8 აპრილს ოთხი ადამიანი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) SpaceX-ის რაკეტით, პირველი კერძო მისიით გაემგზავრა. მათ თან ფეხსაცმლის ყუთის ზომის კონტეინერი წაიღეს, რომელშიც ცხოველური უჯრედები და ყველა ის მასალა იყო მოთავსებული, რაც მათ ხორცის გასაზრდელად სჭირდებოდათ.

ლარი კონორი, ეიტან სტიბი და მარკ პათი, ყოფილ ასტრონავტ მაიკლ ლოპეზ-ალეგრიასთან ერთად ISS-ზე კენედის კოსმოსური ცენტრიდან გაემგზავრნენ. ისინი უკან 24 აპრილს დაბრუნდნენ, რის შემდეგაც უფრო დეტალურად დაიწყეს ცხოველური უჯრედების გაანალიზება.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ექსპერიმენტი წარმატებული გამოდგება და დამტკიცდება, რომ კოსმოსში ხორცის გაზრდა შეიძლება, თუმცა ეს მას ავტომატურად კარგ იდეად არ აქცევს.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ მსგავსი ექსპერიმენტი ISS-ზე 2019 წელსაც ჩაატარა, თუმცა, წლევანდელი ექსპერიმენტისგან განსხვავებით, სამი წლის წინ მათ სადგურზე ხორცი უჯრედებისგან 3D პრინტერის საშუალებით შექმნეს.


კოსმოსის კოლონიზაცია ილონ მასკსაც უნდა და ჯეფ ბეზოსსაც. მათ გარდა, მარსის მტვრიან ზედაპირზე ხალხის გაგზავნას NASA-ც ცდილობს.

თუმცა, თუ ადამიანები სხვა პლანეტებსა თუ მთვარეზე დასახლებების შექმნას მოინდომებენ, საიდან უნდა მიიღონ საკვები კოსმოსში? აქამდე მრავალი ექსპერიმენტი ჩატარდა იმის შესამოწმებლად, შეუძლიათ თუ არა მცენარეებს ნორმალური ცხოველქმედება კოსმოსში. გასულ თვეს კი, მეცნიერებმა ახალი ექსპერიმენტის ჩატარება დაიწყეს, რომლის მიზანიც იმის გარკვევაა, შეიძლება თუ არა იქ, დედამიწიდან შორს, ხორცის უჯრედების გაზრდა.

ეს იყო პატარა საპილოტე ნაბიჯი საკვების პოტენციური წყაროს გამოსაცდელად, რომელიც, მომავალი კოსმოსური მოგზაურობისთვის, შესაძლოა, დიდი ნახტომი იყოს.

ექსპერიმენტის იდეა ებრაულ კომპანია ალეფ ფარმში გაჩნდა. აღსანიშნავია, რომ კომპანია უჯრედებიდან ხორცის გაზრდის მიმართულებით სპეციალიზდება და მისი გუნდი პირველია, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სრულად კერძო მისიით გაემგზავრნენ.

თუმცა, სკეპტიკოსების თქმით, საკვების მიღების ეს მეთოდი ზედმეტად არასტაბილური და არასაიმედოა და კოსმოსში ხორცის გაზრდა ამ უკანასკნელის დედამიწიდან ტრანსპორტირებაზე მარტივი არასდროს იქნება.

როგორ იზრდება ლაბორატორიული ხორცი

უჯრედებისგან ხორცის გაზრდა დედამიწაზეც არაა მარტივი. Aleph Farms ერთ-ერთია იმ რამდენიმე კომპანიიდან, რომლებიც ეთიკური ხორცის წარმოებას ცდილობენ, თუმცა ეს კომპანია პირველია, რომელიც ამის კეთებას კოსმოსში ცდილობს.

კომპანიას ტერმინ "ლაბორატორიულ ხორცს" არ იყენებს, თუმცა, რეალურად, ეს პროცესი ტრადიციულ ცხოველების ფერმას ოდნავადაც არ ჰგავს.

ხორცის გაზრდის პროცესში, ძროხისგან (ან ნებისმიერი სხვა ცხოველისგან) უჯრედების გამოყოფის შემდეგ, ამ ცოცხალ ერთეულებს იმ ნივთიერებებით კვებავენ, რომელიც უჯრედებს ზრდისთვის ესაჭიროებათ. ასეთებია ამინომჟავები და ნახშირწყლები. უჯრედები იქამდე მრავლდება, სანამ კუნთის ქსოვილი არ ჩამოყალიბდება. საბოლოოდ კი, ეს მასა ხორცად იქცევა, რომლის მირთმევაც ხორცისმჭამელებს თავისუფლად შეგიძლიათ. ამ პროცესს "კულტივაცია" ან "პროლიფერაცია" ეწოდება.

აღსანიშნავია, რომ მეცნიერები ლაბორატორიულ ხორცს ავზებში ზრდიან. ფერმის ცხოველის სასიცოცხლო ციკლი — დაბადება, ცხოვრება და მკვლელობა, ამ შემთხვევაში, გამოტოვებულია.

ენთუზიასტების თქმით, პროცესს გარემოზე დადებითი გავლენა ექნება, რადგან ტრადიციულად მიღებული ხორცის ლაბორატორიულით ჩანაცვლება ატმოსფეროში სათბურის აირების ემისიებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

რაში გვჭირდება ხორცის გაზრდა კოსმოსში?

ზვიკა თამარის თქმით, რომელიც Aleph Farms-ის კოსმოსურ პროგრამას ხელმძღვანელობს, მეცნიერებმა ჯერ არ იციან, შეიძლება თუ არა ამ პროცესის გამეორება ნულოვანი გრავიტაციის პირობებში.

"აქამდე ჩატარებულმა არაერთმა სამეცნიერო კვლევამ ცხადყო, რომ მიკროგრავიტაციის გარემოში ფიზიოლოგია და ბიოლოგია სრულებით განსხვავებულად მუშაობს. ასე რომ, სინამდვილეში, არავინ იცის, ხორცის კულტივაციის პროცესი კოსმოსში წარმატებული იქნება თუ არა".

არსებობს მიზეზი, თუ რატომ არ ვხვდებით ადგილობრივ სუპერმარკეტებში ლაბორატორიულ ხორცს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ინდუსტრიაში ასობით მილიონი დოლარია ჩადებული (Aleph Farms-ის ინვესტორი ლეონარდო დიკაპრიოა), ამ საკვების მასშტაბური წარმოება ჯერჯერობით ძნელია და ძვირიც ჯდება.

ამ ეტაპზე, Aleph Farms, რესტორნებში ლაბორატორიული ხორცის მიწოდებისთვის, ისრაელის მარეგულირებლის ნებართვას ელოდება. აღნიშნული პროდუქტი ის საკვებია, რომელსაც ჯერ დედამიწაზეც არ აქვს მოკიდებული ფეხი, არათუ კოსმოსში.

სტერილობის პრობლემა

როდესაც კოსმოსში ხორცის გაზრდაზე ვსაუბრობთ, სხვა, უფრო პრაქტიკული პრობლემებიც იჩენს თავს. პირველი მათგანი სტერილობის პრობლემაა.

"ცხოველური უჯრედები ნელა იზრდება", — განაცხადა დევიდ ჰამბირდმა, ბერკლის ქიმიურმა ინჟინერმა. "იმ შემთხვევაში, თუ ავზში ბაქტერიები ან სოკოები მოხვდებიან, ნივთიერება ბევრად სწრაფად გაიზრდება და, საბოლოოდ, არა ცხოველური უჯრედების, არამედ ბაქტერიების გროვას მივიღებთ და მისი გადაგდება მოგვიწევს", — დაამატა ჰამბირდმა.

Aleph Farms-ს სჯერა, რომ სტერილობის პრობლემასთან გამკლავება თავისუფლად შეიძლება, განსაკუთრებით კი კოსმოსში, სადაც შედარებით ნაკლები რაოდენობის ხორცის წარმოება იქნება საჭირო. თუმცა, ავზის დაბინძურება მარსის ჰიპოთეტური საზოგადოებისთვის დამღუპველი იქნება.

ხანგრძლივი კოსმოსური მისიების დაგეგმვის დროს, საკვების გარდა, სხვა ფაქტორებიცაა გასათვალისწინებელი. ასეთია, მაგალითად, ასტრონავტების მენტალური ჯანმრთელობა.

კერენ ნაიბერგი NASA-ის ყოფილი ასტრონავტია, რომელმაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) 5.5 თვე გაატარა და ახლა Aleph Farms-ის მრჩეველთა საბჭოს წევრია. მისი თქმით, ეკიპაჟის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაში საკვები გადამწყვეტ როლს თამაშობს.

"სადგურზე საკვები თეთრ პარკებშია შენახული, რომელსაც წყალი უნდა დავუმატოთ, როგორც რძის ფხვნილს და მსგავს რაღაცებს... ISS-ზე ყოფნისას შემწვარი ნივრისა და ზეითუნის ზეთის სუნი მენატრებოდა, ასეთი რაღაცები კი იქ უბრალოდ არ გვქონდა. ასე რომ, ნებისმიერი რამ, რაც სადგურზე სახლს გაგვახსენებს, შესანიშნავი იქნებოდა".

ნაიბერგის თქმით, ხილი და ბოსტნეული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გადაბმულად წლების განმავლობაში აპირებენ დედამიწიდან შორს ყოფნას.

თუ კაცობრიობა სერიოზულად ფიქრობს მარსზე კოლონიების შექმნაზე, ასტრონავტების გამოკვება მაღალი კვებითი ღირებულების საკვებით, რომელიც არ ფუჭდება და კარგი გემოც აქვს, მნიშვნელოვანი და რთული თავსატეხია.

ერთია იმის ჩვენება, რომ კოსმოსში ხორცის გაზრდა შეიძლება და მეორეა იმის დამტკიცება, რომ იგი დედამიწიდან წაღებული საკვების საკმარისად საიმედო და პრაქტიკულ ალტერნატივას წარმოადგენს.

ასევე იხილეთ: შემდეგი პოდკასტი: ლაბორატორიული ხორცი — როგორია საკვების მომავალი