ეს 520 მილიონი წლის წინანდელი არსება ადამიანის ყურისა და ყბის ადრეულ ნიმუშებს შეიცავს
ჩვენი ევოლუციური ისტორია მეტად გასაგები ხდება ახალი კვლევით, რომელსაც ნახევარი მილიარდი წლის წინანდელ ნამარხებზე ატარებენ.
მკვლევრებმა გამოიყენეს მოწინავე ტექნოლოგია, როგორიცაა მიკროტომოგრაფიის რენდგენური დასხივება და ელექტრონული მიკროსკოპი, რათა შეესწავლათ უძველესი მისტიკური არსება, სახელად იუნანოზოანი. ზოგი მეცნიერი თვლის, რომ ეს უძველესი ჭიის მსგავსი ქმნილებები არიან ადრეული ხერხემლიანების უახლესი ბიძაშვილები — ანუ ჩვენი წინაპრები უხსოვარი დროიდან.
რამდენიმე დღის წინ ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებულ სტატიაში მეცნიერთა გუნდი ასაჯაროვებს მონაცემებს, რომლებიც ზემოთქმულ ჰიპოთეზას ამყარებს. სხვა სტატიაში, რომელიც კვლევის ფარგლებში გამოქვეყნდა, ხერხემლიანების პალეონტოლოგი ტეტსუტო მიაშიტა, რომელიც არ იყო ამ ახალ კვლევაში ჩართული, აღნიშნავს, რომ მეცნიერებმა "ხერხემლიანებისა და იუნანოზოანის შესაძლო კავშირზე მყარი მტკიცებულებები წარადგინეს — ფარინგალური ჩონჩხი უჯრედოვანი ხრტილისგანაა აგებული." მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მისი პირდაპირი შთამომავლები ვართ.
იუნანოზოანი ჩვენს წარმომავლობაზე მნიშვნელოვან მონაცემებს გვაწვდის
პალეონტოლოგებმა იუნანოზოანი 1990 წელს ჩინეთში აღმოაჩინეს, იუნანის პროვინციაში, როდესაც კამბრიული პერიოდის ქანებიდან წიაღისეულს მოიპოვებდნენ. მსგავსი ქმნილებები აღმოაჩინეს ასევე ბურგესის თიხიან ფიქალში, კანადის კლდოვან მთებში. იუნანოზოანს ჰქონდა "თვალები და ტვინი ჭიისმაგვარი რბილი სხეულის წინა ნაწილში", — ამბობს მიაშიტა. როგორც ჩანს, ისინი ხერხემლიანებთან ერთად საერთო წინაპარას იზიარებდნენ, მაგრამ მეცნიერები ვერ თანხმდებიან, რამდენად მონათესავეა ეს ქმნილება ხერხემლიანთა ხაზთან.
იუნანოზოანის ნამარხი არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმ მეცნიერთათვის, რომლებიც ხელხერმლიანების წარმოშობას სწავლობენ, რადგან მათი სხეული შეიცავს რამდენიმე ჩონჩხოვან სტრუქტურას, რომელიც მოგვაგონებს იმ ხრტილოვან თაღებს, რომლებიც თანამედროვე თევზების ლაყუჩებშია ჩაშენებული. ალბათ, ამ ჩონჩხოვან სტრუქტურებს მსგავსი ფუნქცია ჰქონდათ იუნანოზოანებში, რომლებიც თავიანთ ლაყუჩებს იყენებდნენ წყლის ქვეშ ჰაერის ჩასასუნთქად. ეს ჩონჩხოვანი სტრუქტურების სერია — პალეონტოლოგები მათ ფარინგალურ ჩონჩხს ეძახიან — ფარდას ხდის იმ ევოლუციურ საიდუმლოებებს, რომელსაც მეცნიერები ათწლეულებია იკვლევენ.
იუნანოზოანებისა და ადამიანების მსგავსი სტრუქტურები
მკვლევართათვის სამწუხაროა, რომ ადრეულ ხერხემლიანებს არ ჰქონდათ მყარი ძვლები, რათა მათი ნამარხები გადარჩენილიყო. ფარინგალური ჩონჩხები ასეთი არაა. "ადრეული ხერხემლიანების მთლიანი შიდა სტრუქტურიდან ფარინგალური ჩონჩხია, ალბათ, საუკეთესო, რომ ნამარხად იქცეს და გაუძლოს დროს", — თქვა მიაშიტამ. ამასთანავე ეს ჩონჩხი წარმოადგენს ადამიანების იუნანოზოანებთან კავშირის მთავარ მტკიცებულებასაც. მართალია, თანამედროვე ხერხემლიანთა უმეტესობას არ აქვს ლაყუჩები, მაგრამ ხმელეთზე მობინადრე ხერხემლაინებს თავიანთი განვითარების ადრეულ ეტაპზე ლაყუჩების ნაპრალები აქვთ. ადამიანებში ეს ნაპრალები დაბადებამდე ქრება, მაგრამ ქსოვილი განაგრძობს განვითარებასა და გადაზრდას თავისა და კისრის, მათ შორის, ყურისა და ყბის ქსოვილებში.
პალეონტოლოგებისთვის ძალზე რთულია ზუსტი კავშირის ჩვენება იუნანოზოანების ფარინგალურ ჩონჩხსა და თანამედორვე ხერხემლიანების ფარინგალურ ნაპრალებს შორის. მაშინ, როდესაც მეცნიერები ჯერ ვერ გვთავაზობენ ზუსტ განმარტებას. ახალი მონაცემების მათეული ინტერპრეტაცია გულისხმობს, რომ "ყველა ფარინგალური თაღი თავიდან ლაყუჩების სტრუქტურას ამაგრებდა და მათგან ერთ-ერთი ჩვენი ყბაც მოიცვა," — ამბობს მიაშიტა.
ზუსტად საიდან წარმოიშვნენ ხერხემლიანები
როდესაც საკითხდი დგება - ზუსტად საიდან იღებენ ხერხემლიანები სათავეს, მიაშიტა გვაფრთხილებს, რომ პასუხი არ იქნება მარტივი. "მართალია, ევოლუციური ბიოლოგები ბევრს იხარჯებიან მისტიკური წინაპრის ძიებაში, რომელიც ხერხემლიანების სხეულის აგებულებას სრულფასოვნად ახსნის, მაგრამ, ვგონებ ამის საპირისპიროა აზრიანი მიდგომა", — წერს ის.
"სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თანამედროვე ხერხემლიანების საუკეთესოდ გასაგებად ყველაზე კარგი გზაა პოპულაციური ხის შევსება მრავალფეროვანი და არაგანგრძობადი, წყვეტილი ანატომიური ფორმებით", — ამბობს მიაშიტა. პასუხი ჩვენს ღრმა წარსულზე შეიძლება ფრაგმენტირებულად, მცირე ვარაუდების სახით გვქონდეს და არა ერთი დიდი, სრული ისტორიის ჭრილში.
კომენტარები