შეგვიძლია სამეტყველო ენის გარეშე ფიქრი? — რას ამბობს მეცნიერება
ადამიანთა უმრავლესობას სამეტყველო ენის გარეშე აზროვნების პროცესი ვერ წარმოუდგენია და მათ ცალ-ცალკე არც განიხილავს. ენა ჩვენი სახეობისთვის კომუნიკაციის უნიკალური საშუალებაა, რომელსაც უკვე ძალიან დიდი ხანია, ვიყენებთ, მაგრამ შეგვიძლია მის გარეშე ფიქრი?
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, პასუხი "კი" გახლავთ.
მაგალითად, ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანთა უმეტესობას საკუთარ თავთან შინაგანი მონოლოგი არ აქვს. ასევე, დადგინდა, ლოგიკური პრობლემების გადასაჭრელად ტვინში მეტყველებაზე პასუხისმგებელი რეგიონი არ აქტიურდება.
იდეა, რომ ენა ფიქრის უფრო რთული პროცესისთვის შეიქმნა, აქტუალობას არ კარგავს. თანამედროვე ტექნოლოგიებმა კი ამ საკითხის სიღრმისეულად, ფიზიოლოგიურ დონეზე გამოკვლევის საშუალება მიგვცა.
2008 წელს გამოცემაში Consciousness and Cognition გამოქვეყნებულ ნაშრომში გაიჟღერა ტერმინმა "არასიმბოლიზებული ფიქრი", რომელიც სიტყვების გამოყენების გარეშე აზროვნებას ნიშნავს. ავტორთა თქმით. ამ ფენომენის გამოვლენის უკან მრავალწლიანი კვლევა დგას.
ენისა და ფიქრის ურთიერთდამოკიდებულების შესწავლა, სხვადასხვა მიზეზის გამო, ძალიან ძნელია. მაგალითად, სპეციალისტთა თქმით, ჩვენი დიდი ნაწილი ვერ ხვდება, როცა არასიმბოლიზებულად აზროვნებს, მაშინაც კი, თუ ამას ხშირად აკეთებს. სამაგიეროდ, ჩვენს ხელთაა ისეთი ტექნოლოგიები, როგორიც მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და მიკროსკოპიაა. მათი მეშვეობით მეცნიერები ადამიანის ტვინში მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან და იგებენ, რომელი უბანი რა ფუნქციას განაგებს.
ზემოხსენებული ნაშრომის ავტორთა თქმით, თუ ენა ფიქრისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მაშინ ამ დროს ტვინში მათზე პასუხისმგებელი ორი რეგიონი ერთდროულად უნდა აქტიურდებოდეს. ამ ვარაუდის გამოსაცდელად მათ მოხალისეებს არასიტყვიერი ლოგიკური ამოცანის ამოხსნა სთხოვეს, რის პარალელურადაც მონაწილეებს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფით აკვირდებოდნენ.
აღმოჩნდა, რომ პასუხის ძიებისას მეტყველების შესაბამისი უბანი მიძინებული იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მის გარეშე ფიქრი ნამდვილად შესაძლებელია.
"მეტყველების სისტემას თუ ამოვიღებთ, აზროვნება მაინც შეგვეძლება, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ენა მას არ ამარტივებს", — აცხადებენ მკვლევრები.
კომენტარები