საუთჰემპტონის უნივერსიტეტის პალეონტოლოგებმა უაიტში (ინგლისის ერთ-ერთი უდიდესი კუნძული) აღმოაჩინეს მტაცებელი დინოზავრის ნეშტი, რომელიც დაახლოებით 10 მეტრი სიგრძისა იყო. პრეისტორიული ძვლები ნიანგის სახიან ორფეხა მტაცებელს, სპინოზავრიდ დინოზავრს, ეკუთვნოდა, რომელიც დაახლოებით 125 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა.

ძვლები, კერძოდ, მენჯისა და კუდის მალები, უაიტის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე იპოვეს.

სპინოზავრიდის ძვლების ფრაგმენტები

ფოტო: CHRIS BARKER DAN FOLKES

გამომდინარე იქიდან, რომ ცხოველის მხოლოდ ფრაგმენტებია აღმოჩენილი, მისთვის ფორმალური, სამეცნიერო, სახელი ჯერჯერობით არ მიუნიჭებიათ. სანაცვლოდ, მტაცებელს, მისი სამყოფელიდან გამომდინარე, "თეთრი ქვის სპინოზავრიდი" შეარქვეს.

დინოზავრის აღმოჩენის არეალი

ფოტო: JEREMY LOCKWOOD

კრის ბარკერის, კვლევის წინამძღოლის, თქმით, ცხოველი მართლაც უზარმაზარი იყო.

"ეს უზარმაზარი ცხოველი იყო, სიგრძით 10 მეტრს აჭარბებდა, მასით კი, ალბათ, რამდენიმე ტონას", — განაცხადა მან — "მისი ზომებით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, იგი ერთ-ერთი უდიდესი მტაცებელი დინოზავრი იყო, რომელიც კი ევროპაში ოდესმე აღმოუჩენიათ — შესაძლოა, ყველაზე დიდიც კი".

როგორც მკვლევრები ვარაუდობენ, "თეთრი ქვის სპინოზავრიდი" საკვების მოსაძებნად ლაგუნას წყლებსა და წყლის პირას მდებარე ქვიშიან ადგილებს აკითხავდა.

აღსანიშნავია, რომ საუთჰემპტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 2021 წელს სპინოზავრიდთა ორი ახალი სახეობის აღმოჩენის შესახებ კვლევა გამოაქვეყნეს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.