რატომ ვიღებთ სიამოვნებას ფესტივალებზე, იუბილეებსა და სხვა საჯარო ღონისძიებებზე დიდ ჯგუფებში ყოფნისას? ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანის ტვინი სპეციალურად განვითარდა სოციალური ურთიერთობების მხარდასაჭერად. კვლევებმა აჩვენა, რომ ჯგუფებზე მიკუთვნებამ შეიძლება გამოიწვიოს კეთილდღეობის გაუმჯობესება და ცხოვრებით კმაყოფილების ზრდა.

მიუხედავად ამისა, ბევრი ადამიანი ძირითადად მარტოა ან სოციალურად იზოლირებულია. შესაბამისად, თუ ადამიანის ტვინი მართლაც განვითარდა სოციალური ინტერაქციისთვის, უნდა ველოდოთ, რომ ეს მნიშვნელოვნად იმოქმედებს მასზე.

და აი ისიც, ბოლო კვლევა, რომელიც Neurology-ში გამოქვეყნდა, აჩვენებს, რომ სოციალური იზოლაცია დაკავშირებულია ტვინის სტრუქტურისა და შემეცნების ცვლილებებთან. ეს ხანდაზმულებში დემენციის რისკსაც ზრდის.

უკვე არსებობს უამრავი მტკიცებულება ტვინის სოციალური ასპექტების ჰიპოთეზის მხარდასაჭერად. ერთმა კვლევამ დაახლოებით 7 000 ადამიანში შეისწავლა ტვინის ის სფეროები, რომლებიც დაკავშირებული იყო სოციალურ ინტერაქციასთან. კვლევამ აჩვენა, რომ ტვინის რეგიონები, რომლებიც მუდმივად ჩართულია მრავალფეროვან სოციალურ ინტერაქციაში, პირდაპირ არის დაკავშირებული თითქმის ყველა სხვა ფუნქციასთანაც.

მკვლევრებს სურდათ უფრო დეტალურად ენახათ, თუ როგორ მოქმედებს სოციალური იზოლაცია ტვინზე. მათ გამოიკვლიეს თითქმის 500 000 ადამიანის მონაცემები დიდი ბრიტანეთის ბიობბანკიდან, რომელთა საშუალო ასაკი 57 წელია.

ადამიანები კლასიფიცირებულნი იყვნენ როგორც სოციალურად იზოლირებულები, თუ ისინი ცხოვრობდნენ მარტო, ჰქონდათ ნაკლები სოციალური აქტივობა და ძალიან იშვიათად მონაწილეობდნენ სოციალურ აქტივობებში. კვლევამ ასევე მოიცვა ნეიროვიზუალიზაცია (MRI) დაახლოებით 32 000 ადამიანისგან. ამან აჩვენა, რომ სოციალურად იზოლირებულ ადამიანებს ჰქონდათ შედარებით სუსტი კოგნიტური შესაძლებლობები; მათ შორის მეხსიერება და რეაქცია.

მეტიც, უბნები, რომლებიც ნაკლებად იყო განვითარებული პასუხისმგებელნი იყვნენ ვერბალიზაციაზე, კონცენტრაციაზე, რთული კოგნიტური დავალებების შესრულებაზე.

კვლევამ აჩვენა, რომ სოციალურად იზოლირებულებს, მაგრამ არა მარტოხელებს, ჰქონდათ დემენციის გაზრდილი რისკი, მთელი 26 პროცენტით.

ძირითადი პროცესები

მკვლევრების თქმით, სოციალური იზოლაცია უფრო დეტალურად უნდა იქნას შესწავლილი, რათა დადგინდეს ზუსტი მექანიზმები, რომლებიც ტვინზე ღრმა ზეგავლენას ახდენენ. თუმცა, ცხადია, რომ თუ იზოლირებული ხართ, შესაძლოა ქრონიკული სტრესი გქონდეთ. ეს კი თავის მხრივ დიდ გავლენას ახდენს ტვინზე და ასევე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: თუ არ გამოვიყენებთ ტვინის გარკვეულ უბნებს, დავკარგავთ მათ შესაძლებლობებს. ტაქსის მძღოლებთან ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ რაც უფრო მეტად იხსენებდნენ მარშრუტებს და მისამართებს, მით უფრო იზრდებოდა მათი ჰიპოკამპის მოცულობა. შესაძლებელია, რომ თუ ჩვენ რეგულარულად არ ჩავერთვებით სოციალურ დისკუსიაში, ვერბალური შესაძლებლობები და სხვა შემეცნებითი პროცესები, როგორიცაა ყურადღება და მეხსიერება, ნელ-ნელა შეგვიმცირდება.

მარტოობის დაძლევა

ჩვენ ვიცით, რომ გონებრივი შესაძლებლობების განვითარებისთვის საჭიროა ტვინი აქტიურ ფაზაში ვამყოფოთ. ამის გაკეთების კარგი გზაა ახალი საგნების შესწავლა. მეტიც, კვლევები ცხადყოფს, რომ კოგნიტური აქტივობა დაბერების პროცესსაც ანელებს. ამასთან, ის გვიცავს მრავალი დაავადებისაგან და ფსიქიკური პრობლემებისგან.

ასევე არსებობს ცხოვრების სტილის ფაქტორები, რომლებსაც შეუძლიათ გააუმჯობესონ თქვენი შემეცნება და კეთილდღეობა. ეს მოიცავს ჯანსაღ კვებასა და ვარჯიშს.

თუმცა, როგორც ბოლო კვლევა აჩვენებს მნიშვნელოვანია სოციალური აქტივობაც, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ჯანდაცვის ორგანოებმა მეტი უნდა გააკეთონ იმის შესამოწმებლად, თუ ვინ არის იზოლირებული და მოაწყონ სოციალური აქტივობები მათ დასახმარებლად.

მართლაც, სოციალური ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ჩვენი სოციალური ჯგუფის ზომა რეალურად ასოცირდება ორბიტოფრონტალური ქერქის მოცულობასთან (ჩართულია სოციალურ შემეცნებასა და ემოციებში).

შეიძლება გაჩნდეს შეკითხვა, რამდენი მეგობარი გვჭირდება? მკვლევრები ხშირად მიმართავენ "დუნბარის რიცხვს" სოციალური ჯგუფების ზომის აღსაწერად. მათი თქმით, ჩვენ არ შეგვიძლია გვქონდეს ურთიერთობა 150-ზე მეტ ადამიანთან. ეს იმ ადამიანების რიცხვია, რომლებიც ზოგადად შეიძლება ჩვენს ტვინში "ტრიალებდნენ". რაც შეეხება ახლო მეგობრობას, ჩვეულებრივ ადამიანებს ასეთი ხუთი ადამიანი ჰყავთ.

ფაქტია, ჩვენ სოციალური ცხოველები ვართ და გვჭირდება სოციალური ურთიერთობები. როგორც ჩანს, ეს მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენი კოგნიტური შესაძლებლობების განვითარების მხრივაც.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.