დედამიწაზე "სიცოცხლის აფეთქება" პლანეტის ცენტრში მძიმე მეტალების ურთიერთქმედებას უკავშირდება — როგორ
550 მილიონი წლის წინ რკინის ბირთვის ფორმირებამ დედამიწის მაგნიტური ველი აღადგინა და პლანეტის ზედაპირი დაიცვა.
დედამიწის ცენტრში რკინის მყარი გიგანტური სფერო — პლანეტის შიდა ბირთვი ნელ-ნელა იზრდება. მეცნიერებმა მტკიცებულება აღმოაჩინეს, რომელიც გვთავაზობს, რომ ნახევარი მილიარდი წლის წინ მის წარმოქმნას, შესაძლოა, დედამიწაზე სიცოცხლის ევოლუციაში მთავარი როლი შეესრულებინა.
მეცნიერების თქმით, იმ დროისთვის ჩვენი პლანეტის მაგნიტური ველის სიძლიერე იკლებდა და ამას გადამწყვეტი შედეგები უნდა ჰქონოდა. ჩვეულებრივ, ეს ველი დედამიწის ზედაპირს კოსმოსური რადიაციისა და მზისგან წამოსული დამუხტული ნაწილაკებისგან იცავს.
თუმცა, 550 მილიონი წლის წინ, მაგნიტური ველის სიმძლავრე ჯერ მკვეთრად დაეცა, შემდეგ კი ისევ გაიზარდა. ამ პლანეტარული გადატვირთვის კვალდაკვალ დედამიწის ზედაპირზე კომპლექსური მრავალუჯრედიანი სიცოცხლე გავრცელდა. ამ პერიოდს, როდესაც ნამარხებში ცხოველთა ძირითადი ჯგუფები გამოჩნდა, კამბრიული აფეთქება ეწოდება.
ასევე იხილეთ: დედამიწის შიდა ბირთვის მოძრაობა ცვალებადია — რას ნიშნავს ეს
ჩვენი პლანეტა ფენებისგან შედგება. დედამიწის ქერქის სისქე 5-70 კმ-ია. მის ქვედა ფენას, რომლის სისქე 3 000 კილომეტრს აღწევს, მანტია ეწოდება. მანტიის ქვემოთ გარე ბირთვია, რომელიც მდნარი რკინისგან შედგება — მის ქვემოთ კი მყარი რკინისგან აგებული შიდა ბირთვია. ამ უკანასკნელის დიამეტრი 2 000 კმ-ს აღემატება და წელიწადში 1 მმ-ით იმატებს.
ასევე იხილეთ: აღმოჩენა: ყოველწლიურად, დედამიწის ბირთვი ასიმეტრიულად იზრდება — რას ნიშნავს ეს
"დედამიწის მაგნიტური ველი გარე ბირთვის ბრუნვით გენერირდება", — განმარტავს ჯონ ტარდუნო, გეოფიზიკის პროფესორი როჩესტერის უნივერსიტეტში. "კამბრიულ აფეთქებამდე ბირთვი მთლიანად მდნარი იყო და მისი უნარი, წარმოექმნა მაგნიტური ველი, კოლაფსს განიცდიდა".
კვებეკის ქანებში ნაპოვნი კრისტალების ანალიზით ტარდუნოს გუნდმა აჩვენა, რომ 550 მლნ წლის წინანდელ პერიოდამდე დედამიწის მაგნიტურ ველს ამჟამინდელის სიმძლავრის 10%-იც კი არ ჰქონდა. შესაბამისად, იგი დედამიწისთვის კოსმოსური და მზის რადიაციისგან კარგ დაცვას ვერ უზრუნველყოფდა. მეცნიერების თქმით, მაგნიტური ველის სიმძლავრის შემცირების მიზეზი ბირთვიდან სითბოს სწრაფი კარგვა იყო.
ამის შემდეგ ბირთვის ცენტრალურმა ნაწილმა გამყარება დაიწყო, რასაც ძირეული შედეგები მოჰყვა. თავდაპირველად, ამან გარე ბირთვის მოძრაობა საგრძნობლად ააჩქარა, რის შედეგადაც მაგნიტური ველის სიმძლავრე ისევ გაიზარდა. "ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ შიდა ბირთვის ფორმირება დაახლოებით 550 მლნ წლის წინ დაიწყო და ეს კამბრიული აფეთქების წინ მოხდა", — განაცხადა ტარდუნომ.
როგორ ან რატომ ჩამოყალიბდა შიდა ბირთვი, ჯერჯერობით გაურკვეველია. ნახევარი მილიარდი წლის წინ იგი მყარი რკინის მთვარისხელა სფეროდ ჩამოყალიბდა, რომელსაც დედამიწის ზედაპირზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს.
აღსანიშნავია, რომ სხვა პლანეტებზე დაკვირვებებმა აჩვენა ის დრამატული შედეგები, რაც მაგნიტური ველის გაქრობას მოჰყვა. ამის მაგალითი მარსია, რომელმაც მაგნიტური ველი 4 მლრდ წლის წინ დაკარგა. მაგნიტური ველის დაცვის გარეშე, მზის ქარმა (პროტონებისა და ელექტრონების უწყვეტი ნაკადი, რომელიც მზის ზედაპირიდან მოედინება) მარსის ატმოსფერო კოსმოსში გაფანტა, მისი ზედაპირი კი უსიცოცხლო და უწყლო ადგილად იქცა.
"დედამიწა მარსის მსგავსად ვერ განვითარდებოდა, მაგრამ, რომ არა მისი გაზრდილი სიმძლავრის მაგნიტური ველი, მასზე დღეს ბევრად ნაკლები რაოდენობის წყალი იქნებოდა", — დაამატა ტარდუნომ. "იგი ბევრად უფრო მშრალი პლანეტა იქნებოდა, ვიდრე დღესაა".
თუმცა, ბოლომდე ვერ ვიტყვით, თუ რა გავლენა მოახდინა მაგნიტური ველის ხელახლა გაძლიერებამ დედამიწაზე სიცოცხლის ევოლუციაზე. "არ ვფიქრობ, რომ დედამიწის მაგნიტური ველის გაძლიერება და შემდგომი სიცოცხლის აფეთქება შეიძლება ერთმანეთთან არ იყოს დაკავშირებული. მაგრამ ჯერ არ შეგვიძლია იმის თქმა, თუ რა თანმიმდევრობით განვითარდა მოვლენები. ამას მეტი შესწავლა სჭირდება", — აღნიშნა მეცნიერმა.
კომენტარები