აზერბაიჯანში დაიჭირეს კაცი, რომელიც ქვიარ ადამიანებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა
სამშაბათს 39 წლის რომან მამადოვმა Tik Tok-ზე ვიდეო ატვირთა და იმუქრებოდა, რომ თუ "ქალის გარეგნობის" მაკიაჟით, ან "განსხვავებული თმისა და წარბების" მქონე კაცებს შეხვდებოდა, მოკლავდა.
"ეს რომ არ გავაკეთო, ხალხი განმსჯის", — ამბობს ის.
სამშაბათს საღამოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ზეინი ჰუსეინოვმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მამადოვის იდენტიფიცირება მოახდინეს და დააკავეს.
"დაკითხვის დროს მამადოვმა აღიარა ხულიგნობის ქმედება. მისი თქმით, მსგავსი ვიდეო იმიტომ გადაიღო, რომ სოციალურ ქსელში პოპულარობა მოეპოვებინა", — წერია განცხადებაში.
აზერბაიჯანის ქვიარ აქტივისტის, ლილი ნაზარის თქმით, მამადოვის ქმედებები სამართალდამცავი უწყებების გულგრილობისა და ქვიარ ადამიანების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების არაეფექტურად გამოძიების შედეგია.
"გასულ წელს, როცა ბლოგერმა, სევინჯ ჰუსეინოვმა LGBTQ+ თემის მიმართ მუქარის შემცველი სიტყვები გააჟღერა, პოლიცია არ ჩარეულა. შედეგად, ქვიარ აქტივისტი და დამოუკიდებელი ჟურნალისტი, ავაზ ჰაფიზლი უმოწყალოდ მოკლეს, რადგან ჰუსეინოვას სიტყვები მას მიემართებოდა", — უთხრა მან OC Media-ს.
"ქვიარ თემის წევრები ახლა ბევრად უფრო მეტად გრძნობენ საფრთხეს, რადგან პოტენციურ კრიმინალებს მსგავსი ღია მუქარების გაჟღერება შეუძლიათ", — დაამატა ლილი ნაზარმა.
ის აღნიშნავს, რომ პოლიციამ მკაცრი ზომები უნდა მიიღოს, სანამ ასეთი მუქარები ფართომასშტაბიან ხასიათს მიიღებს.
"ვფიქრობ, ამ პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ ხელისუფლებამ ქვიარ ადამიანების უსაფრთხოება უზრუნველყოს, მხედველობაში მიიღოს მათი საჩივრები, დააკავოს პოტენციური კრიმინალები და პატიმრობის პერიოდში ფსიქოლოგიური თერაპია ჩაუტაროს", — განაცხადა მან.
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები