მზეზე უცნაური მოვლენები ხდება — რასთან გვაქვს საქმე
მზეზე რაღაც უცნაური ხდება. 2022 წლიდან, თითქმის ყოველდღე ჩვენს ვარსკვლავზე უმძლავრესი კორონალური ამოფრქვევები ხდება. ბუნებრივია, ვარსკვლავზე ამოფრქვევები სულაც არაა უცნაური. მზეზე ეს რეგულარულად ხდება და ის 11 წლიან ციკლზეა დამოკიდებული. თუმცა, მეორეს მხრივ, ასეთი სიმძლავრის ამოფრქვევები უცნაურია.
ამჟამინდელი აქტივობა მნიშვნელოვნად აღემატება NASA-ს და NOAA-ს ოფიციალურ პროგნოზებს მიმდინარე მზის ციკლის მიხედვით. მზის აქტივობა 2020 წლის სექტემბრიდან სტაბილურად აჭარბებს პროგნოზებს.
"ჩვენ არ შეგვიძლია ზუსტად ვიწინასწარმეტყველოთ მზის ციკლები. ბოლომდე არ გვესმის ის, რაც მაგნიტურ ველებს წარმოქმნის. ისინი ზედაპირზე ჩანს მზის ლაქების სახით, და წარმოქმნიან ნათებებს. ეს ასტროფიზიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა", — უთხრა ავსტრალიის სიდნეის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსმა მაიკლ უიტლენდმა ScienceAlert-ს.
11-დან 22 წლამდე
მზის ციკლები ბუნებრივია დიდ გავლენას ახდენს თავად მზის სისტემაზე, მაგრამ შედარებით ცუდად არის გაგებული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ისინი განუყოფლად არიან დაკავშირებული მზის მაგნიტურ ველთან.
დაახლოებით ყოველ 11 წელიწადში, მზის მაგნიტური პოლუსები იცვლება, ჩრდილოეთი ხდება სამხრეთი და პირიქით, სამხრეთი ჩრდილოეთი. ეს პროცესი ემთხვევა "მზის მაქსიმუმს", რომელიც ხასიათდება მზის ლაქების, აფეთქებისა და კორონალური მასის გამოდევნის (CME) პიკით. ამ შებრუნების შემდეგ, აქტივობა მცირდება და აი აქ ვართ ახლა.
აქტივობის ციკლების პროგნოზირება ხდება კონკრეტული მეტრიკის საფუძველზე: მზეზე დანახული ლაქების რაოდენობით. ეს არის დროებითი რეგიონები, სადაც მაგნიტური ველები განსაკუთრებით ძლიერია, რაც დაკავშირებულია ამოფრქვევებთან.
მზის შემსწავლელი ფიზიკოსის სკოტ მაკინტოშის თანახმად, მზის ციკლების პროგნოზირება ლაქების მიხედვით პრობლემურია.
"მზის ლაქების ციკლი არ არის მთავარი, ეს მეორეხარისხოვანია. პრობლემა ის არის, რომ ეს ნამდვილად არ არის მზის სრული ციკლი. მთავარია 22-წლიანი მაგნიტური ციკლი და მზის ლაქების ციკლი ამ დიდი სურათის მხოლოდ მცირე ნაწილია", — ამბობს ის.
22 წლიან ციკლს ჰეილის ციკლი ეწოდება, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში ამერიკელმა ასტრონომმა ჯორჯ ელერი ჰეილმა აღმოჩინა. იგი შედგება მზის ლაქების ორი 11-წლიანი ციკლისგან. საუბარია პოლუსების საწყის ადგილას დაბრუნებაზე.
მზის ლაქების ახსნა
სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს ზუსტი წარმოდგენა იმაზე, თუ რა ხდება მზის შიგნით. ითვლება, რომ მზის მაგნიტური ველი წარმოიქმნება "დინამოს" მიერ ვარსკვლავის შიგნით. საუბარია მბრუნავ, კონვექციურ და ელექტრულ გამტარ სითხეზე, რომელიც გარდაქმნის კინეტიკურ ენერგიას მაგნიტურ ენერგიად.
თუ ასეა, რა იწვევს მზის ლაქებს? დღევანდელი მოდელების მიხედვით, ისინი დაკავშირებულია მზის ბრუნვასთან. ცნობილია, რომ მზის ეკვატორი უფრო სწრაფად ბრუნავს ვიდრე პოლუსები. თუ ამ ბრუნვასთან ერთად გრძივად გამავალი მაგნიტური ველის სწორი ხაზები უნდა გადაიწიოს, ისინი ხდება დაჭიმული და საბოლოოდ ჩახლართული. ეს წარმოქმნის ძლიერ მაგნიტურ ველებს და მზის ლაქების დროებით ლოკალიზებულ უბნებს.
"ძალიან რთული სისტემაა მზეში. ჩვენ ვცდილობთ მის გაგებას და გამარტივებას", — ამბობს სკოტ მაკენტოში, რომელიც მზის შემსწავლელი მეცნიერია.
არსებობს ალტერნატიული ახსნაც: მზის ლაქები არის ნიმუშები, რომელიც წარმოიქმნება ჰეილის ციკლების გადახურვისას, ანუ 22 წელიწადში ერთხელ.
მეტი მონაცემები და ინოვაციური მეთოდი
თავის დასკვნებზე დაყრდნობით, მაკინტოშმა და მისმა გუნდმა მზის მიმდინარე ციკლის უკეთესი პროგნოზი მიიღეს. მზის ლაქებთან დაკავშირებით, მათი დასკვნები უფრო ზუსტი აღმოჩნდა, ვიდრე ოფიციალური დაკვირვებები. თუმცა, ამ ეტაპზე ეს ყველაფერი ჯერ კიდევ თეორიაა.
ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რა ამოძრავებს მაგნიტური აქტივობის ზოლებს მზეზე. მკვლევრები ფიქრობენ, რომ ეს შეიძლება იყოს გრავიტაციის ტალღები. თუმცა, ამაში ბოლომდე დარწმუნებულები ვერ ვიქნებით.
მეტის გასაგებად, საჭიროა კიდევ უფრო მეტი მონაცემი, რომლის მიღებასაც დრო დასჭირდება. ჩვენ ვერ ვხედავთ მზის პოლუსებს და ამაში დედამიწის პოზიციაა დამნაშავე. მიზეზი კი ისაა რომ პლანეტა მზის ეკვატორის გარშემო ბრუნავს. თუმცა, ევროპული კოსმოსური სააგენტოს მზის ორბიტერი სწორედ მაშინ გაეშვება, როდესაც მზის ახალი ციკლი დაიწყება.
"ჩვენ სპეციალური სადამკვირვებლო მისია გვჭირდება იმისთვის რათა გავიგოთ თუ როგორ ქმნიან ვარსკვლავები თავიანთ მაგნიტურ ველს. ამან უნდა გაგვცეს პასუხი შეკითხვაზე თუ რა ხდება ახლა მზეზე და რატომ არის იქ უფრო მეტი ამოფრქვევები, ვიდრე მოსალოდნელი იყო", — ამბობს მაკენტოში.
მაკენტოში და მისი გუნდის უახლესი ნაშრომი მზის ციკლებზე გამოქვეყნდა Frontiers in Astronomy and Space Sciences-ში.
კომენტარები