Vayfond-ის განცხადებით, კაცი ინტერპოლის წითელი ცირკულარის საფუძველზეა დაკავებული.

"ამჟამად მოვლენები, სავარაუდოდ, ექსტრადიციის შემოწმების ფარგლებში მიმდინარეობს. მას შემდეგ რაც დადგინდა, რომ ავსტრიამ მისი ლტოლვილის სტატუსი აღიარა, არ უნდა დაეკავებინათ", — უთხრა Vayfond-მა OC Media-ს.

კაცმა თავშესაფარი ავსტრიაში 2004 წელს მიიღო.

უფლებადამცველი ჯგუფის თქმით, დაკავება უკანონო იყო, რადგან "ინტერპოლის საერთაშორისო ძებნილთა სიაში მისი სახელის ჩასმა, ორგანიზაციის წესებს არღვევს — ვინაიდან მონაცემთა ბაზაში ლტოლვილის სტატუსის მქონე პირების შეყვანა აკრძალულია".

RFE/RL დაკავებულის ძმაზე დაყრდნობით წერს, რომ ის ოჯახთან ერთად დასასვენებლად იყო წასული, რა დროსაც გერმანიის საზღვარი შემთხვევით გადაკვეთა. მისი ცნობით, ამ დროს გააჩერა ის პოლიციამ.

Vayfond-მა OС Мedia-ს განუცხადა, რომ კაცს ადვოკატი ჰყავს და მისი ექსტრადიცია ლტოლვილის სტატუსის გამო ვერ უნდა მოხერხდეს.

"90%-ით დარწმუნებულები ვართ, რომ ეს არ მოხდება და იმედი გვაქვს, გერმანია ადამიანის უფლებებს პატივისცემით მოეპყრობა. თუ ის დეპორტირებული იქნება, სასიკვდილო საფრთხე დაემუქრება, ხოლო საუკეთესო შემთხვევაში, სამუდამო პატიმრობა", — თქვა Vayfond-მა.

ჯგუფის ცნობით, რუსეთმა კაცი ძებნილთა სიაში იმიტომ ჩასვა, რომ ის ჩეჩნური წინააღმდეგობის წევრი იყო.

"იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთს ექსტრადიციის მოთხოვნა გერმანიისთვის ჯერ არ გაუგზავნია, უცნობია, კონკრეტულად რა ბრალდებები წამოაყენეს მის წინააღმდეგ. ეს მოთხოვნა ნათელს მოჰფენს, რას ედავება რუსეთი მას. მაგრამ იმედი გვაქვს, საქმე აქამდე არ მივა და გაათავისუფლებენ",— აღნიშნეს მათ.

ჯგუფმა დასძინა, რომ ინტერპოლის ძებნილთა სიაში ათასობით ჩეჩენის სახელი უკანონოდ არის მოთავსებული და რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში მათ "საშინელი შედეგები" ელით.

ბოლო წლების განმავლობაში, გერმანიის ხელისუფლებამ რამდენჯერმე გადასცა ჩეჩნები რუსეთს, სადაც მათ არასათანადოდ ეპყრობოდნენ.

2021 წლის აპრილში გერმანიიდან 32 წლის თავშესაფრის მაძიებელი, ნურმაგომედ მამუევი იქნა დეპორტირებული, რის შემდეგაც ის ჩეჩნეთში გაუჩინარდა.

ანალოგიურად, 2022 წლის აპრილში გერმანიის ხელისუფლებამ აზერბაიჯანელი პოლიტიკური აქტივისტი, რომელიც ქვეყანაში თავშესაფარს ითხოვდა, აზერბაიჯანს გადასცა, სადაც ის დააკავეს.

მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.