2021 წელს ქართული ოცნების ფინანსები 16 პარტიისას თითქმის ორჯერ აღემატებოდა — რა გავიგეთ TI-ის ანგარიშიდან
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ პოლიტიკური პარტიების 2021 წლის დაფინანსება შეისწავლა. კვლევაში ნათქვამია, რომ სუბიექტებს შორის ფინანსური უთანასწორობა და პოლიტიკური კორუფციის არაეფექტიანი სახელმწიფო ზედამხედველობა მთავარ პრობლემებად რჩება.
ორგანიზაციამ მთავარი აქცენტი იმ 17 პარტიაზე გააკეთა, რომელიც გასული წლის მდგომარეობით ან სახელმწიფო დაფინანსებას იღებდა, ან ამ დროში მინიმუმ 100 000 ლარის შემოსავალი მოიზიდა.
TI-ის განცხადებით, 2021 წელს ქართული ოცნების ფინანსები დანარჩენი 16 პარტიისას თითქმის ორჯერ აღემატებოდა, რაც პარტიებს შორის ფინანსების უკიდურესად არათანაბარ გადანაწილებაზე მიუთითებს.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკური პარტია კარგავს ბიუჯეტიდან დაფინანსების უფლებას, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარს, ან ნახევარზე მეტს, ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება.
TI განმარტავს, რომ ამ ცვლილებებით სახელმწიფო დაფინანსება დაკარგეს ლეიბორისტულმა პარტიამ და ლელომ.
შემოსავლები
TI-ის თქმით, 2021 წელს 17-მა სუბიექტმა ჯამში, დაახლოებით 43 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, ამ თანხის 60% — დაახლოებით 26 მილიონი ქართულ ოცნებაზე მოდიოდა.
- 5,1 მლნ ლარით მეორე ადგილზე იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
- მესამეზე კი — ლელო 3,3 მლნ ლარით.
ანგარიშში წერია, რომ პარტიების მიერ ჯამურად მიღებული შემოსავლების 68% (27,3 მლნ ლარი) კერძო დაფინანსებაზე (შემოწირულებები და სხვა ტიპის კერძო შემოსავალი) მოდიოდა და მხოლოდ 32% (13,8 მლნ ლარი) იყო სახელმწიფო დაფინანსება.
არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ 17 პარტიიდან შემოწირულება მხოლოდ 13-მა მიიღო ჯამში 27,4 მლნ ლარის ოდენობით, საიდანაც 19,8 მლნ ლარი (ყველა შემოწირულების 72%) ქართულ ოცნებაზე მოდიოდა.
- 2,9 მლნ ლარით მეორე ადგილზეა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
- ხოლო მესამეზე — 2,5 მლნ ლარით ლელო საქართველოსთვის.
TI-ის მიხედვით, საბანკო სესხით მხოლოდ ორმა პარტიამ ისარგებლა: პარტიამ ევროპული საქართველო 2021 წლის 8 სექტემბერს ლიბერთი ბანკისგან 12 თვის ვადით 500 000 ლარი ისესხა წლიური 14%-იანი განაკვეთით, ხოლო ქართულმა ოცნებამ 12 ნოემბერს ბანკი ქართუსგან 1 მლნ ლარი ისესხა, 1,5 თვის ვადით, 13,75%-იანი განაკვეთით.
ხარჯები
ანგარიშში წერია, რომ 17-მა პარტიამ მთლიანობაში 41,9 მლნ ლარის ოდენობის ხარჯი გაწია, რომლის 62% — 25,8 მლნ ლარი ქართული ოცნებაზე მოდიოდა.
- 5,1 მლნ ლარის ხარჯით მეორე ადგილზე იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
- მესამეზე კი — ლელო საქართველოსთვის 3,3 მლნ ლარით.
როგორც ირკვევა, პარტიების მთლიანი ხარჯების 49% (19 მლნ ლარი) რეკლამაზე მოდიოდა. სხვა კატეგორიებიდან ყველაზე მსხვილი იყო ოფისისა და იჯარის ხარჯი (მთლიანი ხარჯების 21%) და შრომის ანაზღაურება (12%).
- რეკლამაზე ყველაზე მეტი — 13,3 მლნ ლარი ქართულმა ოცნებამ დახარჯა, რაც 17 პარტიის ჯამურ სარეკლამო ხარჯის 70%-ს წარმოადგენდა.
კვლევის მიხედვით, ყველაზე დიდი თანხა გარე რეკლამაზე (8,4 მლნ ლარი) დაიხარჯა, შემდეგი კი სატელევიზიო რეკლამის ხარჯი იყო 3,8 მლნ ლარით. გარე რეკლამის ხარჯის უდიდესი ნაწილიც — 87% ქართულ ოცნებაზე მოდიოდა.
TI წერს, რომ პარტიებმა შრომის ანაზღაურებაზე ჯამში 4,5 მლნ ლარი დახარჯეს, რაც მათი ჯამური ხარჯების 12% იყო. ორგანიზაციის თქმით, ყურადღებას იქცევს პროგრესისა და თავისუფლების და ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩის ნულოვანი ხარჯები. მათივე შეფასებით, კითხვებს აჩენს ქართული ოცნების და გახარია — საქართველოსთვის მიერ ხელფასებზე გაწეული მცირე ხარჯები.
ანგარიშში წერია, რომ განსაკუთრებით საყურადღებოა მმართველი პარტიის შემთხვევა, რომელმაც ყველაზე მეტი თანხა — 26 მლნ დახარჯა წლის განმავლობაში, მაგრამ შრომის ანაზღაურებაზე მხოლოდ ნახევარი მილიონი ლარი გაიღო.
პოლიტიკური კორუფციის ან სხვა ტიპის შესაძლო დარღვევები
კვლევაში აღნიშნულია, რომ მმართველი პარტიის შემომწირველმა იურიდიულმა პირებმა და ფიზიკურ პირებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2021 წელს ჯამში დაახლოებით 320 მლნ ლარის ტენდერები მოიგეს და 19 მლნ ლარის გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები მიიღეს.
"ამ კომპანიებმა და მათთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა შემომწირველებმა იგივე პერიოდში დაახლოებით 4,5 მლნ ლარი გაიღეს ქართული ოცნების სასარგებლოდ: ყოფილ პრემიერმინისტრთან და მმართველი პარტიის დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული შპს ზიმო, ასევე, მოხვდა მსხვილ სახელმწიფო კონტრაქტორებს შორის. ამ კომპანიამ წლის განმავლობაში დაახლოებით 13 მლნ ლარის სახელმწიფო ტენდერი მოიგო, ხოლო ივანიშვილთან და ამ ბიზნეს ჯგუფთან სხვადასხვა გზით დაკავშირებულმა პირებმა ქართულ ოცნებას წლის განმავლობაში ჯამში 1 მლნ ლარზე მეტი შესწირეს", — ნათქვამია კვლევაში.
ანგარიშში სხვა კონკრეტულ კომპანიებზეც არის საუბარი:
- შპს არალი: ამ კომპანიამ 2021 წელს 62 მლნ ლარის ტენდერები მოიგო, მისმა მფლობელმა, დემეტრე თათეშვილმა კი მმართველი პარტიის ყულაბაში 50 000 ლარი შეიტანა;
- შპს ბონდი-2009 და შპს მონოლითი — 2005: ეს ორი კომპანია ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის, ნუკრი დოლიძის ფირმებია, რომლებმაც 2021 წელს ჯამურად 33 მლნ ლარის სახელმწიფო ტენდერები მოიგეს. დოლიძემ და მისმა ბიზნეს პარტნიორმა, ოთარ ფუტკარაძემ ქართულ ოცნებას ერთობლივად 120 000 ლარი შესწირეს;
- შპს საგზაო სამშენებლო სამმართველო №1 და შპს საგზაო სამშენებლო სამმართველო №2: ამ კომპანიებმა წლის განმავლობაში ჯამში 23 მლნ ლარის ტენდერები მოიგეს. ამ ფირმების მფლობელმა, ნუგზარ აბალაკმა და მისმა ბიზნეს პარტნიორმა, ავთანდილ კაჭკაჭიშვილმა ქართულ ოცნებას ჯამში 45 000 ლარი შესწირეს;
- შპს ანაგი: ეს კომპანია არაერთი მსხვილი სახელმწიფო ტენდერის გამარჯვებულია. მან 2021 წელს ჯამურად 22 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერები მოიგო. ანაგთან დაკავშირებულმა პირმა, დავით ანდღულაძემ და მისმა ბიზნესპარტნიორმა გიორგი ჩიტაშვილმა მმართველ პარტიას ჯამში 110 000 ლარი შესწირეს.
TI კვლევაში წერს, რომ წლების განმავლობაში მმართველი პარტიის შემომწირველებს შორის ჩამოყალიბდა რამდენიმე მსხვილი ჯგუფი, რომელიც თითქმის ყოველ წელს პარტიას დიდი თანხებით აფინანსებს. მათი თქმით, ასეთ ჯგუფებს შორის პირველ რიგში აღსანიშნავია ბიძინა ივანიშვილთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული პირები.
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის რეკომენდაციას გასცემს. მათი თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური განსაკუთრებით არაეფექტიანია პოლიტიკური კორუფციის შემთხვევებზე რეაგირების კუთხით.
TI-ის შეფასებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დეტალურად უნდა შეისწავლოს პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ და დაადგინოს, რატომ აქვს ზოგიერთ პარტიას დეკლარირებული არარეალისტურად მცირე თანხა.
TI ამბობს, რომ საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, რათა პოლიტიკურმა პარტიამ არ დაკარგოს კუთვნილი სახელმწიფო დაფინანსება, იმისდა მიუხედავად იგი საპარლამენტო მანდატებს გამოიყენებს თუ არა, ვინაიდან პარტიის დაფინანსება მის მიერ არჩევნებზე მიღებულ შედეგებზე უნდა იყოს დამოკიდებული და არა საპარლამენტო საქმიანობაზე.
გარდა ამისა, ორგანიზაციის შეფასებით, სასურველია, პოლიტიკურმა პარტიებმა სხვადასხვა ღონისძიებისა თუ კამპანიების მეშვეობით, უფრო მეტი აქცენტი გააკეთონ შემოწირულებების მოზიდვაზე.
კომენტარები