OpenAI-ის ხელოვნურმა ინტელექტმა, შესაძლოა, საკუთარი ენა გამოიგონა
ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ OpenAI-მ ახალი ხელოვნური ინტელექტი, მანქანური დასწავლის გასაოცარი ქმნილება, DALL-E2 შექმნა. ეს ხელოვნური ინტელექტია, რომელსაც გამოსახულების შესაქმნელად მხოლოდ ტექსტიც ჰყოფნის. მაგალითად, თუ ტექსტში წერია "ენოტი ისვრის ბურთს კალათში" ან "პანდა ციგურებით", ამ ტექსტს AI ფოტოებად აქცევს.
ასევე: ამ კაცმა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ესკიზი ტატუდ დაიხატა
ახლა კი, როგორც ჩანს, DALL-E2-მა შექმნა საკუთარი წერილობითი ენა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანის დარასი ავრცელებს, კომპიუტერული მეცნიერებების დოქტორანტი ოსტინის ტეხასის უნივერსიტეტიდან.
DALL-E2-მ ამ წლის დასაწყისში დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ტექსტის ფოტორეალისტურ ან თუნდაც მხატვრულ სტილში გადაქცევის საოცარი უნარით. ახლა კი ის სრულიად ახალ ეტაპზე გადადის, რაც ნიშნავს, რომ მას საკუთარი იდუმალი კოდის, იგივე ენის გენერირება შეუძლია.
დარასმა ამის შესახებ ტვიტერზე დაპოსტა. მისი თქმით, თუ DALL-E2-ს ეტყვი ფრაზას "ფერმერები, რომლებიც საუბრობენ ბოსტნეულზე", ის მას აგენერირებს უცხო სიტყვად – "vicootes". თუ სიტყვა "vicootes" ალგორითმში მიუთითებთ, ის ბოსტნეულის სურათებს ქმნის.
როგორც დარასი ამბობს, კიდევ უფრო უცნაური ისაა, რომ ფერმერების გამოსახულება შეიცავდა აშკარა აბსურდულ ტექსტს "poploe vesrreaitars". და აი თუ ამ სიტყვებს შეიყვანთ სისტემაში მიიღებთ ფრინველების სურათებს.
"როგორც ჩანს, ფერმერები ჩიტებზე საუბრობენ, რომლებიც მათ ბოსტნეულს აჩანაგებენ", — დაწერა დარასმა.
დარასმა ამ თემაზე ნაშრომიც შექმნა, რომელშიც აღწერილია, რომ DALL-E2-მა საკუთარი ენა გამოიგონა. ეს "ფარული ლექსიკა" კიდევ ერთი მაგალითია, იმისა, თუ რამდენად კომპლექსურია უკვე დღეს მოწინავე ხელოვნური ინტელექტი.
"DALLE-2-ს აქვს საკუთარი საიდუმლო ენა. მისი ენის აღმოჩენა და შესწავლა ძალიან საინტერესოა", — ამბობს დარასი.
აღსანიშნავია, რომ დარასის დასკვნები ჯერ კიდევ ახალია და ის გადამოწმებას საჭიროებს. არიან მისი თეორიის მოწინააღმდეგეებიც.
"ეს შეიძლება უბრალოდ პროგრამული ხარვეზი იყოს, ან სულაც შემთხვევითობა", — თქვა მკვლევარმა ბენჯამინ ჰილტონმა.
თუმცა, ფაქტი სახეზეა, რომ ის რაც DALLE-2-ის გარშემო ხდება საინტერესოა და ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს. თუ ეს ყველაფერი დადასტურდა, შეიძლება სრულიად ახალი სიტყვა იყოს ხელოვნური ინტელექტის დარგში.
კომენტარები