საქართველოს ბანკმა შეთავაზებების მართვის ახალი პლატფორმა Bank of Georgia Ads Manager დააანონსა, მისით სარგებლის მიღებას კი როგორც საცალო მომხმარებლები, ასევე ბიზნესები შეძლებენ. პლატფორმა ერთი მხრივ შესაძლებლობაა სხვადასხვა ბიზნესის არასაბანკო (lifestyle) შეთავაზებების ერთ სივრცეში მისაღებად, მეორე მხრივ კი საშუალება კომპანიებისთვის, თარგეთირებული შეთავაზებები მიიტანოს იმ აუდიტორიამდე, რომელსაც მათი პროდუქტი სჭირდება. ეს ნიშნავს, რომ ადგილობრივ ბაზარზე Google Ads Manager-ის თუ Facebook Business Manager-ის ანალოგი გვექნება.

Bank of Georgia Ads Manager საბანკო ოპერაციებზე დაყრდნობით, მომხმარებლის სურვილებზე მორგებულ შეთავაზებებს უკვე აგენერირებს. მისი დახმარებით შექმნილი ფასდაკლებები, ქეშბექები, ლოიალობის ქულების დაგროვება და ა.შ. უკვე ხელმისაწვდომია მობილბანკში და ძალიან მალე, მათ მომხმარებელი ინტერნეტ ბანკსა და offers.bog.ge-ის პლატფორმებზეც შეხვდება. გარდა ამისა, საქართველოს ბანკის Ads Manager მალე api.bog.ge-ის პლატფორმაზე იქნება ხელმისაწვდომი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ბანკის ნებისმიერ ბიზნესმომხმარებელს შეეძლება მისი გამოყენება.

რა ბენეფიტს მოიტანს ახალი ფუნქციონალი ბიზნესისთვის თუ მომხმარებლისთვის, როგორ იქმნებოდა ის და რა პოტენციალი აქვს ქართულ ბაზარზე — ამ და სხვა კითხვებზე საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, გიორგი ვახტანგიშვილი გვპასუხობს:

როგორ იქმნებოდა საქართველოს ბანკის Ads Manager? რა პრობლემის გადაჭრა დაისახეთ მიზნად, როცა ამ პროდუქტის შექმნაზე ფიქრი დაიწყეთ?

Bank of Georgia Ads Manager-ზე მუშაობისას ორი მიზანი გვქონდა: ჩვენი მომხმარებლებისთვის ციფრულ არხებში მათთვის ყველაზე საინტერესო და ღირებული შეთავაზებები მიგვეწოდებინა (ფასდაკლებები, ქეშბექები, ლოიალობის ქულების დაგროვება, საჩუქრები და სხვა.) მეორე მხრივ კი, ბიზნესებისთვის, საქმიანობის დაწყებიდან განვითარების ყველა ეტაპზე, მათი საჭიროებების სპექტრი დაგვეფარა — მიგვეცა შესაძლებლობა ლაივ რეჟიმში ემართათ კამპანიები, გაეხორციელებინათ კამპანიის შედეგების დეტალური ანალიზი, მომხმარებლის სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით შეერჩიათ აუდიტორია და ამაზე დაყრდნობით, უფრო ეფექტიანი გაეხადათ საკუთარი საქმიანობა.

საქართველოს ბანკის Ads Manager ბიზნესებს ეფექტიანი, მიზნობრივი კომუნიკაციის წარმოებასა და გაყიდვების ზრდაში დაეხმარება, ხოლო მომხმარებლებს საქართველოს ბანკის ციფრულ არხებში ღირებული და საინტერესეო შეთავაზებებით უზრუნველყოფს".

როგორი იქნება საქართველოს ბანკის Ads Manager-ის გამოყენების პროცესი ბიზნესისთვის? რა სარგებელს მოიტანს ეს კომპანიებისთვის და როგორ შეძლებენ პლატფორმის გამოყენებას?

Google Ads Manager-ის თუ Facebook Business Manager-ის მსგავსად, ბიზნესი შეძლებს სრულად ციფრულად დაგეგმოს სასურველი კამპანია — გაყიდვების ზრდა იქნება მიზანი, მომხმარებლების რეაქტივაცია, ახალი სეგმენტის მოზიდვა თუ ლოიალობის ზრდა. პლატფორმა კი მიზნის მისაღწევად ყველაზე რელევანტურ აუდიტორიას თავად შეარჩევს.

ბიზნესი საკუთარი შეხედულებისამებრ, თავადაც შეძლებს შექმნას სასურველი მიზნობრივი აუდიტორია, მომხმარებლის სხვადასხვა მახასიათებლით.

იმისათვის, რომ ბიზნესმა ხარჯების ოპტიმიზაცია და ეფექტიანობის ზრდა შეძლოს, ლაივში შეეძლება აქტიური კამპანიის მონიტორინგი და მართვა; კამპანიის დასრულების შემდგომ კი — დეტალური ანალიზის წარმოება.

კამპანიების მართვასთან ერთად, ბიზნესისთვის ასევე ხელმისაწვდომი იქნება საკუთარი მომხმარებლის ანალიტიკა — ნახავს, როგორია მომხმარებლების განაწილება დემოგრაფიული თუ სხვა მახასიათებლის მიხედვით (ასაკი, სქესი, ლოკაცია, ინტერესები, ახალი/ლოიალური მომხმარებელი და სხვა) ეს კი ბიზნესებს დაეხმარება უფრო მიზნობრივი კომუნიკაციის წარმოებაში და შესაბამისად, საკუთარი ბიზნესის განვითარებაში.

როგორი იქნება ეს ფუნქციონალი საცალო მომხმარებლისთვის. პერსონალიზებული შეთავაზებების მიღება ძალიან მოსახერხებელია, თუმცა, რა სისტემა/ალგორითმი იდგება ამ პროცესის მიღმა?

საქართველოს ბანკის მომხმარებელი ციფრულ არხებში, ერთიან სივრცეში შეძლებს ყველა პარტნიორი ბიზნესის იმ ბენეფიტების და შეთავაზების ნახვას, რომელიც დროის მოცემულ მომენტში ხელმისაწვდომია მათთვის.

მომხმარებლები მარტივად შეძლებენ მოიძიონ და გაფილტრონ შეთავაზებები კატეგორიის, ინდუსტრიის, კომპანიის, ბენეფიტის თუ პროდუქტის ტიპის მიხედვით.

თითოეული მომხმარებლისთვის ინდივიდუალურად, მისთვის ყველაზე რელევანტური და ღირებული შეთავაზებები ცალკე იქნება გამოყოფილი, რომელიც მანქანური სწავლების ალგორითმებისა და ხელოვნური ინტელექტის საშუალებით იქნება შერჩეული".

ამ მიმართულებით საქართველოს ბანკის მონაცემთა მეცნიერების გუნდი მუშაობს და მიდგომები და ალგორითმები მუდმივად იხვეწება, რათა უფრო კარგად და სწორად მოხდეს მომხმარებლების საჭიროებებზე შეთავაზებების მორგება.

როგორია საერთაშორისო გამოცდილება? რამდენად შევხვდებით პერსონალიზებულ არასაბანკო შეთავაზებებს უცხოური ბანკების ციფრულ პროდუქტებში? არის თუ არა ეს ტენდენცია, რომელსაც ნელ-ნელა ფეხი უნდა აუწყოს საბანკო სფერომ?

საერთაშორისო გამოცდილება არასაბანკო შეთავაზებების კუთხით არსებობს, როგორც მოწინავე ციფრულ ბანკებში, (მაგ. Revolut, Tinkoff) ასევე Fintech-ებსა თუ დიდი ტექნლოგიური კომპანიების Wallet-ებში, როგორიცაა Apple Pay ან Google Pay. ეს მომხმარებლებს დამატებით ღირებულებას აძლევს, რაც მათ კმაყოფილებაში ითარგმნება.

საქართველოს ბანკს მომხმარებელისთის აქამდეც უამრავი შეთავაზება ჰქონდა, მაგრამ ხშირად ისე ხდებოდა, რომ მომხმარებელს ავიწყდებოდა ამის შესახებ ან უბრალოდ გამორჩებოდა ხოლმე.

ახლა კი, ეს ყველაფერი მობილ ბანკში, ერთიან სივრცეში მოიყრის თავს, სადაც მომხმარებელი შეძლებს ნებისმიერ დროს, მისთვის ყველაზე ხელსაყრელი და მის ინტერესებზე მორგებული შეთავაზებები ნახოს. საქართველოს ბანკის Ads Manager-ის საშუალებით კი, კიდევ უფრო მეტი შეთავაზების მიღების შესაძლებლობაც ექნებათ, რაც დამეთანხმებით, დიდი კომფორტია.

როგორ წარმოგიდგენიათ პროდუქტის შემდგომი განვითარება? რა პოტენციალი აქვს მას? რისი შეცვლა შეუძლია ქართულ ბაზარზე?

ვფიქრობთ, აღნიშნული პროდუქტი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს მომხმარებლის ყოველდღიურ ცხოვრებაში და ხელს შეუწყობს მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღებას. მაგალითად, როდესაც გადაწყვეტთ ლანჩზე გასვლას, რაიმე ნივთის შეძენას ან შვებულების დაგეგმვას, პირველ რიგში შეთავაზებებს გადახედავთ, რათა მეტი ბენეფიტი და ღირებულება მიიღოთ.

მეორე მხრივ კი, საქართველოს ბანკის Ads Manager ბიზნესებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხელსაწყო იქნება, რათა გაანალიზონ საკუთარი მომხმარებლების სურვილები და ინტერესები, ხმა მიაწვდინონ მათთვის ყველაზე ღირებულ, რელევანტურ აუდიტორიას, გაზარდონ მომხმარებელთა კმაყოფილება და განვითარდნენ.