3000 წლის წინანდელი ფეხსაცმელი მხოლოდ ერთ-ერთია იმ მრავალი არტეფაქტიდან, რომელიც ნორვეგიაში ბოლო ორ ათწლეულში დამდნარ ყინულში იპოვეს, აცხადებს ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი.

მჟავიან ნიადაგში და უზარმაზარ მყინვართა ქვეშ აღმოჩენილი ნივთებისაგან განსხვავებით, ნორვეგიულ ყინულში ნაპოვნი ნივთები ყინულში მრავალწლიანი განსვენების შემდეგაც კი უნაკლო კონდიციაში არიან, მინიმალური ლპობითა და დეფორმაციით. აღმოჩენილია დაუზიანებელი იარაღები, ქსოვილები, ტანსაცმელი, მცენარეები და ცხოველთა ნეშტები, რომლებიც ნათელს ჰფენენ ნორვეგიის ათასწლოულოვან ისტორიას.

მაგრამ საგულისხმოა, რომ კლიმატის ცვლილებამ შეიძლება ეს ყველაფერი შეცვალოს. რამდენიმე ათწლეული აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ ნორვეგიის ყინულის დიდი მნიშვნელოვანი ნაწილი გამდნარიყო, რამაც გამოაჩინა მანამდე დამალული არტეფაქტები.

კვლევის თანაავტორმა, ბირჯიტ სკარმა განაცხადა, რომ 2020 წელს გადაღებული სატელიტური ფოტოგრაფია აჩვენებს, რომ 10 ყინულოვანი მასივის 40% ზე მეტი დადნა.

ფოტო: Åge Hojem, NTNU University Museum

"ეს მაჩვენებლები გვამცნობს, რომ მალე ეს არტეფაქტების შენახულობაზე აისახება" — თქვა მან.

დამდნარი წარსული

ყინულის მასივები მაღალ სიმაღლეზე იქმნება, სადაც თოვლისა და ყინულის დეპოზიტები გროვდება და ზაფხულში მთლიანად არ დნება. მყინვარისაგან განსხვავებით, ყინულის მასივი არ მოძრაობს, ამიტომაც მათში ჩარჩენილი სხეულები ათასწლეულობით ინარჩუნებენ სტაბილურ მდგომარეობას. ყინულის დნობასთან ერთად, ნივთები ისევ ბრუნდებიან დღის სინათლეზე, თითქმის ზუსტად ისეთივენი, როგორიც გაყინვამდე. თუკი მეცნიერები გადნობიდან მალევე ვერ შეძლებენ არტეფაქტის მოპოვებას, მას გარემო პირობები დააზიანებს და დაიკარგება.

ყინულის მასივის არქეოლოგია ძალიან პოპულარული გახდა უძველესი კულტურების მკვლევართა შორის. ნორვეგიაში მეცნიერებმა ათასობით არტეფაქტი აღმოაჩინეს ბრინჯაოს ხანის მომთაბარე, ირემზე მონადირე სკანდინავიური ტომებიდან. ახალი კვლევის თანახმად, ირმები ზაფხულის თვეში რეგიონის ყველაზე ცივ, ყინულიან ადგილებში მიდიან, რათა გაექცნენ სიცხესა და მკბენარ მწერებს. სადაც მიდიოდა ირემი, იქ მიდიოდა მონადირეც, გზად კი შემთხვევით ათასობით არტეფაქტს ტოვებდა.

3000 წლის წინანდელი ფეხსაცმელი, რომელიც 2007 წელს, სამხრეთ ნორვეგიაში, იოტუნჰაიმის მთებში აღმოაჩინეს, რჩება გამორჩეულ მონაპოვრად. ფეხსაცმელი პატარა ზომისაა, ამიტომ ალბათ ან ბავშვის იყო, ან ქალის. ფეხსაცემლი რამდენიმე ისართან და ხის ნიჩაბთან ერთად იპოვეს. მონაპოვარი დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვით 1100 წლით თარიღდება.

იოტუნჰაიმის უფრო ჩაღრმავებული კვლევისას უფრო ძველი არტეფაქტებიც, მათ შორის, 6100 წლის წინანდელი ისარი გამოავლინა — ნორვეგიულ ყინულში აღმოჩენილი ყველაზე ძველი ნივთი. ეს ისარი ზემოხსენებული ფეხსაცმლის მახლობლადაა აღმოჩენილი, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ადამიანები ამ რეგიონში მრავალი ათასწლეულის განმავლობაში ცხოვრობდნენ.

კვლევის ავტორები ღელავენ, რომ მრავალი კულტურული არტეფაქტი კლიმატის ცვლილების გამო განადგურდება. 2022 წლის მონაცემებით 2006 წლის მერე ნორვეგიაში ჯამურად 364 კვ. კმ. ფართობის ყინულია გამდნარი. თუ არტეფაქტებს გამდნარი უბნებიდან არ ამოიღებენ, ისინი მალე დაზიანდებიან ან უკვალოდ დაიკარგებიან.

ნორვეგიაში, განსაკუთრებით ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ყინულოვან მასივთა უმრავლესობა შეუსწავლელია. ამის გამოსწასწორებლად მკვლევარებს სურთ ყინულოვანი მასივების მონიტორინგის პროგრამის წამოწყება, რომელიც სენსორებს გამოიყენებს ყინულის გასაკონტროლებლად.

"ადრე ვფიქრობდით, რომ ყინული უსიცოცხლო და ცარიელი იყო, ამიტომ ვერ ვხედავდით მის მნიშვნელობას. ეს წარმოდგენა იცვლება, მაგრამ აუცილებელია სწრაფი მოქმედება. დიდი ოდენობით უნიკალური მესალა დნება და სამუდამოდ იკარგება" — აცხადებს კვლევის თანაავტორი იურგენ როსვოლდი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.