მარსის გრუნტის ნიმუშებში სიცოცხლის "საშენი მასალა" აღმოაჩინეს
აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მარსმავლის Curiosity მიერ მოპოვებულ გრუნტის ნიმუშებში მეცნიერებმა დიდი რაოდენობით მთლიანი ორგანული ნახშირბადი აღმოაჩინეს, რომელიც სიცოცხლის წარმოსაქმნელად საჭირო ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.
გეოლოგიური მასალა აპარატმა გეილის კრატერში შეაგროვა, სადაც ძველად ტბა იყო. ნაერთი, რომელსაც მასში მიაგნეს, ნახშირბადისა და წყალბადის ატომებს შეიცავს. მისი წყარო ცოცხალი ორგანიზმებია, თუმცა სხვადასხვა გეოლოგიური პროცესის დროსაც გამოიყოფა, მაგალითად, ვულკანის ამოფრქვევისას.
სპეციალისტთა თქმით, წითელი პლანეტის გრუნტის ნიმუშებში ყოველ მოლიონ მოლეკულაზე 200-273 ორგანული ნახშირბადი მოდის. ეს დედამიწაზე ისეთი ადგილების მონაცემებს შეესაბამება და აღემატება კიდეც, როგორიც სამხრეთ ამერიკაში, ატაკამის უდაბნოში გვხვდება, მარსის მეტეორიტების მაჩვენებლებს კი საგრძნობლად აჭარბებს.
დღეს მარსი უსიცოცხლო პლანეტაა, თუმცა ადრე მას სქელი ატმოსფერო ჰქონდა, ზედაპირზე კი ტბები და მდინარეები იყო. სწორედ ამ პერიოდის ქანები შეისწავლა Curiosity-იმ. სათანადო ხელსაწყოს მეშვეობით, მან ორგანული ნახშირბადი ნახშირორჟანგად გარდაქმნა, რომლის საფუძველზეც, პირველი მათგანის საერთო რაოდენობისა და იზოტოპების თანაფარდობის გამოთვლაა შესაძლებელი. ეს უკანასკნელი ორგანული და მინერალური ნახშირბადის წილის დადგენის საშუალებასაც იძლევა, თუმცა მხოლოდ მასზე დაყრდნობით ნაერთების ბიოლოგიურ წარმომავლობაზე ვერ ვიმსჯელებთ.
ამის მიუხედავად, გეილის კრატერში ასევე აღმოჩენილია ჟანგბადი, აზოტი, გოგირდი, გამოვლენილია დაბალი მჟავიანობა და ქიმიური ენერგიის სხვადასხვა წყარო. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ის სიცოცხლისთვის თავსებადი იქნებოდა.
"ფაქტობრივად, ამ ადგილზე სიცოცხლისთვის საჭირო პირობები იყო, თუ კი ის იქ ოდესმე მართლაც არსებობდა", — აცხადებენ ავტორები. რომელთა ნაშრომიც გამოცემაში Proceedings of the National Academy of Sciences გამოქვეყნდა.
კომენტარები