როდის და როგორ მოიშინაურეს ქათმები — კვლევა
ახალი კვლევის მიხედვით, ქათმები პირველად ბრინჯის მეშვეობით მოიშინაურეს. სწორედ ამის საშუალებით ადამიანებმა ისინი ხეებიდან ძირს, მიწაზე ჩამოიყვანეს.
ქათამი დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საკვებია, მხოლოდ დიდ ბრიტანეთში ყოველწლიურად მილიარდზე მეტი ფრინველი იკვლება. თუმცა, ექსეტერის , ოქსფორდისა და კარდიფის უნივერსიტეტის მკვლევრები ახალ კვლევაში აცხადებენ, რომ ფრინველები შედარებით ახალი დანამატია ჩვენი ფერმებისთვის.
ითვლებოდა, რომ ქათამი ჩვენს სუფრაზე 10 000 წლის წინ გამოჩნდა, მაგრამ ჟურნალ Antiquity-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, ეს პროცესი სულ რაღაც 3 500 წლის წინ დაიწყო.
მკვლევრებმა ნახშირბადის დათარიღების მეთოდი გამოიყენეს დასავლეთ ევრაზიასა და ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში ნაპოვნი უძველესი ქათმების შესასწავლად. აღმოჩნდა, რომ ძვლები ბევრად უფრო ახალია, ვიდრე ეს აქამდე ეგონათ.
"ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ მასშტაბით რადიოკარბონული დათარიღება გამოიყენეს, რათა ქათმების წარმომავლობა გაერკვიათ. ამან ნათელი მოჰფინა შეკითხვას, თუ როდის და როგორ მოვიშინაურეთ ქათმები", — თქვა ჯულია ბესტმა, კარდიფის უნივერსიტეტიდან.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტროპიკული ჯუნგლების ძირძველი ქათმები ევროპაში დაახლოებით ქრისტეს შობამდე 800 წლამდე იყვნენ. ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ჩასვლის შემდეგ, კიდევ 1 000 წელი გავიდა და მხოლოდ ამის შემდეგ "დაიმკვიდრა" ქათამმა შოტლანდიის, ირლანდიის, სკანდინავიისა და ილანდიის ცივ კლიმატში.
ექსპერტებმა ხელახლა შეაფასეს ქათმის ნაშთები, რომლებიც ნაპოვნი იქნა 600-ზე მეტ ქალაქში 89 ქვეყანაში. მათ აღმოაჩინეს, რომ მოშინაურებული ქათმის უძველესი ძვლები ცენტრალურ ტაილანდზე მოდის და თარიღდება ქრისტესშობამდე 1650-დან 1250 წლამდე.
მკვლევარები ამბობენ, რომ ბრინჯის მოშენების შემდეგ, ადამიანები კონტაქტში შევიდნენ ჯუნგლების ფრინველებთან, რომლებიც მაღალ ხეებზე ცხოვრობდნენ. შინაური ქათმების უძველესი წინაპრები ხეებიდან სწორედ ბრინჯმა ჩამოიყვანა.
მოშინაურების შემდეგ ქათმები გადაიყვანეს ჯერ აზიაში, შემდეგ კი ხმელთაშუაზღვისპირეთში.
"ქათმების შესწავლის ეს ყოვლისმომცველი მეთოდი, პირველ რიგში ცხადყოფს, თუ რამდენად არასწორი იყო ჩვენი გაგება ქათმის მოშინაურების დროისა და ადგილის შესახებ. რაც კიდევ უფრო საინტერესოა, ჩვენ ვაჩვენეთ, თუ როგორ იმოქმედა ბრინჯის მოყვანამ ქათმების მოშენებასა და მათ გავრცელებაზე", — ამბობენ მკვლევრები.
კომენტარები