დაღესტანში მოსწავლეს უკრაინის მხარდამჭერი განცხადების გამო ბოდიშის მოხდა აიძულეს
დაღესტანში, ქალაქ იზბერბაშში სკოლის მოსწავლემ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა — ვიდეოს გავრცელების შემდეგ, მას ბოდიშის მოხდა აიძულეს.
ვიდეო ტელეგრამზე 22 მაისს გამოქვეყნდა. მე-11 საშუალო სკოლის მოსწავლე ღონისძიებაზე მიკროფონთან მივიდა და დაიყვირა: "არა ომს! თავისუფლება უკრაინას! პუტინი არის ეშმაკი!". იმავე დღეს ადგილობრივმა გამოცემამ, Daghestanskiye Izvestiya-მ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მოზარდი და დედა ბოდიშს საჯაროდ იხდიან.
"ძალიან ვწუხვარ იმ ქმედების გამო, რომელიც სკოლის დასრულების ცერემონიალზე ჩავიდინე. უბრალოდ ყურადღების მიპყრობა მინდოდა. ბოლო დროს, გამოცდებზე ვნერვიულობ, რის ფონზეც დედაჩემს ვეჩხუბე. ვაღიარებ ჩემს შეცდომას და ბოდიშს ვიხდი, რომ დღესასწაული ჩავუშალე ყველას", — განაცხადა ზუხრა ალბეკოვამ.
ამის შემდეგ, საკუთარი თავი მოსწავლის დედამ წარადგინა და შვილის "ემოციური და დაუფიქრებელი" ქმედების გამო ბოდიში მოიხადა. მისი თქმით, შვილის ომის საწინააღმდეგო განცხადებების მიზეზი გამოცდების სტრესი და სახლში არსებული პრობლემები იყო.
"მთლიანად ვუჭერ მხარს ქვეყნის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის კურსს. მე პატრიოტი ვარ, შესაბამისად, ვუჭერ მხარს უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე სპეციალურ ოპერაციას. გულწრფელად ვწუხვარ, რომ ეს მოხდა, რაღაც მნიშვნელოვანი გამომრჩა ჩემი შვილის აღზრდის პროცესში. პირობას ვდებ, ეს აღარასოდეს განმეორდება", — განაცხადა დედამ.
როგორც Kavkaz.Realii-მ რეგიონული ხელისუფლების წყაროზე დაყრდნობით დაწერა, დაღესტნის ხელმძღვანელმა, სერგეი მელიკოვმა პირადად დაურეკა იზბერბაშის მერს და ინციდენტის გამოძიება უბრძანა. მოგვიანებით, ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა დედა-შვილს ბოდიშის მოხდა აიძულეს.
დაღესტნისა და ჩრდილოეთ კავკასიის ახალი ამბების ტელეგრამ არხის, Ask Rasul-ის წყაროს თანახმად, იზბერბაშის განათლების დეპარტამენტის უფროსსა და მე-11 საშუალო სკოლის დირექტორს დაღესტნის ხელისუფლებამ გადადგომის შესახებ წერილობითი განცხადების დაწერაც მოთხოვა.
გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდს "რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის" მუხლით ბრალი წაუყენეს და 1 700 დოლარით დააჯარიმეს.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ადმინისტრაციული ოქმი დედის წინააღმდეგაც შეადგინეს, რადგან მან "ვერ შეასრულა ვალდებულება, მხარი დაეჭირა და აღეზარდა" საკუთარი შვილი. მას 86 დოლარის ოდენობით ჯარიმა ემუქრება.
რუსეთის ხელისუფლებას მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები