OpenAI-ს თქმით, მათი ახალი AI პორნოგრაფიულ და ძალადობრივ კადრებს არ შექმნის
OpenAI-მ ახალი ხელოვნური ინტელექტი, მანქანური დასწავლის გასაოცარი ქმნილება, DALL-E2 გამოუშვა, რომელსაც გამოსახულების შესაქმნელად მხოლოდ ტექსტიც ჰყოფნის. აი მაგალითად, თუ ტექსტში წერია "ენოტი ისვრის ბურთს კალათში" ან "პანდა ციგურებით", ამ ტექსტს AI ფოტოებად აქცევს. მაგალითისთვის, უკეთ აღსაქმელად შეგიძლიათ ეს ტვიტი ნახოთ.
ალბათ თავში ბევრი იდეა მოგივიდათ, თუ როგორ და რაში შეიძლება გამოიყენონ ადამიანებმა მსგავსი ხელსაწყო. ასეთი AI პროექტებისადმი საკმაოდ ფაქიზი მიდგომებია საჭირო, რადგან ყოფილა შემთხვევები, როცა ხელოვნური ინტელექტი არასწორი მიმართულებით განვითარებულა, ან ის უბრალოდ ბოროტი მიზნებისთვის იქნა გამოყენებული. Deep Fake ფოტოებისა და ვიდეოების გაკეთება OpenAI-ს ახალი შემოქმედების გამო კიდევ უფრო მარტივი გახდება, რაც გარკვეულ საფრთხეებს წარმოქმნის.
თუმცა, OpenAI აღნიშნავს, რომ DALL-E2-ს ამ მხრივ შეზღუდული შესაძლებლობები აქვს. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, AI ვერ შეძლებს "ძალადობრივი, ზიზღის შემცველი და პორნოგრაფიული ხასიათის" ფოტოების შექმნას.
"ამისათვის, საწვრთნელი ინფორმაციიდან ჩვენ მაქსიმალურად ამოვიღეთ ძალადობრივი და პორნოგრაფიული ხასიათის კონტენტი, შესაბამისად DALL-E2 მსგავსი ტიპის კონტენტის შექმნას ვერ შეძლებს", — აცხადებენ OpenAI-ში.
ერთი შეხედვით, DALL-E2-ის დაცვითი მექანიზმი კარგად უნდა მუშაობდეს, თუმცა ყოველთვის გამოიძებნება ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომელიც შეზღუდვებისთვის გვერდის ავლის გზას გამონახავს, თუნდაც რაიმე ბაგის ხარჯზე.
"ჩვენ არ დავაგენერირებთ ფოტოს, თუ ის არ იქნება ჩვენს წესებთან შესაბამისობაში. დაცვის მონიტორინგისთვის ჩვენ ავტომატიზირებული სისტემა გვაქვს, გარდა ამისა, ამ პროცესს ადამიანებიც აკვირდებიან, რაც შეცდომის გაპარვის შანსს ამცირებს", — ამბობენ OpenAI-ში.
კომენტარები