კაცი ღორის გულით — მილიონობით ადამიანის სიცოცხლის იმედი

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

პროლოგი

ბარტლი გრიფიტს საოპერაციოში მუსიკის მოსმენა არ უყვარს. გულმკერდის ღრუს ქირურგს მოდუნებაში ხელოვნური სისხლის მიმოქცევის აპარატის მექანიკური და მონოტონური ხმიანობა ეხმარება. გრიფიტის ქირურგიული პრაქტიკა 40 წელს და ათასზე მეტ გადანერგილ გულს ითვლის, მაგრამ ამ ოპერაციის წინ ის მაინც განსხვავებულად ნერვიულობდა. განაკვეთის გაკეთებამდე გრიფიტმა საოპერაციო ბრიგადას მიმართა და სთხოვა, გაჩერებულიყვნენ და 30 წამის განმავლობაში მხოლოდ იმაზე ეფიქრათ, თუ რა ახალ სამყაროში უწევდა მათ პაციენტს შებიჯება — იგი პირველი ადამიანი ხდებოდა, ვისაც ღორის გულს გადაუნერგავდნენ

კუნძულ კრეტადან ქალაქ ბალტიმორამდე

ქსენოტრანსპლანტაცია სხვადასხვა სახეობებს შორის ქსოვილებისა და ორგანოების გადანერგვას ნიშნავს და ადამიანთა გონება ამ ფანტასტიკურ იდეას საუკუნეების განმავლობაში უტრიალებდა. ცნობილი ამერიკელი ქსენოტრანსპლანტოლოგი, კით რიმტმა სანახევროდ ხუმრობით აღნიშნავდა, რომ სახეობებს შორის პირველი ოპერაციის მაგალითად დედალოსის მიერ იკაროსისთვის ფრთების დაკერება გამოდგება, რათა მათ კუნძულ კრეტადან გაქცევა შესძლებოდათ. რეალური სამედიცინო ჩანაწერები უფრო გვიანდელ პერიოდზე მიგვითითებს — XVII საუკუნიდან მოყოლებული ადამიანები სისხლის გადასხმისთვის სხვადასხვა სახეობის ცხოველებს იყენებდნენ, XIX საუკუნეში კანის დაზიანების შედეგად განვითარებული დეფექტის პლასტიკისთვის ბაყაყის კანს იყენებდნენ, ხოლო XX საუკუნის დასაწყისში მამაკაცთა იმპოტენციას შიმპანზის სათესლის გადანერგვის ოპერაციით ებრძოდნენ.

ტრანსპლანტაციური ქირურურგიის პიონერად ფრანგი ალექსის კარელი მიიჩნევა. მან სისხლძარღვთა ქირურგიული შეერთების, ანუ ანასტომოზირების ტექნიკა შეიმუშავა, რამაც ორგანოთა გადანერგვის ოპერაცია რეალური გახადა. ამ მიგნებისთვის კარელი 1912 წელს ნობელის პრემიით დაჯილდოვდა. სამედიცინო ცნობისმოყვარეობამ მას ექსპერიმენტული ქირურგიისკენ უბიძგა და რამდენად სიმბოლურიც არ უნდა იყოს, მისი სიტყვები ტრანსპლანტოლოგიის წინასწარმეტყველებად იქცა:

ადვილად ხელმისაწვდომი და საოპერაციო ცხოველიდან, მაგალითად ღორიდან, ადამიანისთვის ორგანოების გადანერგვა იდეალური ვარიანტი იქნებოდა. თუმცა, ადამიანის შრატის მიმართ ღორის ორგანოების იმუნიზება აუცილებელი იქნება. თერაპიული მიზნებით ორგანოების ტრანსპლანტაციის მომავალი ჰეტერო [ქსენო] ტრანსპლანტაციაზეა დამოკიდებული

კარელის სიტყვებიდან ათწლეულების შემდეგ პირველი წარმატებული ტრანსპლანტაციის ოპერაცია გაკეთდა — 1954 წლის მიწურულს, ჯოზეფ მიურეიმ რიჩარდ ჰერიკს იდენტური ტყუპისცალის, რონალდის თირკმელი გადაუნერგა. მის მიერ შემდგომ ჩატარებული ტრანსპლანტაციის სხვა ოპერაციები არც ისე წარმატებული გამოდგა, რადგანაც დონორები და რეციპიენტები იდენტური ტყუპები არ იყვნენ და ოპერაციისთვის აუცილებელი იმუნოსუპრესანტები მაშინ ასეთი დახვეწილი საერთოდ არ იყო. მიუხედავად ამისა, ტყუპებზე ჩატარებული ოპერაციიდან 36 წლის თავზე, 1990 წელს მიურეი მედიცინის დარგში შეტანილი წვლილისთვის ნობელის პრემიით დაჯილდოვდა.

გულის ქსენოტრანსპლანტაციის ყველაზე გახმაურებული ოპერაცია 1983 წელს ლეონარდ ბეილიმ ჩაატარა. სტეფანი ფეი ბოკლერი, რომელიც მედიცინის ისტორიას "ბეიბი ფეის" სახელით შემორჩა, გულის მარცხენა საკნების ჰიპოპლაზიის დიაგნოზით დაიბადა. ამ იშვიათი დაავადების დროს გულის მარცხენა ნაწილს სისხლის სხეულში გადასროლა არ შეუძლია, რის გამოც მარჯვენა ნაწილი სისხლს არამხოლოდ ფილტვებში, არამედ სხეულის დანარჩენ ნაწილში ტუმბავს. იმ დროისათვის ნეონატოლოგიური ტრანსპლანტაცია საერთოდაც უცხო ტერმინი იყო, რადგანაც ჩვილის ორგანოების დონაცია პრაქტიკულად არ არსებობდა. ბეილიმ გადანერგვისათვის ბაბუინის სახეობის მაიმუნის გული შეარჩია, თუმცა ადამიანებთან ევოლუციურად უფრო ახლოს პრიმატთა სხვა სახეობები დგანან. მაგალითად: 1964 წელს შიმპანზეს გული კომატოზურ და უიმედო მდგომარეობაში მყოფ რეციპიენტს გადაუნერგეს, მაგრამ ამ უკანასკნელმა მცირე ზომის გამო სისხლის ცირკულირება ვერ მოახერხა. კითხვაზე, თუ რატომ მაინცადამაინც ბაბუინი, როცა სხვა სახეობები უფრო ახლოს დგანან ადამიანთან, ლეონარდ ბეილიმ ამგვარად უპასუხა: "მე ევოლუციის არ მწამს".

ფოტო: Duane R. Miller / AP

მიუხედავად იმისა, რომ ოპერაცია ტექნიკური თვალსაზრისით წარმატებული გამოდგა, დონორთან სისხლის შეუთავსებლობის გამო ჩვილის ორგანიზმმა ტრანსპლანტატი არ მიიღო — "ბეიბი ფეი" ოპერაციიდან 20 დღის შემდეგ მოკვდა.

რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ტრანსპლანტაციის რაობის გაგებაში ქირურგიის ისტორიაზე მეტად იმუნობიოლოგიის ისტორია გვეხმარება — ტექნიკურად ოპერაციის შესრულება მხოლოდ ერთი ეტაპია, მთავარი გადანერგილი ორგანოს შენარჩუნებაა. სწორედ ეს იყო ბალტიმორში ტრანსპლონტოლოგთა ბრიგადის მთავარი მისია, როცა საკვებისა და სურსათის სააგენტომ (FDA) დევიდ ბენეტის ოპერაციაზე ნებართვა გასცა.

ღორის გენეტიკური მოთვინირება

"არანორმალური და ამაღელვებელი კვირა გვქონდა", — აღნიშნავს დევიდ აიარესი, ვირჯინიის შტატში განთავსებული კომპანიის, Revivicor, აღმასრულებელი დირექტორი. ეს ერთადერთი ადგილია, სადაც კლინიკური კვლევებისა თუ სამედიცინო მანიპულაციებისთვის საჭირო ღორები გამოჰყავთ. Revivicor-ის მფლობელი United Therapeutics არის და იგი პირველი კლონირებული ცხვრის, დოლის, შემქმნელი კომპანიის, PPL Therapeutics-ის სპინოფ კომპანიას წარმოადგენს. სამომავლოდ Revivicor ღორსაშენის გაფართოებას გეგმავს, რაც მას საშუალებას მისცემს, წლის განმავლობაში ტრანსპლანტაციისთვის საჭირო ასეულობით ორგანოს გამოყვანა შეძლოს. ეს კი, რეალურად, ძალიან შრომატევადი საქმეა.

ტრანსპლანტოლოგიური ოპერაციის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო გართულება გადანერგილი ორგანოს მიმართ განვითარებული მძლავრი იმუნური რეაქციაა. ჩვენი იმუნური სისტემა აფასებს, ვინ არის "მისიანი" და ვინ — "უცხო". ყველა ადამიანის იმუნური ანტისხეულების სრული მოცულობის დაახლოებით 1% ე.წ ალფა-გალ შაქრების (ალფა-გალაქტოზიდაზა) წინააღმდეგ არის "დაგეშილი". აღნიშნული გლუკოზური შენაერთები ძუძუმწოვრების უმეტესობაში გვხვდება, მაგრამ არა ადამიანებში. თუკი დევიდ ბენეტს ღორის გულს პირდაპირ, ყოველგვარი მომზადების გარეშე გადაუნერგავდნენ, მისი იმუნური სისტემა ღორის გულის უჯრედების ზედაპირზე არსებულ ალფა-გალ შაქრებს ამოიცნობდა და მის საპასუხოდ, გადანერგვიდან რამდენიმე წუთში, ჰიპერმწვავე იმუნური პასუხის გაცემას დაიწყებდა. ამის შედეგად დონორი ორგანოსკენ მიმავალ სისხლისძარღვებში სისხლი შედედებას დაიწყებდა და ჩამოყალიბებული კოლტები ცირკულაციას შეუძლებელს გახდიდა. ამის თავიდან ასაცილებლად დევიდ აიარესის გუნდმა ღორს გენური მოდიფიცირება ჩაუტარა — ღორის ორგანიზმიდან "გამორთეს" 3 გენი, რომლებიც ამ ალფა—გალ შაქრების დასამზადებელი ფერმენტების გამომუშავებაზეა პასუხისმგებელი.

ამის გარდა, დონორ ორგანიზმს დაუმატეს 6 ადამიანური გენი:

  • ანთების საწინააღმდეგო ორი გენი;
  • სისხლის ნორმალური შედედებასა და სისხლძარღვთა დაზიანების თავიდან არიდებაზე პასუხისმგებელი ორი გენი;
  • ორი მარეგულირებელი ცილა, რომელიც ანტისხეულების პასუხის შეჩერებას უზრუნველყოფს;
  • ფინალური გენური მოდიფიკაცია ზრდის ჰორმონზე მოპასუხე რეცეპტორის გამოთიშვა გახლდათ, რათა ადამიანის გულმკერდში მოქცეულმა ღორის გულმა ფიზიკური ზრდა აღარ განაგრძოს.

რამდენად საჭირო იყო 10 გენეტიკური მოდიფიკაცია, ამაზე გადაჭრით საუბარი მეცნიერებს ჯერ არ შეუძლიათ, რადგანაც აქამდე მათი კვლევის ობიექტები ბაბუინები იყვნენ — მათი იმუნური სისტემა კი ადამიანებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. მაიმუნების კლინიკურ კვლევაში გამოყენება მკაცრად რეგულირებული, ძვირი და დროში გაწელილი პროცესია, რის გამოც სათითაო გენეტიკური მოდიფიკაციის ეფექტებზე დაკვირვება მნიშვნელოვნად რთულდება. ამის გარდა, დევიდ ბენეტის ოპერაცია კლინიკური კვლევის ფარგლებში არ ჩატარებულა — ეს მხოლოდ უიმედო მდგომარეობაში მყოფი ადამიანის გადარჩენის კეთილშობილური მცდელობა იყო.

ფოტო: University of Maryland School of Medicine / BBC

ამჟამად ქსენოტრანსპლანტაციაში მომუშავე მეცნიერთა მთელი ყურადღება ღორებისკენ არის მიპყრობილი. ეს უკანასკნელი უფრო ხელმისაწვდომია, მათი შენახვის ხარჯები იაფია, ორგანოთა ზომები ოპტიმალურია და ღორის გენეტიკური მოდიფიკაციის გამოცდილებაც უკვე არსებობს. ამის გარდა, საზოგადოებისთვის დამოკიდებულება ღორების ორგანოების გადანერგვასთან დაკავშირებით მეტ-ნაკლებად მიმღებლურია — უკვე რახანია, ღორის გულის სარქვლებს კარდიოქირურგიაში წარმატებით იყენებენ.

კაცი ღორის გულით

"ღრუტუნს ხომ არ დავიწყებ?" — სრული სერიოზულობით იკითხა 57 წლის დევიდ ბენეტ უფროსმა. კითხვამ ქირურგი, ბარტლი გრიფიტი, ცოტათი დააბნია, მაგრამ მისი და დევიდის საუბარს ჩვეულებრივის გარდა ყველაფერი ერქვა — ექიმის პაციენტს უხსნიდა, რომ მისი სიცოცხლის გადარჩენის ძალიან მცირე, თეორიული შანსი აქამდე ჯერ არასდროს გაკეთებულ ოპერაციაზე გადიოდა. თუ ყველაფერი კარგად ჩაივლიდა, მის მკერდში ადამიანის გულის ნაცვლად ღორის გული დაიწყებდა ფეთქვას. ღორს აქამდეც გადაურჩენია დევიდ ბენეტი — მას გულის სარქვლის პროთეზირების ოპერაცია უკვე ჩატარებული ჰქონდა.

რეალურად, დევიდ ბენეტის კლინიკური შემთხვევა უფრო ფართო, დრამატული სურათის მხოლოდ მცირე დეტალია. მას ოპერაცია გულის ქრონიკული უკმარისობის გამო დასჭირდა — მის გულს საკმარისი ძალა აღარ შესწევდა, რომ სისხლი მიმოქცევაში გადაეტყორცნა. ამ პათოლოგიურმა მდგომარეობამ აშშ-ში უკვე ეპიკურ მასშტაბებს მიაღწია — სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის გულის უკმარისობის მქონე პაციენტთა რიცხვი 8 მილიონს გადააჭარბებს და მათი უმეტესობა დონაციის უშედეგო მოლოდინში დაასრულებს სიცოცხლეს. ბევრისთვის ეს უკვე ხელშესახები რეალობაა — უკვე კარგა ხანია, რაც სამედიცინო სფეროში გადანერგვისთვის საჭირო სასიცოცხლო ორგანოების დეფიციტია. აშშ-ს ჯანდაცვის რესურსთა და სერვისების ადმინისტრაციის სტატისტიკით, ყოველ 9 წუთში დონაციის მომლოდინეთა სიას ერთი ადამიანი ემატება და ყოველდღიურად ტრანსპლანტაციის მოლოდინში მყოფი 17 ადამიანი კვდება. ეს ტრაგიკული მოცემულობა სხვა გზას ფიზიკურად აღარ ტოვებს — ტრანსპლანტოლოგთა და პაციენტთა ყურადღება ახლა სრულად ქსენოტრანსპლატაციისკენ არის მიქცეული.

"საკითხი ასე დგას: ან სიკვდილი, ან ტრანსპლანტაცია. მე სიცოცხლე მინდა. ვიცი, რომ ეს სიბნელეში მიზანში სროლას ჰგავს, მაგრამ სხვა არჩევანი არ მაქვს", — აღნიშნა დევიდ ბენეტმა ოპერაციამდე ცოტა ხნით ადრე. მას მეტი მოცდის ფუფუნება უბრალოდ აღარ ჰქონდა — ბოლო ორი თვის განმავლობაში იგი უკვე საწოლად იყო ჩავარდნილი და მისი გულის ფუნქციას ხელოვნური აპარატი ასრულებდა. გულის ქრონიკულ უკმარისობას თან არითმიაც (უფრო კონკრეტულად კი, პარკუჭოვანი ფიბრილაცია) დაემატა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბენეტის გული რითმულად აღარ იკუმშებოდა. ამის გამო, იგი ხელოვნური გულის პოტენციურ რეციპიენტთა სიაში ვეღარ მოხვდა. ბენეტი ასევე ვერ მოხვდა ადამიანის გულის მომლოდინეთა შორისაც, რადგანაც მან წარსულში არტერიული ჰიპერტენზიის გამო დანიშნული მკურნალობა და ექიმის რეკომენდაციები არ შეასრულა. "ადამიანის ორგანო ძალიან ძვირფასი რამ არის. ჩვენი შფოთვის უმთავრესი საგანია, რომ გული არ მივცეთ ისეთ ადამიანს, ვინც მისი მოვლა, შეიძლება, ვერ შეძლოს" , — განმარტავს მუჰამედ მიჰიუდინი, მერილენდის სამედიცინო ცენტრის უნივერსიტეტის გულის ქსინოტრანსპლანტოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი. იგი ოპერაციაზე ბარტლი გრიფიტის მხარდამხარ იდგა და როგორც აღნიშნავდა, ამ მომენტისთვის ის მთელი ცხოვრება ემზადებოდა.

გული კოკაინში და სიცოცხლისთვის ბრძოლის 2 თვე

გულმკერდის ძვალი, რომელიც ნეკნთა კარკასს კრავს, ელექტრო ხერხით მთელ სიგრძეზე, შუაზე იჭრება. გულმკერდის ღრუს გახსნის შემდეგ ქირურგები სისხლძარღვების მობილიზებას იწყებენ, რათა ორგანიზმი ხელოვნური სისხლის მიმოქცევის აპარატს მიუერთონ. ამის შემდეგ, გულს ხელოვნურად აჩერებენ და მის ფუნქციას დროებით გულ-ფილტვის აპარატი ასრულებს. დონორი ორგანო გადასანერგად ბოლო მომზადებას გადის.

ღორის გენეტიკურად მოდიფიცირებული გულის შესანახად ქირურგთა ბრიგადას კორტიზოლის, ადრენალინის, კოკაინისა და სხვა მედიკამენტების ნაზავის გამოყენება დასჭირდა. შესაბამისი ლიცენზია მათ ნარკოტიკებთან ბრძოლის სამსახურისგან (DEA) მოიპოვეს, მაგრამ ბიუროკრატიული გაწამაწია ამად ღირდა. როგორც მუჰამედ მოჰიუდინმა შენიშნა, გულის კონსერვაციისათვის ეს საუკეთესო საშუალება გამოდგა.

როდესაც ახალმა გულმა ძველის ადგილი დაიკავა, იგი პატარა და მკრთალი იყო, თუმცა, როცა მასში სისხლმა მიმოქცევა დაიწყო, იგი თითქოს წითლად აელვარდა და მისი თროთლვითი მოძრაობა ტუმბოსებრ მუშაობაში გადაიზარდა. "ეს საუკეთესო გული იყო, რაც კი ტრანსპლანტაციის შემდეგ მინახავს", — აღნიშნა ბარტლი გრიფიტმა ოპერაციის შემდეგ.

დევიდ ბენეტ უმცროსმა მამა ოპერაციის შემდეგ ინახულა. ტკივილით გატანჯულმა კაცმა შვილს უთხრა, რომ ამის ატანა უკვე აღარ შეეძლო, მაგრამ დღის ბოლოს ტკივილგამაყუჩებლებმა თავისი შედეგი გამოიღო — ეს შვების მომტანი არამხოლოდ მისთვის, არამედ ბენეტის ექიმებისთვისაც იყო. პოსტოპერაციულ პერიოდში ქირურგები ინფექციას განსაკუთრებით უფრთხიან, მაგრამ ეს შფოთვა ტრანსპლანტაციური ოპერაციების დროს სულ სხვა განზომილებაში გადადის. საქმე იმაშია, რომ პაციენტები ასეთ დროს იმუნოსუპრესანტებს იღებენ — ექიმები იმუნიტეტს სპეციალურად "ასუსტებენ", რათა ორგანიზმმა დონორი ორგანოს თავისიანად აღქმა შეძლოს. ასეთ დროს მოსალოდნელია, რომ ისეთ სუსტ ინფექციასთან გამკლავება გართულდეს, რომელიც სხვა დროს ძალიან მარტივად დამარცხებადი იქნებოდა. გამონაკლისი არც ბენეტი გამოდგა, რომელსაც მალევე მუცლის ღრუში განვითარებული ინფექციის გამო დამატებით ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. სამწუხაროდ, პრობლემები ამით ამოწურულა. ბენეტის ორგანიზმს ერთ-ერთ იმუნოსუპრესანტზე უჩვეულო რეაქცია ჰქონდა — მისი ლეიკოციტების რაოდენობა საგანგაშოდ შემცირდა, რის გამოც დანიშნულების კორექცია გახდა საჭირო. მოგვიანებით, გულის რიტმი ზედმეტად მაღალ ნიშნულზე ავიდა, რის გამოც მისი ხელოვნური შენელება გახდა საჭირო, რათა ისედაც დასუსტებულ ორგანიზმს რეაბილიტაცია შესძლებოდა. "რაც ჩვენ გავაკეთეთ, ეს იმის ტოლფასია, ახალი ფერარის ძრავი რომ 1960-იანი წლების ფორდში ჩადო. ძრავი მშვენივრად მუშაობს, მაგრამ სხეულს შესაჩვევად დრო სჭირდება",აღნიშნა მუჰამედ მიჰიუდინმა. თუმცა, მიუხედავად ამ სირთულეებისა, ბენეტმა ოპერაციიდან 21 დღიანი ზღვარი ცოცხალმა გადალახა, რაც ქსენოტრანსპლანტაციის ისტორიაში ახალი რეკორდი იყო — "ბეიბი ფეიმ" გადანერგილი გულით სწორედ ამდენ ხანს იცოცხლა.

ფოტო: University of Maryland School of Medicine

2 წლის წინ გერმანელმა მეცნიერებმა ღორის გული ბაბუინებს გადაუნერგეს და შენიშნეს, რომ თუკი ღორის ციტომეგალოვირუსი გადანერგილ ორგანოს გზით რეციპიენტის ორგანიზმში მოხვდება, ეს მისი სიცოცხლის ხანგრძლივობას მნიშვნელოვნად შეამცირებს. შემთხვევების ანალიზისი შედეგად მათ ივარაუდეს, რომ ვირუსის დიდი რაოდენობით დაგროვება არამხოლოდ ბაბუინების იმუნური სისტემის დაქვეითებამ, არამედ ღორის იმუნური სისტემის ფაქტორის მოშორებამაც ითამაშა — საკუთარ ორგანიზმში ვირუსს ღორის იმუნური სისტემა უმკლავდებოდა, მაგრამ რადგანაც ბაბუინების იმუნური სისტემისთვის ვირუსი უცხო იყო, ამან მას გამრავლების საშუალება მისცა. კვლევის ავტორებმა მაშინ შენიშნეს, რომ "დიდი ალბათობით ასე მოხდება ადამიანების შემთხვევაშიც".

დევიდ ბენეტს პოსტოპერაციული მდგომარეობის შეფასებისთვის სისხლის ანალიზი რეგულარულად უტარდებოდა. ერთ-ერთი ასეთი ანალიზი, რომლის პასუხსაც დაახლოებით 10 დღე აგვიანდებოდა, მის სისხლში ღორის ციტომეგალოვირუსის დადგენა იყო. ამ მხრივ ტრანსპლანტოლოგთა გუნდი თავს მეტ-ნაკლებად მშვიდად გრძნობდა, რადგანაც დონორი ღორის ვირუსოლოგიური გამოკვლევის შედეგები სრულიად სუფთა იყო. თუმცა, ბენეტის სისხლის ანალიზში ღორის ციტომეგალობირუსის მცირედი კვალი გამოჩნდა, მაგრამ ეს იმდენად უმნიშვნელო მაჩვენებელი იყო, რომ ექიმთა ჯგუფმა მიღებული შედეგი ლაბორატორიულ შეცდომას მიაწერა.

ოპერაციიდან 43 დღის თავზე ბენეტს სიცხემ აუწია და სუნთქვა გაუძნელდა. როგორც გრიფიტი იხსენებს, აშკარად რაღაც ცუდი მოხდა — პაციენტი ისე გამოიყურებოდა, რომ გამოცდილი ქირურგი ინფექციის არსებობაზე დაეჭვდა. ექიმებმა ინტრავენურად იმუნოგლობულინის და სიდოფოვირის (მედიკამენტს შიდს-ის მქონე პაციენტებთან გამოიყენებენ) გადასხმა დაიწყეს. ბენეტმა თავი უკეთ იგრძნო, მაგრამ ეს მხოლოდ 24 საათს გაგრძელდა — მისი მდგომარეობა კვლავ დამძიმდა.

გრიფიტი ვარაუდობს, რომ ტესტირებებს შორის არსებულ ათდღიან პერიოდში ვირუსმა ორგანიზმში გამრავლება დაიწყო, რამაც მძლავრი იმუნური პასუხი, ერთგვარი "ციტოკინური აფეთქება" გამოიწვია. სავარაუდოა, რომ ამ პროცესების გამო კაპილარული გაჟონვა მოხდა, რამაც გულის ქსოვილის შეშუპება გამოიწვია. საბოლოოდ, ამ პათოლოგიურმა პროცესებმა მწვავე და შეუქცევად დიასტოლურ უკმარისობა და პაციენტის სიკვდილი განაპირობა. როგორც მისი ექიმი, ბარტლი გრიფიტი ამბობდა, ამ გაბედულმა და კეთილშობილმა პაციენტმა სიცოცხლის ბოლო წუთამდე იბრძოლა.

დევიდ ბენეტი უფროსი და მუჰამედ მიჰიუდინი

ფოტო: University of Maryland School of Medicine

ბარტლი გრიფიტი და დევიდ ბენეტი უფროსი

ფოტო: University of Maryland School of Medicine

ქსენოტრანსპლანტაციის ეთიკა და მომავალი

"დროა, კლინიკაში გადავინაცვლოთ და ვნახოთ, როგორ მუშაობს ეს გულები თუ თირკმლები", — აღნიშნავს ქირურგი-ტრანსპლანტოლოგი დევიდ კუპერი, როცა საუბარი ქსენოტრანსპლანტაციას ეხება. მის მსგავსად უკვე ამ სფეროში მომუშავე ბევრი მკვლევარი ფიქრობს. შესაბამისად, გასაკვირი არცაა, რომ ისინი დევიდ ბენეტი უფროსის ოპერაციას ქსენოტრანსპლანტოლოგიისთვის დიდ ნახტომად მიიჩნევენ. თუმცა, წინ ჯერ კიდევ შორი და რთული გზაა გასავლელი.

იმისათვის, რომ ქსენოტრანსპლანტაციამ პრაქტიკულ გამოწვევებს უპასუხოს და დონაციისათვის საჭირო ორგანოთა დეფიციტი აღმოფხვრას, ბევრი საჭირო პირობა უნდა შესრულდეს. ყველაზე ბანალური, მაგრამ ამავდროულად რთული, კლინიკური კვლევებისათვის გამოსადეგი ღორების მოშენებაა. მათი საცხოვრებელი სივრცე ჰერმეტულად დახურული და კარგად ვენტილირებული უნდა იყოს, სადაც ბაქტერიები, ვირუსები და სოკოები გამრავლებას ვერ მოახერხებენ. ამის პარალელურად, იმუნოლოგებმა აქტიურად უნდა იმუშაონ ისეთი მედიკამენტების შესაქმნელად, რაც ორგანიზმს გადანერგილი ორგანოს შენარჩუნებაში დაეხმარება. ამის გარდა, ინფექციური დაავადებების სპეციალისტებმა სიღრმისეულად უნდა შეისწავლონ ღორის ვირუსების ადამიანებზე შესაძლო გავლენის პოტენციალი. მარტივად რომ ვთქვათ: მთლიანი სფეროს წარმატება სხვა, მომიჯნავე სამეცნიერო სფეროების წარმატებებზეა დამოკიდებული.

ქსენოტრანსპლანტაციაზე საუბარი სამედიცინო ეთიკის გარეშე შეუძლებელია. ეთიკურ-მორალური დილემები ამ დარგის თანმდევი ნაწილია, რაც ხშირ შემთხვევაში პირდაპირ აისახება სფეროს დაფინანსებაზე და შესაბამისად, წარმატებაზე. როცა ბაბუინებს კლინიკურ კვლევებში იყენებდნენ, ლაბორატორიების წინ ხშირად საპროტესტო დემონსტრაციები იმართებოდა. ასე იყო მაშინ, როცა მუჰამედ მიჰიუდინი ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტში (NIH) მუშაობდა. შეიძლება ამის გამოძახილია, რომ მის ამჟამინდელ ლაბორატორიას ქუჩიდან პირდაპირი შესასვლელი არ აქვს და მას დაცვის სამსახური უწევს მუდმივ მონიტორინგს. მიუხედავად იმისა, რომ მიჰიუდინმა მთელი მისი პროფესიული ცხოვრება ქსენოტრანსპლანტოლოგიის კვლევას შეალია, დარგის თანმდევი მორალური დილემები მისთვის ყველაზე ნაცნობი და ორგანულად მტკივნეულია — იგი ღრმად რელიგიური მუსულმანია, რომელიც სამსახურისკენ გზად მანქანაში ყურანს უსმენს. შესაბამისად, მისი რელიგიური მრწამსის მქონე ადამიანისთვის ღორი ყველაზე უწმინდური ცხოველია. საკუთარი საქმიანობის მორალურ სისწორეზე იგი სხვა კონფესიების რელიგიურ ლიდერებთანაც მართავს დიალოგს და როგორც ამბობს, მათი პასუხი ყოველთვის ერთნაირია — ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა ყველაფერზე წინ დგას.

ბევრისთვის ღორის გულის ქსენოტრანსპლანტაციაში გამოყენება მორალურად გამართლებული თუნდაც მხოლოდ იმიტომ არის, რომ მათ ხორცს საკვებად ისედაც ვიყენებთ. ზოგიერთი ამ საკითხს უფრო პრაგმატული კუთხიდან აფასებს: ღორებს ტრანსპლანტაციაში უკვე წარმატებით იყენებენ (გულის სარქვლები, თვალის რქოვანა და კანი). ამის გარდა, ღორები, პრიმატებისგან განსხვავებით, ადამიანებს ბიოლოგიურად ნაკლებად ჰგვანან.

სამომავლოდ მკაფიოდ უნდა განისაზღვროს, ამ ეტაპზე რამდენად ექსპერიმენტულია ქსენოტრანსპლანტაცია და რა პოტენციური რისკების მატარებელია ორგანოს გადანერგვის პროცედურა. ამის შემდეგ, ზუსტად უნდა განისაზღვროს, თუ ვინ იქნება დონორი ორგანოს რეციპიენტი. ეს პროცესი ძალიან ჰგავს კიბოს ისეთი ექსპერიმენტული წამლის კვლევას, რომელიც ძალიან სახიფათოა იმ პაციენტებისთვის, რომელთაც მკურნალობის სხვა გზებიც აქვთ დარჩენილი. მსგავს შემთხვევაში მარეგულირებელმა ორგანოებმა და ეთიკოსებმა უნდა განსაზღვრონ, წარმატების შანსი გადაწონის თუ არა დონორი ორგანოს მომლოდინეთა სიაში ხანგრძლივი დროით ყოფნის რისკებს. მაგალითად: დაზიანებული თირკმლების შემთხვევაში პაციენტი დიალიზზე გადაჰყავთ, რაც მას საშუალებას აძლევს ტრანსპლანტაციის მომლოდინეთა სიაში დიდი ხნით დაყოვნდეს. იმავეს ვერ ვიტყოდით დონორი-გულის მომლოდინეებზე.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ჯდება ტრანსპლანტაციისათვის გამოსადეგი ერთი ღორის გაზრდა — ამ ინფორმაციას United Therapeutics არ ასაჯაროებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მსგავსი ცხოველების გაზრდა და შენახვა ძვირი ჯდება. მოსალოდნელია, რომ სამომავლოდ ქსენოტრანსპლანტაციის ბაზარზე მეტი კომპანია შემოვა, რაც ორგანოების ღირებულებას მნიშვნელოვნად შეამცირებს და მეტი კვლევა უფრო ნათელს გახდის, თუ როგორ შეიძლება მთელი პროცესის უფრო გამარტივება. ერთი რამ ცხადია: ტრანსპლანტოლოგიის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა, რამაც უამრავი შესაძლებლობებისკენ მიმავალი კარი გახსნა.

ეპილოგი

ლესლი შუმეიკერ დაუნს ქალიშვილმა მობილურზე შეტყობინება გაუგზავნა. სტატიის ლინკზე გადასვლით ლესლიმ წაიკითხა, რომ 57 წლის მამაკაცს ბალტიმორში ჯერ აქამდე გაუგონარი ტრანსპლანტოლოგიური ოპერაცია გაუკეთდა. მეორე შეტყობინება პირველს იმდენად სწრაფად მოჰყვა, რომ ლესლის ჯერ სტატიის სათაურის გარდა არაფერი წაეკითხა. ქალიშვილი სწერდა, პაციენტის სახელი და გვარი დაკვირვებით ამოეკითხა. დევიდ ბენეტი უფროსი — ამ სახელის წაკითხვაზე ლესლი თითქოს გაიყინა. ეს ის კაცი იყო, ვინც მის 22 წლის ძმას, 1988 წელს დანით 7 ჭრილობა მიაყენა ზურგის, გულმკერდის და მუცლის მიდამოში. როგორც ლესლი ამბობს, მისი ძმა, ედვარდ შუმეიკერი, სიმპათიური ახალგაზრდა მამაკაცი იყო, მუქი, ლამის შავი თმითა და ლურჯ-ნაცრისფერი თვალებით. მშენებლობაზე მუშაობით აღებულ ფულს ძვირადღირებულ პარფიუმერიასა და ტანსაცმელში ხარჯავდა.

მიღებული დაზიანებების გამო ედვარდ შუმეიკერმა მთელი ცხოვრება საწოლში, ჩირქოვან ინფექციებთან ბრძოლაში გაატარა. 2005 წელს ედს ინსულტი დაემართა და 2 წელში, 40 წლის ასაკში გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილიდან მიმალული დევიდ ბენეტი პოლიციამ დევნის შემდეგ დაიჭირა და მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და დაზარებულის ოჯახისთვის $3.4 მლნ-ის გადახდა მიესაჯა. თუმცა, იგი ციხიდან ვადაზე ადრე, 6 წლის შემდეგ გამოვიდა.

ლესლი შუმეიკერ დაუნი ჩატარებული ოპერაციის მნიშვნელობას არ უარყოფს, მაგრამ მისთვის განსაკუთრებით მტკივნეული ბენეტის "გმირად" წარმოდგენაა. მისი აზრით, ეს გული უფრო ღირსეულ რეციპიენტს უნდა შეხვედროდა. ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან მისი მკურნალი ექიმები, რომელთაც ბენეტის კრიმინალური წარსულის შესახებ არაფერი სმენოდათ. იგივე აზრზე არიან მათი კოლეგებიც. "მედიცინის მთავარი პრინციპია, უმკურნალო ყველა ავადმყოფს იმისდა მიუხედავად, თუ ვინ არის იგი. ჩვენი საქმე არ არის, გავარჩიოთ ვინ ცოდვილია და ვინ წმინდანი. კრიმინალური დანაშაული იურიდიული საკითხია" , — აღნიშნავს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ბიოეთიკის პროფესორი, არტურ კაპლანი.

დევიდ ბენეტ უფროსს შუმეიკერების ოჯახისთვის 1 ცენტიც არ გადაუხდია.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მოხდა შავ ზღვაში — ნავთობპროდუქტის ჩაღვრით გამოწვეული პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფა

გირჩევთ