ძალადობრივი ჯგუფების ანატომია — კიდევ რამდენიმე ფაქტი, რაც 5 ივლისის მოძალადეებზე გავიგეთ
5 ივლისის მოვლენებიდან 1 წელი გავიდა. შარშან ქალაქის მთავარ გამზირი, სადაც ღირსების მარში უნდა გამართულიყო და ადამიანები ფუნდამენტური, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დასაცავად უნდა შეკრებილიყვნენ, ჰომოფობიური, პრორუსული ჯგუფების ძალადობის სივრცედ იქცა.
ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა პოლიტიკური ნება ან/და რესურსი, რომ მოქალაქეები ამ აგრესიისგან დაეცვა. ძალადობრივი ჯგუფები თავისუფლად დათარეშობდნენ ქალაქის ქუჩებში, ჰომოფობიური მოტივით ფიზიკურად უსწორდებოდნენ მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს, არბევდნენ ოფისებს.
შედეგი ასეთი იყო — ძალადობის მსხვერპლი 50-ზე მეტი ჟურნალისტი გახდა. 5 ივლისს ნაცემი ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. ძალადობის წამქეზებელი, ორგანიზატორი და შემსრულებელი პირები ჯერ კიდევ არ არიან დასჯილი.
მედიის განვითარების ფონდმა (MDF) იმ ჯგუფების ანატომია შეისწავლა, რომლებიც მასშტაბური ძალადობის ორგანიზატორები და შემსრულებლები არიან. გამოვლინდა, რომ მათი ნაწილი იყო ნამოხვანჰესის და ანტივაქსერული აქციების მონაწილეა და კავშირი აქვთ სხვადასხვა სასულიერო პირთან.
ვინ არიან მოძალადეები
MDF მიუთითებს, რომ ძალადობრივი აქციის მონაწილეთა დიდი ნაწილი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, სვანეთიდან, იმერეთიდან, კახეთიდან, რუსთავიდან, სამეგრელოდან, აჭარიდან იყო ჩამოსული და მეტწილად, ლევან ვასაძის პარტიის ერთობა, რაობა, იმედი და ქართული მარშის მხარდამჭერები იყვნენ.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტომასალის ანალიზის შედეგად მითების დეტექტორმა ღია წყაროებით ძალადობრივ აქციაში მონაწილე პირების ამოცნობა და კავშირების დადგენა შეძლო. გამოიკვეთა ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა ან ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით საქმიანობენ. ესენია:
- "ეროვნულობის და გენდერული იდენტობის შესანარჩუნებლად" ფიზიკურ წვრთნებში ჩართული პირები;
- "ჯვაროსნულ მოძრაობაში" ჩართული და საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოებასთან დაკავშირებული პირები;
- ნამახვანჰესის საწინააღმდეგო კამპანიასა და სხვადასხვა აქტივობაში ჩართული პირები;
- ანტივაქსერულ კამპანიაში ჩართული პირები.
გამოვლინდა აქციის მონაწილეთა ნაწილი, რომელიც სპორტულ ცენტრებში ფიზიკურ მომზადებას "ეროვნული და გენდერული იდენტობის" შენარჩუნების გზად სახავს. მათ შორის არიან:
- ერმილე ნემსაძე, ყოფილი სამხედრო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პრორუსული ულტრამემარჯვენე პარტია ქართული მარშის მაჟორიტარობის კანდიდატი.
- ენრი ონიანი, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართული მარშის პარტიული სიის 21-ე ნომერი.
- ჯარჯი ნონეშვილი, MMA group მძლევარი-სამწევრისის მწვრთნელი.
- მათთან ერთად სპორტულ სივრცეებში ჩნდებოდნენ და 5 ივლისის აქციაში მონაწილეობდნენ ლაშა ლეკვიაშვილი, რატი ნიჟარაძე და გიორგი ნასყიდაშვილი.
2020 წლის მარტში ClickMedia • ქლიქმედიამ ფილმი უფასო ვარჯიში ქართული მარშისგან მოამზადა, საიდანაც გაირკვა, რომ ულტრამემარჯვენე დაჯგუფება მხარდამჭერებს სხვადასხვა სპორტულ დარბაზში უსასყიდლოდ ავარჯიშებდა. ერმილე ნესმაძე სავარჯიშოდ იმ ადამიანებს ეპატიჟებოდა, ვინც ფიქრობდა, რომ "ეროვნულობის დაკარგვა" რეალურ საფრთხეს წარმოადგენს და ქვეყნის მთავარი მტერი სოროსის ფონდი და დასავლური ღირებულებების ორგანიზაციები იყვნენ.
ორგანიზაციის განცხადებით, ენრი ონიანი 2020 წლის ივლისში სოროსის ფონდის, ხოლო ნოემბერში ფილმის და ჩვენ ვიცეკვეთ, ჩვენების საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობდა. 2021 წელს სოფელ მარაბდაში ბავშვების ფიზიკური მომზადება დაიწყო, პარალელურად კი ნემსაძესთან ერთად ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციებში ჩართული იყო.
ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის 28 ივნისის მონაცემებით, ერთი ფეისბუქგვერდი და ორი ანგარიში აქვს. ის, ასევე, ფეისბუქჯგუფს, ქართველთა 11 საძმოს მართავდა, რომელიც 2021 წლის 25 ივნისს დაიბლოკა. ონიანი 5 ივლისს მოძალადეთა აქციაზე სოფელ სამწევრისში ახალგაზრდების საწვრთნელი კლუბის მეპატრონე, ჯარჯი ნონეშვილთან ერთად იყო.
ნონეშვილის მტკიცებით, სპორტკლუბის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და მომავალი თაობის "მომაკვდინებელი და ცუდი ჩვევებისგან" (ნარკოტიკები, ალკოჰოლი, თამბაქო) მოშორება, "ზნეობრივი და ვაჟკაცური" (ქართულ-კავკასიური) მენტალიტეტის ჩამოყალიბებაა.
MDF-ის მიერ ჩატარებული პროფილების ანალიზით გამოიკვეთა, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილი, მათ შორის, ვინც ახალგაზრდების ფიზიკურ მომზადებაში არიან ჩართული, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჯვრების აღმართვის რიტუალებში, ე.წ. ჯვაროსნულ მსვლელობაში მონაწილეობენ, ნაწილი კი საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოებასთან არიან დაკავავშირებულები.
TV პირველის გარდაცვლილ ოპერატორზე, ლექსო ლაშქარავაძე ძალადობაში ბრალდებული დათო კუტალაძის დაფინანსებული გაერთიანება, ის აქ არის 2021 წლის მაისში, ტვიშში ჯვრის აღმართვის რიტუალში მონაწილეობდა. ფეისბუქზე გავრცელებული ფოტოს აღწერაში ნათქვამია, რომ ჯვაროსნული მდუმარე მსვლელობის მიზანი "ტკბილი საქართველოსთვის ჯვრების სარტყელის შემორტყმაა". ამბობენ, რომ საქართველოს საზღვარი 1970 კმ-ია და სწორედ ამდენივე ჯვრის აღმართვა უნდათ, რისთვისაც თანამოძმეებს ამობილიზებენ.
ორგანიზაციის განცხადებით, ე.წ ჯვაროსნული მსვლელობის რიტუალებში ჩართულები იყვნენ 5 ივლისის აქციის სხვა მონაწილეებიც: ენრი ონიანი, ჯარჯი ნონეშვილი, ნასყიდაშვილი ლევანი, გიორგი ნასყიდაშვილი ფიდო ხიზანიშვილი, ხვიჩა ამირანაშვილი, გიორგი დემეტრაძე, გიორგი ასათიანი.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჩოხოსანთა საზოგადოების ფეისბუქგვერდი 5 ივლისის ღირსების მარშის საწინააღმდეგო აქციას პირდაპირ ეთერში აშუქებდა და ალტ-ინფოსა წევრებისა და მხარდამჭერების მიმართვებს ავრცელებდა.
4 ივლისს ამ გაერთიანებამ განცხადება გამოაქვეყნა და კონტრაქციაზე ბავშვების გამოყვანა დააანონსა. მომდევნო დღეს ძალადობრივ აქციაში მონაწილეობდა მათი წევრი, ყოფილი სამხედრო, ნიკოლოზ კვანჭიანი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მან სამხედრო სამსახური გასული წლის 2 ივნისს, რიონის ხეობის მცველების მხარდაჭერის საბაბით დატოვა. ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაში კვანჭიანი გოგა ფოლადაშვილთან ერთად მონაწილეობდა, ის კი კონტრაქციაზე ენრი ონიანთან ერთად იმყოფებოდა.
როგორც MDF წერს, 3 ივლისს კვანჭიანი ფეისბუქლაივში ამტკიცებდა, თითქოს 5 ივლისს ლგბტ ადამიანებს რუსთაველის გამზირზე შიშვლებსა და შეღებილებს უნდა ჩაევლოთ. მისი თქმით, ეს ინფორმაცია მას სუსისა და სხვა სამსახურებისგან ჰქონდა მოწოდებული.
ნამოხვან ჰესის საწინააღმდეგო კამპანიასა და სხვადასხვა აქტივობაში ჩართული პირები
ორგანიზაციის განცხადებით, დათო კუტალაძე ჯვრების აღმართვის გარდა, "სოციალური დახმარების მიზნით" თანხების შეგროვებით, ასევე, ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ხალხის მობილიზებით იყო დაკავებული.
ბექა ბერიშვილთან ერთად შექმნილი გვერდზე, Is aq aris/ის აქ არის, გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, კუტალაძე შეჭირვებულ ადამიანებს დახმარებას უწევდა. ამავე გვერდზე გაზიარებული პირველი პოსტებიდან ვიგებთ, რომ მისი წამოწყებული მოძრაობის მიზანს ქართული დროშის ქვეშ მთელი საქართველოს გაერთიანება, უფრო კონკრეტულად კი ნამახვანჰესის აქციის საწინააღმდეგოდ თანამოაზრეების შემოკრება წარმოადგენდა.
ორგანიზაციის განცხადებით, 2021 წლის 30 აპრილს ადგილობრივმა არხმა, რიონმა დავით კუტალაძის მოძრაობის ქუთაისში გამართული აქცია გააშუქა, რომელიც რიონის მცველების სოლიდარობის მიზნით შეიკრიბა. ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციებში ჩართული იყო თბილისი პრაიდის ოფისზე ჯგუფურად თავდასხმის ბრალდებით დააკავებული გიორგი ოძელაშვილიც, რომელიც წელს, 3 ივლისს ლგბტ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების წინააღმდეგ მხარდამჭერების მობილიზებას ცდილობდა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ოძელაშვილი ყოფილი სამხედროა. მას არაერთი ფეისბუქანგარიში, მათ შორის, ნუ გეინაზები არ გეილახები, მამული, ენა, სარწმუნოება აქვს, სადაც ჰომოფობიური და ძალადობრივი შინაარსის პოსტები ქვეყნდება.
აქვე ვკითხულობთ, რომ 5 ივლისის აქციაზე ენრი ონიანთან ერთად დავით ლომსაძეც იყო. მის ფეისბუქგვერდზე სულ რამდენიმე პოსტი იძებნება — ორივე შემთხვევაში იარაღი ფიგურირებს. ერთ-ერთი სურათი გრაფიკულია და მასზე საქართველოს სხვადასხვა დროს დაკარგული ტერიტორიები ჩანს, რომლის დასაცავად, ბორჯღალოს სიმბოლიკიანი მებრძოლი იარაღით ხელში დგას. მეორე ფოტოზე კი ლომსაძე ფაშისტური მოძრაობის, საქართველოს ეროვნული ერთობის წევრ გიორგი ჭელიძესთან ერთად იარაღით ხელში ჩანს. აღსანიშნავია, რომ გიორგი ჭელიძე 2018 წლის 31 აგვისტოს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
აქციის მონაწილეების ანტივაქსერულ კამპანიაში
ღირსების მარშის კონტრაქციის მონაწილეები 5 ივლისის მოვლენების შემდეგ ანტივაქსერულ აქტივობებში განსაკუთრებით აქტიურად ჩაერთვნენ. ის, ერთი მხრივ, კრიტიკულ თემაზე ნეგატიური მუხტის შენარჩუნებას ისახავდა მიზნად. მეორე მხრივ, ივლისის ბოლოს აშშ-ს მთავრობის დახმარების ჩამოსვლას უკავშირდებოდა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს Pfizer/BioNTech-ის ნახევარი მილიონი დოზა გადმოეცა.
MDF-ის ინფორმაციით, 2021 წლის 24 ივლისს პარლამენტის წინ გამართულ ანტივაქსერულ დემონსტრაციაზე 5 ივლისის აქციაში მონაწილეთა ნაწილი იყო მობილიზებული, მათ შორის ერმილე ნემსაძე და ბექა ვარდოსანიძე, რომელიც აქციას ლაივში აშუქებდა.
ძალადობრივი აქციის მონაწილეები მწვანე პასპორტებისა და ვაქცინაციის საწინააღდეგო შეკრებებში ჩართულობის გარდა, სოციალურ ქსელში ვაქცინებზე დეზინფორმაციის გავრცელებითაც იყვნენ დაკავებულნი: მაგალითად, 5 ივლისის აქციის ერთ-ერთი მონაწილე თემო ბოკელავაძე, ზვიად ტომარაძესთან ერთად, სავალდებულო ვაქცინაციისა და მწვანე პასპორტების წინააღმდეგ აქციების ორგანიზებაში იყო ჩართული.
ძალადობის ორგანიზატორები
5 ივლისის მოვლენების ორგანიზატორთა შორის იმჟამად ლევან ვასაძესთან დაკავშირებული არხის, ალტ-ინფოს დამფუძნებლები და წამყვანები იყვნენ. ისინი აქციას საინფორმაციო იდეოლოგიურ მხარდაჭერას უწევდნენ. ეთერიდან ხშირად აჟღერებდნენ განცხადებებს, რომ აგრესია პოლიტიკური და იდეოლოგიური ბრძოლის იარაღად უნდა ქცეულიყო, დასავლური სიმბოლოების, დროშების დაწვა — ყოველდღიურ რეალობად. ისინი ქვეყნის მართვას ეკლესიასთან ერთად აანონსებდნენ, პოლიტიკური მიზნების მისაღწევად კი საინფორმაციო ველის ოპოზიციურად განწყობილი არხების გაწმენდის აუცილებლობაზე საუბრობდნენ.
ძალადობრივ და ვანდალურ მოწოდებებს იდეოლოგიურ მხარდაჭერას უცხადებდა რუსი ფილოსოფოსი, ვლადიმერ პუტინის პროპაგანდისტი, ევრაზიანისტული მოძრაობის დამფუძნებელი, ალექსანდრე დუგინი, რომელმაც პირად ფეისბუქგვერდზე თბილისში ევროკავშირის დროშის დაწვის პოსტი ასეთი ტექსტით გააზიარა: "საქართველო, რომლითაც აღტაცებული ვარ".
დუგინს მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს ლევან ვასაძესთან და 5 ივლისის მოვლენებამდე ალტ-ინფოს ეთერში ანტიდასავლური გზავნილებით ხშირად ჩნდებოდა.
ალტ-ინფოს ანტიდასავლური გზავნილები
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ალტ-ინფოს წამყვანები შიშის დანერგვას ცდილობდნენ და ამტკიცებდნენ, რომ თუ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტაციას არ შეცვლიდა და რუსეთზე სწორებას არ აიღებდა, იგივე ელოდა, რაც უკრაინას.
ისინი ავრცელებდნენ ნარატივს, რომ საქართველოს ომში ითრევდნენ და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საომარ მოქმედებებად არ ღირდა. ამ მესიჯბოქსს კრემილის პროპაგანდისტული მედიაც ტირაჟირებს.
ომის პერიოდში მითების დეტექტორის მონიტორინგმა აჩვენა, რომ ალტ-ინფო და მათი მხარდამჭერები ომის შესახებ კრემლის პროპაგანდისტული არხების იდენტურ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ.
ალტ-ინფოსთან დაკავშირებული ანგარიშები ფეისბუქმა კოორდინირებული, არაავთენტური ქმედებების გამო მრავალჯერ წაშალა, რაზეც On.ge-მ არაერთხელ გიამბოთ. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 6 ივლისის მონაცემებით, გადაცემებს ავრცელებენ გვერდები — ალტერინფო, Kima’s Page, Punisher. გავრცელების მიზნით იყენებენ პარტიის მხარდამჭერ ინდივიდუალურ ანგარიშებსად და სხვა სოციალურ პლატფორმებს, როგორიცაა Tik-Tok, ტელეგრამი, ვკონტაქტე.
MDF-ის ინფორმაციით, ალტ-ინფოს მხარს უჭერს და ქსენოფობიურ, ანტილიბერალურ და ანტივაქსერულ მასალებს აქვეყნებს ფეისბუქგვერდი დედაქალაქიც. მორგოშიას მამიდასთან ერთად შპს დედაქალაქის დამფუძნებლები არიან ბექა ვარდოსანიძე, ნინო ქავთარაძე და საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი თანამშრომელი, ირაკლი ანთიძე. ბექა ვარდოსანიძე, რომელიც წარსულში ქართული მარშის საინიციატივო ჯგუფის წევრი იყო, ამჟამად მართავს სამ გვერდს — ბექა ვარდოსანიძის ბლოგი, ბექა ვარდოსანიძე და საზოგადოება, BeqaNews
სასულიერო პირების კავშირი კონსერვატიულ მოძრაობასთან
ძალადობრივ, პრორუსულ და ჰომოფობიურ გაერთიანებას მოქალაქეების გარდა, სასულიერო პირებიც უჭერენ მხარს. ალტ-ინფოსთან მათი კავშირი ჯერ კიდევ 5 ივლისის თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო აქციამდე გამოიკვეთა. სიძულვილის ჯგუფები პრაიდამდე ერთი თვით ადრე ჰომოფობიურ და ძალადობის შემცველ მოწოდებებს ტირაჟირებდნენ.
აი ფაქტმა დაადგინა, რომ 5 ივლისის ძალადობრივ აქციაზე 26 სასულიერო პირი იყო. რამდენიმემ ალტ-ინფოს მხარდაჭერა პარტიად რეგისტრირების შემდეგაც განაგრძო. მაგალითად, დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი მათი გადაცემების ხშირი სტუმარია და ომის პირობებშიც კონსერვატიული მოძრაობის კრემლისტურ პოზიციებს იზიარებს.
5 ივლისს გამართულ ძალადობრივ აქციაზე მან სიძულვილის ჯგუფებს პირდაპირ მოუწოდა ძალადობისკენ და მიმართა სიტყვებით: "არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ იძალადოთ სამშობლოსთვის, იძალადოთ ქვეყნისთვის, იძალადოთ სიწმინდისთვის". ძალადობის მომწოდებელი სასულიერო პირი, ასევე, ფიქრობს, რომ უკრაინის მხარდაჭერა დაუშვებელია, რადგან ზელენსკი "გეი აქტივისტი" იყო.
ვარდიგორის მამათა მონასტრის დეკანოზი ალტ-ინფოს მასალების გავრცელებაშიც აქტიურად მონაწილეობს და ომის შეჩერებას მათ დამსახურებად მიიჩნევს.
ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს, რომ 24 მარტს ბორჯომში ალტ-ინფოს მოძრაობის ოფისი ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიის მოძღვრებმა აკურთხეს, მათ შორის ბორჯომის დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა არჩილი იყო. კურთხევის ფოტომასალა კი სოციალურ ქსელში პარტიის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა გაავრცელეს.
მომდევნო თვეს საგარეჯოს რაიონში პარტიის ოფისი, სოფელ გიორგიწმინდას ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვარმა, გიორგი პავლომა აკურთხა. ფოტოები, ამ შემთხვევაშიც, პარტიის წარმომადგენლებმა გაავრცელეს. პავლოვი 5 ივლისს აქციაზე იმყოფებოდა.
ძალადობრივმა პარტიამ ოფისი გახსნა ოზურგეთშიც. მანამდე გურიის მოამბემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოფისის დაფუძნებაში შემოქმედის ეპარქიის მაკვანეთის ეკლესიის წინამძღვარი ვახტანგ თოხაძე მონაწილეობდა. თოხაძემ ინფორმაცია TV პირველთან დაადასტურა და ეს "ეროვნული ძალების დახმარებით" ახსნა.
"ყველა ეროვნულ ძალას ვეხმარებით — ვასაძესაც, თარხან-მოურავსაც, მაგ ბიჭებს ვეხმარები".
MDF-ის ინფორმაციით, 12 აპრილს ამავე სასულიერო პირმა ოზურგეთის ოფისი აკურთხა. ამის შემდეგ კი ჟურნალისტებთან თქვა, რომ "რუსეთთან კავშირი აუცილებელია", პუტინი არაფერ შუაშია და ქალებისა და ბავშვების გაუპატიურება ყველა ომში ხდება.
გარდა ამისა, მათივე თქმით, 31 იანვარს თელავში პარტიის ოფისის გახსნას თელავის დედათა მონასტრის მღვდელმსახური, გენადი გოგილაშვილი დაესწრო.
კომენტარები