ეუბნება, რომ თუ თანამდებობას არ დატოვებს, შესაძლოა, სისხლისსამართლებრივი ბრალდება წაუყენონ. 23 ივნისს, ჩანაწერის გამოქვეყნებიდან 3 დღის შემდეგ, რუბენ ვარდაზარიანი თანამდებობიდან საბოლოოდ გაათავისუფლეს.

ვარდაზარიანი საბჭოს ხელმძღვანელად 2019 წლის ივლისში აირჩიეს და 2021 წლის აპრილში მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მას შემდეგ, ჯანგირიანი, რომელიც პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ახლო მოკავშირეა, ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელია. ოფიციალურ გადაყენებამდე, ვარდაზარიანი ტექნიკურად კიდევ რჩებოდა პოზიციაზე.

ჩანაწერში ჯანგირიანი უხამს ლექსიკას იყენებს და ამბობს, რომ რობერტ ქოჩარიანს არასდროს მისცემს თანამდებობაზე დაბრუნების უფლებას — როგორც ჩანს, გულისხმობს, რომ ქოჩარიანმა ვარდაზარიანსა და საბჭოს სხვა წევრებზე გავლენა მოახდინა.

ქოჩარიანის მმართველობის დროს, ჯანგირიანი, რომელიც გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით იყო დაკავებული.

ჯანგირიანის განცხადებების შესახებ საზოგადოების კრიტიკის მიუხედავად, სომხეთის ხელისუფლება დუმილს ინარჩუნებდა და არაფერს ამბობდა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვირს შესაძლო გეგმებზე — ჯანგირიანის განცხადებებს ბევრი "აშკარა დანაშაულს" და სასამართლო სისტემაზე ხელისუფლების გავლენის აშკარა მაგალითს უწოდებს.

ჯანგირიანმა ჩანაწერების გამოქვეყნებიდან ერთი დღის შემდეგ საზოგადოებრივ მაუწყებელს ინტერვიუ მისცა და თქვა, რომ განცხადებები არასწორად იქნა აღქმული. მისივე მტკიცებით, იცოდა, რომ იწერდნენ.

საბჭოს სხვა წევრებმა ჯანგირიანის წინააღმდეგ რაიმე სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის აღძვრაზე უარი განაცხადეს.

პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა დუმილი ერთი კვირის შემდეგ დაარღვია და განაცხადა, რომ სკანდალი "სასამართლო და სამართლებრივი რეფორმების" პროცესს "ჩრდილავს".

მან ასევე აღიარა პრობლემები მის ადმინისტრაციაში სასამართლო რეფორმებში რეალური "წარმატების" ნაკლებობასთან დაკავშირებით და თქვა, რომ ეს მთავრობის "ყველაზე დიდი პრობლემაა".

სომხეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა კი განაცხადეს, რომ საქმეს "იძიებენ".

მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.