ანილ სეთი სასექსის უნივერსიტეტის კოგნიტური და გამოთვლითი ნეირომეცნიერების პროფესორია. ის ამ სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე მკვლევარია, მას 160-ზე მეტი აკადემიური სტატია აქვს გამოქვეყნებული პრესტიჟულ სამეცნიერო ჟურნალებში და ყველაზე ციტირებადი ნეირომეცნიერების 1%-ში შედის. თავის ბოლო წიგნში, Being You, რომელიც გამოსვლისთანავე ბესტესლერად იქცა, ანილი ზოგადი აუდიტორიისთვის გასაგებ ენაზე უხსნის მკითხველს ცნობიერების ნეირომეცნიერებაში დღევანდელ სტატუს კვოს.

ფოტო: anilseth.com


ანილ, ვიდრე თანამედროვე ნეირომეცნიერების მიგნებებზე დავიწყებდეთ საუბარს, მსურს მიმოვიხილოთ პროგნოზული დამუშავების (predictive processing) იდეის ისტორიული განვითარება, კერძოდ, ყურადღება გავამახვილოთ, თუ რა წვლილი შეიტანა ფილოსოფიამ და ხელოვნებამ მის ჩამოყალიბებაში? მაგალითად, ცნობილია, რომ კანტს დიდი გავლენა ჰქონდა ჰელმჰოლცზე, როცა მან “არაცნობიერი დასკვნის” (unconscious inference) იდეა განავითარა, ასევე განვიხილოთ ხელოვნების წვლილი, როგორიცაა გომბრიხის კონცეფცია დამკვირვებლის წილი (Beholder’s Share).

ძალიან მიხარია, რომ ამ მიმართულებით დავიწყეთ. პროგნოზული დამუშავება არის იდეა, რომელმაც ბოლო დროა ნეირომეცნიერებაში და კოგნიტურ მეცნიერებაში მყარად მოიკიდა ფეხი; პროგნოზული დამუშავების ჩარჩოს თანახმადაც აღქმა არის სენსორულ სიგნალების გამომწვევი მიზეზების შესახებ ტვინის მიერ პროგნოზების გაკეთების პროცესი. აღმოჩნდა, როგორც ეს შენ ძალიან ლამაზად შეაჯამე, რომ ამის უკან დგას ძალიან დიდი პრეისტორია, ბევრი სხვადასხვა სფეროდან.

ეს იდეა არაა უახლესი ნეირომეცნიერული თეორია, რომელიც ბოლო წლებში გაჩნდა, მართლაც კანტი თავისი “ნოუმენის” იდეით, რომ არსებობს ნამდვილი სამყარო, მაგრამ ჩვენ არასდროს გვეცოდინება რა არის ის და პირდაპირ ვერასდროს განვიცდით მას, რომელიც ყოველთვის იქნება დამალული სენსორული ფარდის მიღმა; ეს ერთ-ერთი ძლიერი შენაკადი იყო და როგორც შენ აღნიშნე, ჰელმჰოლცი კანტის გავლენის ქვეშ მოექცა.

ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ ტვინის მონაწილეობას პროგნოზის კეთების და განახლების პროცესში, ჩვენ მხოლოდ მის რეზულტატებს ვაცნობიერებთ".

ჰელმჰოლცი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს ამ იდეის ფორმალიზება შეძლო, ის ამას არაცნობიერ დასკვნას (unconscious inference) უწოდებდა. ფილოსოფიამ შეინარჩუნა საკვანძო მნიშვნელობა მომდევნო პერიოდშიც, თანამედროვე ფილოსოფიაში არიან ადამიანები, როგორებიცაა ჩემი კოლეგები ენდი კლარკი, იაკობ ჰოუვი, რომლებსაც ჩემგან განსხვავებული პერსპექტივები აქვთ, თუმცა ერთ საბაზისო იდეას ვიყენებთ აღქმის, კოგნიციის და ცნობიერების შესასწავლად.

ვფიქრობ, პროგნოზული დამუშავების ცნობიერებისთვის მისადაგებისას დაგვჭირდება ხელოვნების ისტორია. მე ვკითხულობდი ერიკ კენდელის წიგნს “Age of Insight”, რომელშიც იგი საუბრობს ხელოვნების ისტორიკოსზე, ერნსტ გომბრიხზე, რომელმაც განავითარა “დამკვირვებლის წვლილის” (Beholder’s Share) კონცეფცია, რომელმაც დიდი გავლენა იქონია ხელოვნების თეორიაზე. ეს არსებითად იგივე იდეაა — როცა სუბიექტი აკვირდება ხელოვნების ნიმუშს, გამოცდილება რომელიც მას აქვს, ნაწილობრივ დამკვირვებლის პროდუქტიცაა, ის არ გამომდინარეობს მხოლოდ ხელოვნების ნიმუშიდან; ამაში იგულისხმება, ხელოვნების ნიმუშის ჩვენი ვიზუალური აღქმაც და არა მხოლოდ ჩვენი შეფასებები.

ფოტო: CLAUDE MONET, Sunset in Venice

ეს იდეა კარგად უსვამს ხაზს ფენომენოლოგიურ ასპექტს და მისი გაცნობის შემდეგ ხელოვნების აღქმა სხვანაირად დავიწყე, მაგალითად თუ ავიღებთ რომელიმე იმპრესინოსტულ შედევრს და ყურადღებით დავაკვირდებით, ნახატი არ წარმოგვიდგენს ვიზუალური სცენის ზუსტ ასახვას, ის გვაწვდის ნედლ მასალას, რომელსაც ტვინი ამუშავებს და ჩვენი გამოცდილება ამით უფრო მდიდარი და ღრმაა ხდება, რადგან ამგვარად იზრდება დამკვირვებლის წილი ხელოვნების ნიმუშში.

განსხვავების უკეთ გასაგებად ასეთი პარალელის გავლება შეიძლება: მხედველობა ჩვენი მხედველობის ველის ცენტრში და მხედველობის ველის პერიფერიაზე. ამ ორს შორის ძალიან საინტერესო განსხვავებაა. პერიფერია არ არის ბუნდოვანი, მაგრამ არც მკვეთრი არაა, არამედ რაღაც განსხვავებულია. არაერთ ხელოვანს და ხელოვნების ნიმუშს გაუმახვილებია ყურადღება ამაზე. ასევე მნიშვნელოვანია პერსპექტივის იდეა კუბისტურ ხელოვნებაში, რომელიც გვაფიქრებს იმაზე, თუ როგორია დავინახოთ საგნები სხვადასხვა პერსპექტივიდან, ეს ორი შეგვიძლია დავაკავშიროთ შემდეგნაირად: ნორმალურ მხედველობაში ჩვენ აღვიქვამთ ობიექტებს სამ განზომილებაში, რადგან ჩვენი ტვინი აკეთებს პროგნოზს იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ობიექტი სხვადასხვა კუთხიდან.

ფოტო: Salvador Dali, Cubist self-portrait

ესაა ჩემი თეორია და კუბიზმი არსებითად არის ამ თეორიის გამოხატულება ხელოვნების ნიმუშებში, როცა შეგიძლია დაინახო ობიექტები სხვადასხვა პერსპექტივებიდან ერთდროულად.

ამრიგად, ბევრი განსხვავებული შენაკადია, მათ შორის რელიგიური და სპირიტუალური იდეები. მაიას იდეა, რომ ყველაფერი ილუზიაა, ბუდიზმში იდეა, რომ “მე” ილუზიაა, რომ რასაც განვიცდით, როგორც მე-ს არ არის მისი ნამდვილი არსი, ასევე შეგვიძლია ავხსნათ პროგნოზული დამუშავების კონტექსტში.

იმის თქმაც შეიძლება, რომ ეს იდეა პლატონის გამოქვაბულის ალეგორიითაც შეიძლება ავხსნათ, ეთანხმებით ამას?

კი და ამას ლექციებშიც ვიყენებ ხოლმე. როცა ამ ყველაფრის ისტორია სამ წუთში უნდა ჩავატიო, პლატონის გამოქვაბულის ალეგორიით ვიწყებ. მკითხველისთვის რომ განვმარტოთ, ალეგორია მდგომარეობს იმაში, რომ პატიმრები გამოქვაბულში კედლებს არიან მიჯაჭვულები და ერთადერთი რასაც ხედავენ არის საგნების ჩრდილები კოცონის შუქზე და ისინი აღიქვამენ ჩრდილებს, როგორც ნამდვილს, რადგან ეს ერთადერთი რამაა, რისი დანახვაც შეუძლიათ.

ამ კონტექსტში შეგვიძლია პროგნოზული დამუშავების დაკავშირება პლატონთან, მაგრამ როგორც ვამბობ უფრო უკანაც შეიძლება წავიდეთ, დასავლური ფილოსოფიის მიღმა, ამგვარი აზროვნების საწყისები ყველა ფილოსოფიურ და რელიგიურ ტრადიციებში გვხვდება და ყველა კულტურაში.

ერთ-ერთი რამ, რაც მომეწონა შენს წიგნში ისაა, რომ შენ გადათარგმნე “თავისუფალი ენერგიის პრინციპი”, რომელიც ცნობილია თავისი სირთულით, ტექნიკური ჟარგონიდან გასაგებ ენაზე. შეგიძლიათ აუხსნათ ჩვენ მკითხველს, რა არის თავისუფალი ენერგიის პრინციპი?

თავისუფალი ენერგიის პრინციპის გაგება მართლაც რთულია, მეც კი დღემდე მიჭირს მისი მათემატიკური და ფორმალური დეტალების გააზრება. საბედნიეროდ, მყავს ძალიან ჭკვიანი კოლეგები, რომლებიც ჩემზე უკეთ ერკვევიან მათემატიკაში და ამაში მეხმარებიან.

თავისუფალი ენერგიის პრინციპი ძალიან მომხიბლავი იდეაა. ის განავითარა უკიდურესად გავლენიანმა ბრიტანელმა ნეირომეცნიერმა კარლ ფრისტონმა. ვაღიარებ, რომ ჩემ რედაქტორები თავიდან ძალიან სკეპტიკურად უყურებდნენ, შეეტანათ თუ არა ეს თავი საერთოდ ჩემ წიგნში, ზედმეტად რთული ხომ არ იქნებოდა, მაგრამ მიხარია, რომ საბოლოოდ მაინც შევიტანე.

საუკეთესო გზა თავისუფალი ენერგიის პრინციპის გასაგებად იქნება, რომ ისევ მივუბრუნდეთ პროგნოზული დამუშავების იდეას, მაგრამ სხვა მხრიდან. როდესაც ვსაუბრობდით ჰელმჰოლცზე და კანტზე, რომ გარეგანი სამყაროს აღქმა არაპირდაპირია, ტვინი აკეთებს პროგნოზს და განაახლებს მას სენსორული სიგნალების მიხედვით. თავისუფალი ენერგიის პრინციპი სრულიად სხვა საკითხიდან იწყებს, კერძოდ: რას ნიშნავს იყო რაღაც, რას ნიშნავს არსებობდე და უფრო ზუსტად რას ნიშნავს იყო რაღაც, რაც დროში უწყვეტობას ინარჩუნებს, როგორიცაა ცოცხალი არსებები.

ჩვენ ცოცხალის სისტემები დროში უწყვეტობას ვინარჩუნებთ, ჩვენ ღია სისტემები ვართ, ვიღებთ ენერგიას გარემოსგან და ვახორციელებთ ქმედებებს, მაგრამ ჩვენ ვინარჩუნებთ სტრუქტურას, ვარსებობთ როგორც ამოცნობადი ორგანიზმი, როგორ ხდება ეს? საკმაოდ დიდი გამოწვევაა იმაზე ფიქრი, თუ როგორ ხდება ეს საერთოდ, რადგან არსებობს თერმოდინამიკის მეორე კანონი, რომელიც ამბობს რომ ყველაფერი მიისწრაფვის მაქსიმალური უწესრიგობის მდგომარეობისკენ, ტექნიკური ტერმინია ენტროპია.

უწესრიგობა ყოველთვის იზრდება, შენ შეგიძლია გატეხო კვერცხი, მაგრამ გატეხილი კვერცხი არასდროს გამთლიანდება. არსებობს გატეხილი კვერცხის მდგომარეობათა უფრო მეტი რაოდენობა, ვიდრე გაუტეხავის. მაშ რატომ უბრალოდ არ გარდავიქმნებით ბიოლოგიურ ფაფად? როცა ვკვდებით გარდავიქმნებით, მაგრამ არ იყო მკვდარი, განმარტემისამებრ ნიშნავს, არ აკეთებდე ამას. ჩვენ, როგორც ცოცხალი არსებები, ვარსებობთ ყველა შესაძლო მდგომარეობის ძალიან მცირე ქვესიმრავლეში, ამ მდგომარეობაში ყოფნას შეგვიძლია ვუწოდოთ მდგომარეობათა ატრაქტორი სიმრავლე, რომელიც განგვსაზღვრავს ჩვენ, როგორც საგანს დროში.

ეს ნიშნავს, რომ რაღაც აზრით ჩვენ ვამცირებთ მდგომარეობათა განუსაზღვრელობას, რომლებშიც შეიძლება რომ ვიყოთ, ჩვენ ვარსებობთ ამ მდგომარეობათა შეზღუდულ სიმრავლეში. როგორ ხდება ეს? შეგვიძლია წამოვაყენოთ არგუმენტი, რომ გვჭირდება ჩვენი სენსორული სიგნალების ენტროპიის შემცირება, სიგნალები, რომლებიც გარემოდან შემოდის, თუ ჩვენ თევზი ვართ, ჩვენ გვინდა წყალში ყოფნა და არ გვინდა წყლის გარეთ აღმოვჩნდეთ, მე მინდა დავყოვნდე მდგომარეობებში, რომლებშიც ველი რომ ვიქნები, არა ფსიქოლოგიურად არამედ ბიოლოგიური თვალსაზრისით. მე ველი, რომ გარშემორტყმული ვიქნები ჰაერით, მექნება შედარებით მუდმივი კვება და ა.შ. როგორ უნდა შევამციროთ ამ მდგომარეობათა განუსაზღვრელობა? და აი აქ შემოდის თავისუფალი ენერგიის პრინციპი.

თავისუფალი ენერგია არის კონცეფცია სტატისტიკური ფიზიკიდან, რომელიც გვაძლევს ენტროპიის ზედა ზღვარს, აღმოჩნდა, რომ მე არ შემიძლია პირდაპირ შევამცირო იმ მდგომარეობათა განუსაზღვრელობა, რომელშიც ვარ, რადგან ყველა შესაძლებლობა არ ვიცი, მაგრამ შესაძლებელია შევამციროთ მისი ზედა ზღვარი და ეს არის თავისუფალი ენერგია. თავისუფალი ენერგიის მინიმიზაციით, როგორ ორგანიზმს შემიძლია შევინარჩუნო მდგომარეობა, რომელშიც ველი რომ ვიქნები, ანუ იმ მდგომარეობებში, რომლებიც შეთავსებადია ცოცხლად ყოფნასთან.

შემდეგი ნაბიჯი შედარებით მარტივია: რას ნიშნავს თავისუფალი ენერგიის მინიმიზება? აღმოჩნდა, რომ გარკვეული დაშვებების აღიარების შემდეგ, ეს არის იგივე რაც პროგნოზული შეცდომის მინიმიზაცია. ამრიგად, თუ მე მაქვს ტვინი, რომელიც შექმნილია პროგნოზული დამუშავებისთვის, ანუ აკეთოს პროგნოზები და მიიღოს სენსორული სიგნალები, რომლებიც გაიგივებულია პროგნოზულ შეცდომებთან, შემიძლია მუდმივად განვაახლო ჩემი პროგნოზები, მაგალითად განვახორციელო ისეთი ქმედებები, რომლებიც შეცვლის სენსორულ მონაცემებს. ეს არის, რასაც ბევრი სხვადასხვა მაკონტროლებელი სისტემა აკეთებს, ისინი აკეთებენ პროგნოზებს იმის შესახებ, რისი კონტროლიც უნდა, მაგალითად კლიმატის კონტროლის სისტემა პროგნოზირებს, რომ სახლის ტემპერატურა იყოს 19.5 გრადუსი ცელსიუსი და შემდეგ ჩართავს ან გამორთავს გამათბობელს.

ყოველივე ეს რომ გავაერთიანოთ, ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ მთელი ეს პროგნოზული შეცდომის მინიმიზების პროცესი, როგორც თავისუფალი ენერგიის მინიმიზაციისა და ცოცხლად დარჩენის უფრო ფუნდამენტური იმპერატივის გამოვლინება და როცა ამ ყველაფერს ნეირომეცნიერების ენაზე ვთარგმნით, ეს კარგად შეესაბამება იმას თუ რას აკეთებს ტვინი ორგანიზმის შიგნეულობასთან მიმართებაში.

ფოტო: anilseth.com

ჩვენ განვიცდით ემოციებს, შიმშილს, შიშს და ა.შ. ეს ყველაფერი მჭიდრო კავშირშია ტვინის მიერ ორგანიზმის შინაგანი მდგომარეობის აღქმასთან, რასაც ინტეროცეფციას ვუწოდებთ, გასხვავებით ექსტეროცეფციისგან (მხედველობა, სმენა ა.შ.) ინტეროცეფცია უფრო მეტად არის კონტროლის შესახებ, ვიდრე იმის გარკვევის, თუ რა არის “იქ”. ტვინმა უნდა აკონტროლოს გულისცემის სიხშირე, სისხლის წნევა და ა.შ. ევოლუციის პროცესში ჩვენ ჩამოგვიყალიბდა ტვინები, რომელთა ძირითადი საქმიანობა ორგანიზმის სიცოცხლის შენარჩუნებაა, ესაა სხეულის კონტროლის და რეგულაციის პროცესი, ეს პროცესი ხორციელდება პროგნოზული დამუშავების ნაირსახეობით. კარლ ფრისტონი ამას აქტიურ დასკვნას უწოდებს, ესაა ქმედებები, რომლებსაც ტვინი ახორციელებს ორგანიზმის დასარეგულირებლად.

ეს შეგვიძლია დავუკავშიროთ გარეგანი სამყაროს აღქმას: ჩემი თეორიის თანახმად, მიზეზი რატომაც ვიყენებთ პროგნოზულ დამუშავებას გარეგანი სამყაროს აღქმისთვის მდგომარეობს იმაში, რომ ეს მექანიზმი უკვე გვქონდა სხეულის რეგულაციისთვის. ჩვენ აღვიქვამთ გარეგან სამყაროს ჩვენი სხეულების გამო და მეშვეობით. ესაა თავისუფალი ენერგიის პრინციპის ძირითადი, საკვანძო იდეა. ყოველ შემთხვევაში იმასთან მიმართებით, რასაც მე ვიკვლევ. თავისუფალი ენერგიის პრინციპი უფრო ფართო იდეაცაა და ბევრ სხვა კონტექსტში შეიძლება გამოვიყენოთ, იქნება ეს ევოლუცია თუ ხელოვნური ინტელექტი.

ჩვენ ასევე შეგვიძლია ამოვაყირავოთ ეს მიდგომა და გამოვიყვანოთ თავისუფალი ენერგია ბეიზის განტოლებიდან…

კი, ეგ ნაბიჯი გამოვტოვე, მადლობა რომ შემახსენე. მთელი ეს თავისუფალი ენერგიის ამბავი შეგვიძლია დავუკავშიროთ ბეიზიანურ დასკვნას (Bayesian Inference). ბეიზიანური დასკვნა არის ეს ზოგადი ჩარჩო, რომელიც გვაძლევს ინსტრუქციებს, თუ როგორ უნდა ვიაზროვნოთ განუსაზღვრელობის პირობებში, რა არის საუკეთესო დასკვნა, რომლამდეც სისტემა უნდა მივიდეს, იმისთვის, რომ მისი გარემოს ზუსტი რეპრეზენტაცია წარმოადგინოს ან საუკეთესოდ აკონტროლოს რაღაც ცვლადი.

ბეიზიანური დასკვნის ზუსტი იმპლემენტაცია ძალიან, ძალიან რთულია რეალური ფიზიკური სისტემისთვის. ამრიგად, კიდევ ერთი კარგი მხარე ამ ყველაფრის ისაა, რომ პროგნოზული შეცდომის მინიმიზება პროგნოზულ დამუშავებაში და თავისუფალი ენერგიის პრინციპის მექანიზმი მოქმედებს ბეიზის განტოლების მიახლოება და აღწევს ოპტიმალურ კონტროლს და რეგულაციას ორგანიზმებში.

ტრადიციულად, ინტეგრირებული ინფორმაციის თეორია და ბეიზიანური დასკვნა ერთმანეთს არ ეხმიანებოდა, ამაზე კრის ფრითთან მისაუბრია და იგი საკმაოდ სკეპტიკურადაა განწყობილი ინტეგრირებული ინფორმაციის სარგებლიანობის მიმართ, თუმცა, შენ წერ, რომ არის ინტეგრირებული ინფორმაციის თეორიის ასპექტები, რომლებიც ზედმეტად სპეკულატურია, თუმცა არის რაღაცები რაც სასარგებლოა ამ თეორიაში.

ინტეგრირებული ინფორმაციის თეორია კიდევ ერთი თავია, რომლის შესახებაც სკეპტიციზმი იყო, შეგვეტანა თუ არა წიგნში, რადგან ესეც საკმაოდ ჩახლართული იდეაა, რომელიც ჯულიო ტონონიმ და მისმა კოლეგებმა წამოაყენეს ვისკონსინში. თავისი სრული ვერსიაში "იით" საკმაოდ რთული თეორიაა, მაგრამ ისევ გამიმართლა, რომ ჩემზე ჭკვიანი კოლეგები მყავდა, რომლებიც უფრო ტექნიკურ ასპექტებზე მუშაობენ.

სხვათაშორის, ეს შეკითხვა ძალიან დროულია, ზუსტად დღეს გამოქვეყნდა სტატია Trend in Cognitive Sciences-ში, რომელიც პედრო მედიანომ, მე და ფერნანდო როსამ დავწერეთ დენ ბორენთან და ადამ ბარეტთან ერთად. მას ეწოდება "სუსტი იით-ის სიძლიერე" და ჩვენ ამ სტატიაში ზუსტად ამას ვიკვლევთ, იით-ზე ფიქრის განსხვავებულ მიდგომებს. ძლიერი იით, რომელსაც ემხრობა ტონონი და მისი კოლეგები, უკიდურესად საინტერესო და ლამაზი იდეაა, მე ის მომწონს რადგან ის იწყება ფენომენოლოგიით, თუ როგორია ცნობიერი გამოცდილება, ის არ ამბობს "ტვინის ესა და ეს რეგიონი უნდა წარმოქმნიდეს ცნობიერებას" არამედ ის სვამს კითხვას: რა თვისებები აქვს ცნობიერ გამოცდილებას და შემდეგ ისინი გამოყოფენ რამდენიმე თვისებას, რომლებსაც აქსიომებს უწოდებენ; აქ მხოლოდ ორს გამოვყოფ: ყველა ცნობიერი გამოცდილება ინტეგრირებულია, ანუ არის ერთი ცნობიერი სცენა თითოეულ მომენტში თითოეული ჩვენგანისთვის, მაგრამ ასევე ყველა ცნობიერი გამოცდილება უკიდურესად ინფორმატიულია, ანუ ყველა გამოცდილება რაც გვაქვს უნიკალურია და ის გამორიცხავს ალტერნატიული შესაძლო გამოცდილების ძალიან ფართო რეპერტუარს.

თეორიის სახელი სწორედ ამ ორი თვისებიდან გამომდინარეობს. ძირითადი იდეა ისაა, რომ თუ ცნობიერ გამოცდილებებს აქვს ეს ორი თვისება, ის ასევე უნდა გააჩნდეს იმ მექანიზმებს, რომლებიც საფუძვლად უდევს ამ გამოცდილებებს. ეს ძველი იდეაა, რომელსაც პირველად ჯულიო ტონონის და ჯერალდ ედელმანის 1998 წლის სტატიაში გადავაწყდი და იმდენად შთამაგონა, რომ ამის გამო გადავწყვიტე პოსტდოკის გაგრძელება სანდიეგოში. "იით" იღებს ამ ძირითად იდეას და ავითარებს ინტეგრირებული ინფორმაციის გაზომვის და მოდელირების გზებს, როგორიცაა Phi, რომელიც წარმოადგენს არარედუცირებადი ინტეგრირებული ინფორმაციის ზომას, რომელსაც სისტემა წარმოქმნის. მისი გაზომვა წარმოუდგენლად რთულია სისტემათა უმრავლესობაში, ზოგიერთ შემთხვევაში ის შეიძლება ნულს უდრიდეს, ისეთი სისტემებისთვის, რომლებიც არ ურთიერთქმედებენ, მაგრამ ტვინის შემთხვევაში მისი გაზომვა პრაქტიკულად შეუძლებელია. ძლიერ იით-ს ეწოდება ძლიერი იით, რადგან ის გვთავაზობს იგივეობას ინტეგრირებული ინფორმაციის თვისებებსა და ცნობიერებას შორის. ის არის სისტემის მექანიზმის, მისი მიზეზ-შედეგობრივი სტრუქტურის თვისება, არა მხოლოდ დინამიკის, არამეს საფუძვლად მდებარე სტრუქტურის.

ამრიგად, ეს ძალიან ლამაზი იდეების წყებაა. მაგრამ მისი გამოწვევაა, რომ პრაქტიკაში ის ძალიან ძალიან რთულად გაზომვადი და გამოყენებადია სწორედ მტკიცების სიძლიერის გამო, ვინაიდან ძლიერი იით გვთავაზობს იგივეობის მიმართებას, რომელმაც უნდა გადაჭრას ეგრეთ წოდებული “ცნობიერების რთული პრობლემა.” მექანიზმი არის ცნობიერება ისევე, როგორც მოლეკულების კინეტიკური ენერგია არის სითბო, ის კი არ კორელირებს სითბოსთან, არამედ არის სითბო. იით რაღაც მსგავს გვთავაზობს ცნობიერებისთვის და სწორედ ამიტომ, ის უკიდურესად რთულად გასაზომი ხდება ნებისმიერი რეალური სისტემისთვის. ჩვენი ამ ახალი სტატიის ძირითადი იდეაა, რომ ინტეგრირებულ ინფორმაციაზე ფიქრის სხვა გზებიც არსებობს. შეგიძლია შეინარჩუნო ძირითადი იდეა, აღწერო ფენომენოლოგიური თვისებები, ამ შემთხვევაში ინტეგრაცია და ინფორმაცია, მაგრამ ეს შეიძლება გააკეთო ისე, რომ არ იგულისხმო იგივეობა, რომ ერთი მეორეა. ესაა რასაც ვუწოდებ "რეალური პრობლემის" მიდგომა, განსხვავებით "რთული პრობლემისგან", რა არის ცნობიერების თვისებები და ტვინის რა მექანიზმებსა და პროცესებს შეუძლია აგვიხსნას ეს თვისებები, ესაა სუსტი ინტეგრირებული ინფორმაციის თეორია, რომელზეც ჩვენ სტატიაში ვსაუბრობთ.

ბეიზიანური დასკვნის თეორია ხსნის ცნობიერებას მისი გამოთვლითი ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, მაგრამ ფენომენოლოგიის ასახსნელად გვჭირდება "კონტროლირებული ჰალუცინაციის" იდეის შემოტანა.

კი, შენ შეგიძლია იფიქრო პროგნოზულ დამუშავებაზე ისე, რომ საერთოდ არ ახსენო ცნობიერება. ეს შეიძლება უბრალოდ იყოს მოდელი, თუ როგორ მუშაობს აღქმითი სისტემები, როგორ ახორციელებს ტვინი ამას და ასე შემდეგ. მაგრამ, თუ გვაინტერესებს ცნობიერება, უნდა დავსვათ კითხვა: როგორ მიემართება ეს ყველაფერი ცნობიერ გამოცდილებას. კონტროლირებული ჰალუცინაცია არის ტერმინი, რომელიც პირველად კრის ფრითისგან გავიგე, რომელმაც თავის მხრივ ვიღაცისგან გაიგო, რომელმაც კიდევ ვიღაცისგან და დღემდე ვცდილობ იმის გარკვევას თუ ვინ თქვა პირველად. მიზეზი, რატომაც ვიყენებ ამ ფრაზას ისაა, რომ ის კარგად უსვამს ხაზს, რომ ნორმალური აღქმა გამომდინარეობს შიგნიდან, ის შინაგანი კონსტრუქციაა, საუკეთესო ვარაუდი, თუ რა არის გარეთ. ამრიგად მას ახასიათებს უწყვეტობა იმასთან, რასაც ჰალუცინაციას ვუწოდებთ.

აღქმა და ჰალუცინაცია ერთი მონეტის ორი მხარეა".

როგორც წესი ტერმინი ჰალუცინაცია გამოიყენება მაშინ, როცა ადამიანი აღიქვამს რაღაცას, რაც იქ არ არის ან სხვები ვერ აღიქვამენ, ამიტომ ხშირად გვგონია რომ ეს ნორმალური აღქმისგან სრულიად განსხვავებული პროცესია, მაგრამ ჩვენ ვიცნობთ გარდამავალ შემთხვევებს, მაგალითად ღრუბლიან დღეს თუ ღრუბელს შეხედავ, შეიძლება ღრუბლებში სახეები დაინახო, ან ტოსტის ნაჭერში. ჩვენი ტვინი პროეცირებს პატერნებს საგნებში, ჩვენ შეიძლება გავიგოთ რაღაც ხმა მაშინ, როცა არავინ საუბრობს, ეს საკმაოდ ხშირიად ხდება. იდეა ისაა, რომ სინამდვილეში არსებობს უწყვეტობა ჰალუცინაციასა და ნორმალურ აღქმას შორის, მთავარი განსხვავება კი კონტროლშია — კონტროლირებული ჰალუცინაცია. ჩვენი ნორმალური აღქმები მჭიდრო კავშირშია გარეგან სამყაროსთან, ისინი გაკონტროლებულია სენსორული სიგნალების მიერ, ამრიგად შეგვიძლია ვიფიქროთ ჰალუცინაციაზე, როგორც უკონტროლო აღქმაზე.

ერთი დამატებითი კითხვა, რომელზეც წიგნში ღიად არ საუბრობთ, მაგრამ თქვენი პოზიცია მაინტერესებს: რა არის ინფორმაციის ონტოლოგიური სტატუსი? ზოგიერთი ფილოსოფოსი, მაგალითად დენიელ დენეტი თვლის, რომ ინფორმაცია სრულიად სხვა კატეგორიაა, მაგალითად გვაქვს მატერია, ენერგია და ინფორმაცია. ეთანხმებით ამ მიდგომას?

ეს ცოტათი დაგვაბრუნებს ინტეგრირებული ინფორმაციის საკითხთან. ინფორმაცია ძალიან საინტერესო და უცნაური კონცეფციაა. ყოველდღიურ საუბარში მას მუდმივად ვიყენებთ, მაგალითად გაზეთს კითხულობ, რომ ინფორმაცია მიიღო, ჩვენ ასევე ვსაუბრობთ მასზე, როცა ტვინის მუშობას აღვწერთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ტვინსა და კომპიუტერს შორის ანალოგია მოგვყავს. ბევრი ადამიანი კოგნიტურ მეცნიერებაში გეტყოდათ, რომ რა თქმა უნდა, ტვინი ინფორმაციას ამუშავებს, ესაა რასაც ტვინი აკეთებს. ჩემთვის არაფერი აშკარა ამაში არ არის. გააჩნია, რას ვიგულისხმებთ ტერმინებში, შენ შეგიძლია გააკეთო ანალოგია ტვინსა და კომპიუტერს შორის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტვინი კომპიუტერია.

ინფორმაციას სულ მცირე ორი განმარტება აქვს: ერთია ინფორმაციის სტანდარტული გამოყენება ინფორმაციის თეორიიდან, შენონის ენტროპია, რომელიც დამკვირვებელზე დამოკიდებული ინფორმაციაა, სინტაქსი სემანტიკის გარეშე. ინფორმაციის თეორიია გაჩნდა ინჟინერული პრობლემის შედეგად, თუ როგორ გაგვეგზავნა შეტყობინებები უფრო სწრაფად და შეცდომების გარეშე, მაგრამ ამისთვის შენ გჭირდება ენკოდერი და დეკოდერი თითოეულ დაბოლოებაზე. როცა ნეირონები იმპულსებს ატარებენ, შეგვიძლია ეს აღვწეროთ ინფორმაციის თეორიის კონტექსტში, მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს რაიმეს სისტემისთვის, თუ ეს მხოლოდ აღწერის საშუალებაა?

არსებობს ინფორმაციის მეორე განმარტება, რომელიც აძლევს მას სტატუსს, რომელიც გაცილებით უფრო ფუნდამენტურია სამყაროს სურათისთვის და ეს უკვე ფიზიკის ფუნდამენტური პრობლემა ხდება და არა ამხოლოდ კოგნიტური მეცნიერების. არსებობს თუ არა ინფორმაცია იმ აზრით, რა აზრითაც მასა, მუხტი და ენერგია არსებობს? ჯონ ვილერმა გამოხატა ეს იდეა, როგორც “It from bit” ჰიპოთეზა, რომ ინფორმაცია სხვა ყველაფერზე ფუნდამენტურია და ყველაფერი დანარჩენი მისგან გამომდინარეობს. ვეთანხმები თუ არა ამას? მე აგნოსტიკი ვარ ამასთან მიმართებით, თუმცა საინტერესო იდეაა. ინტეგრირებული ინფორმაციის თეორია გარკვეული აზრით ამას ეყრდნობა, ინფორმაციის ძლიერ ონტოლოგიურ ინტერპრეტაციას, რადგან ის სვამს ტოლობას ცნობიერებასა და იმგვარ ინფორმაციას შორის, რომელიც არაა დამკვირვებელზე დამოკიდებული, არამედ სისტემის თავისთავადი მახასიათებელია. ტონონი და სხვები გეტყვიან, რომ ცნობიერად ყოფნა არაა დამოკიდებული იმაზე, ვიღაც იყურება თუ არა ჩემ ტვინში. იმისთვის რომ დასვა ტოლობა ინტეგრირებულ ინფორმაციასა და ცნობიერებას შორის, უნდა დაუშვა, რომ ინფორმაცია არსებობს, როგორც დამოუკიდებელი ონტოლოგიური კატეგორია და არა უბრალოდ რაღაც, რასაც დამკვირვებელი აღწერს. ზუსტად ამიტომაა მისი გაზომვა ძალიან რთული. სუსტი იით არ აკეთებს ამ დაშვებას და ეყრდნობა უფრო სტანდარტულ შენონის განმარტებას.

თუ დავუშვებთ, რომ ინფორმაციის დამუშავება არ არის მხოლოდ ხელსაყრელი მეტაფორა ან მოდელი, ლოგიკურად გამომდინარეობს, რომ ის რეალიზებადია ხელოვნურ სისტემებში. მაგრამ თქვენ ამტკიცებთ, რომ ჩვენ არ გვაქვს დამაჯერებელი არგუმენტი ამის დასამტკიცებლად.

აქაც იმედგამაცრუებლად აგნოსტიკოსი ვარ. ძლიერ მტკიცებებს ეჭვის თვალით ვუყურებ ხოლმე. არსებობს მოსაზრება, რომ ხელოვნური ინტელექტი ხელოვნურ ცნობიერად განვითარების გარდაუვალ ტრაექტორიას ადგას, რომ დადგება მომენტი, როცა ხელოვნური ინტელექტი მიაღწევს ინტელექტის ზღურბლს, რომლის შემდეგაც ის ცნობიერი გახდება. ორი რამ, რაც ასეთ მიდგომაში პრობლემურად მეჩვენება: პირველია დაშვება, რომ ცნობიერება არის ინტელექტის ფუნქცია. მე არ ვთვლი, რომ ეს მართალია. ინტელექტი რა თქმა უნდა გვაძლევს ცნობიერად ყოფნის გარკვეულ ახალ მდგომარეობებს, მაგრამ არ ვთვლი, რომ ცნობიერება უბრალოდ ავტომატურად წარმოიქმნება ინტელექტის ზრდასთან ერთად. ჩემი აზრით, ამ იდეას ფესვები აქვს “ადამიანის გამორჩეულობის” რწმენაში, რომ ჩვენ ადამიანები ვართ ჭკვიანები, ცნობიერები და განსაკუთრებულები, ამიტომ ცნობიერება და ინტელექტი ერთმანეთთან კავშირში უნდა იყოს. სინამდვილეში, ფუნდამენტური სახის ცნობიერი გამოცდილებები, უფრო მეტად მჭიდრო კავშირშია თვით-გადარჩენის ინსტინქტთან, მაგალითდ ზიზღი, შიში, შიმშილი, წყურვილი.

არ არის აუცილებელი იყო ჭკვიანი, რომ დაიტანჯო, ამისთვის საკმარისია, რომ გქონდეს სხეული. ესაა კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ვაყენებ ეჭვქვეშ იმ იდეას, რომ ცნობიერება სუბსტრატისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს. სუბსტრატისგან დამოუკიდებლობაში იგულისხმება, რომ სათანადოდ დაპროგრამებული კომპიუტერი შეიძლება გახდეს ცნობიერი. მაგრამ ის რომ სუბსტრატზე დამოკიდებული იყოს, მაშინ ეს შეუძლებელი იქნებოდა.

თუ დავუშვებთ, რომ ცნობიერება ინფორმაციის დამუშავების ფორმაა, როგორც ამას ხშირად აკეთებენ, ამ დაშვებას თან მოჰყვება მეორე დაშვება სუბსტრატისგან დამოუკიდებლობის შესახებ ვინაიდან ინფორმაციის დამუშავება შეიძლება ბევრ სხვადასხვა სისტემაში მოხდეს. ჩემი აზრით ეს დაშვება უსაფუძვლოა. ჩვენ არ გვაქვს საკმარისი საფუძველი ვიფიქროთ, რომ ცნობიერება ისეთი რამაა, რისი სიმულაციაც მის ინსტანციაციას ნიშნავს. არის რაღაცები, რისი სიმულაციაც თავად იმ რაღაცის ექვივალენტურია, მაგალითად კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ჭადრაკს თამაშობს, მართლა ჭადრაკს თამაშობს, მაგრამ სხვა შემთხვევებში ეს ასე არაა, კომპიტერი რომელიც ამინდს სიმულირებს არ სველდება. წვიმა არ არის სუბსტრატისგან დამოუკიდებელი, ის მოითხოვს H2O-ს.

ასევე არსებობს არგუმენტები, რომლებიც თავისუფალი ენერგიის პრინციპს უკავშირდება და ამბობს, რომ სიცოცხლე არის ცნობიერების აუცილებელი კომპონენტი და მთელი მიზეზი, რატომაც გვაქვს ჩვენი თავების და სამყაროს გამოცდილებები, მდგომარეობს იმაში, რომ ცოცხალი არსებები ვართ და ცოცხალ ორგანიზმებში არ არსებობს მკაფიო გამყოფი ხაზი Hardware-სა და Software-ს შორის. ამრიგად, მე აგნოსტიკოსი ვარ, თუმცა მაქვს ეჭვი, რომ ამ მიზეზების გამო, სუბსტრატს აქვს მნიშვნელობა და ცნობიერება შეიძლება იყოს ცოცხალი სისტემების თვისება, რაც ბიოლოგიური ნატურალიზმის ფილოსოფიური პერსპექტივაა.