დედაჩემი კიბორგია — 5 დღე ჩემი ცხოვრებიდან
სასწრაფოს მანქანაში ვარ, მაგრამ წინ, მძღოლის გვერდით. ხელებს სახეზე ვიფარებ, მაგრამ სულ ერთია, მაინც ვერ დავინახავ უკან რა ხდება. ექიმები და დედა უკან არიან და ხანდახან ეჭვი მეპარება, მხოლოდ ექიმები ხომ არ დარჩნენ და ტყუილად ხომ არ მგონია, რომ დედაც იქ არის.
კლინიკასთან ვჩერდებით და უკანა კარისკენ გავრბივარ. დედა გადმოჰყავთ და მიღიმის. ხელზე ხელს მადებს და მეუბნება, რომ კარგად იქნება, რომ არ ვიტირო, რომ არა უშავს. დედა მატყუებს და მე მასთან აღარ მიშვებენ.
მოსაცდელში არავინაა. არ ვიცი სად მაქვს ტელეფონი, არ ვიცი ვინ ვარ, მაგრამ ჩემმა მეხსიერებამ ზუსტად იცის რა უნდა გამახსენოს იმისათვის, რომ განწყობა სულ უფრო "დამიდასტუროს". დედის ხმა, სანამ სასწრაფო მოვიდოდა — "მიშველე". ახლა ჩემი მიკერძოებული მეხსიერება იმასაც ახერხებს, რომ დამაჯეროს — ყველაფერი ჩემი ბრალია, მე მას ვერ ვუშველე. ცოტა ხანში ჩემი და შემოდის და მეხუტება, მაგრამ ეს მხოლოდ იმას იწვევს, რომ უფრო მეტად ვტირი და იმ ჯემპრის სახელოები, რომლის ამარაც წამოვედი, ცხვირსახოცადაც ვეღარ გამომადგება. შემდეგი რამდენიმე საათი ასეთია — მე და ჩემს დას რაღაცებს გვეკითხებიან მეგობრები თუ ნათესავები. ჩვენ არაფერი ვიცით, ძმას ვერ ვურეკავთ. მე ბოლთას ვცემ და განუწყვეტლივ ვტირი, ჩემი და ერთ ადგილას ზის, გაფითრებულია, ერთ წერტილს უყურებს და წინ და უკან, სულ ოდნავშესამჩნევად ირწევა.
გვეძახიან. კარს ვაწყდებით და გვხვდება 28 წლის ექიმი, დურმიშხან მაღლაკელიძე. ის გვეუბნება, რომ დედა კინაღამ მოკვდა, მაგრამ ის "გააცოცხლეს" და კიდევ კარგი, რომ ეს რეანიმაციაში მოხდა და არა სხვაგან, რადგან სხვაგან მისი გული ამდენი ხნით თუ გაჩერდებოდა თავისით მუშაობას ვეღარ გააგრძელებდა. გამოკვლევები ჩატარებულია. დედას სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი აქვს, რაც ნიშნავს, რომ მის გულს "მუშაობა ავიწყდება". ბიოლოგიური იმპულსები კი, რომელიც შეფერხებით მიეწოდება გულს, გარედან უნდა მივაწოდოთ. თუმცა, მაინცდამაინც გარედან არ გამოდის, რადგან დედას ოპერაცია უნდა გაუკეთონ, გულში კარდიოსტიმულატორი უნდა ჩაუდგან, რომელიც ლითიუმის ელემენტზე იმუშავებს. ერთ დამუხტვაზე დედა 8 წელს გაძლებს და ასე, მთელი ცხოვრება ელემენტი უნდა ცვალოს ხოლმე.
ეს დღეა, როცა დედა გააცოცხლეს.
კიბორგი დედა
პირველად რომ შეძლო თვითონ ჩამხუტებოდა გვერდით ვეწექი და ვეჩხუბე, შენთვის გადმობრუნება არ შეიძლება-მეთქი. მითხრა — უბრალოდ, შენი გაცნობა უნდოდა ჩემს ტერმინატორ გულს და რა ამბავი აუტეხეო. მას შემდეგ ორგანიზმი კარგად შეეგუა "ტერმინატორ გულს", თუმცა კიბორგობას სიკეთეებთან ერთად პატარა შეზღუდვებიც აქვს. ახალ მოწყობილებებს ახალი ფუნქციები აქვს, თუმცა დედას შემთხვევაში არ შეიძლება თვითმფრინავში ყოფნა თუ დიდი მოლების სტუმრობა, რადგან მის "ახალ გულს" ელექტრომაგნიტური ველი არ მოეწონება. სხვა მხრივ, ვერაფერზე შეატყობთ კიბორგობას. მხოლოდ პატარა ჭრილობა თუ გამცნობთ ამის შესახებ, რომელიც მარცხენა მხარეს, ლავიწქვეშ აქვს. ხოლო თუ ამ ჭრილობას შეეხებით ელემენტის კონტურებსაც მოხაზავთ ხელით. ეს ლითიუმის ელემენტი გულის ორ პარკუჭს პლატინის სადენებით უკავშირდება და სწორედ მაშინ, როცა დედას გულს "მუშაობა ავიწყდება", აიძულებს, არ გაჩერდეს.
ეს დღეა, როცა დედას ჩემი მოვლა აღარ სჭირდება და შემიძლია უნივერსიტეტსა და სამსახურს დავუბრუნდე.
სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი
ის, რაც ბევრ ადამიანს უნდა ავუხსნა ასე იწყება: გულის თითოეულ შეკუმშვას თითო ელექტრული იმპულსი იწვევს, რომელიც ეგრეთ წოდებულ სინუსის კვანძში (გულის ბუნებრივ რიტმის წამყვანში) წარმოიქმნება.
სინუსის კვანძი უჯრედების ჯგუფია, რომელიც მარჯვენა წინაგულში მდებარეობს. სინუსის კვანძში წარმოქმნილი იმპულსები განსაზღვრავს გულისცემის სიხშირეს. ამ ერთგვარი ქსელის საშუალებით იმპულსი პარკუჭების კედლებზე ვრცელდება და მათ შეკუმშვას იწვევს, რის შედეგადაც სისხლი პარკუჭებიდან სხეულის სხვადასხვა ორგანოებისკენ გადაისროლება. ამის შემდეგ სინუსის კვანძი ახალ იმპულსს გამოიმუშავებს და ყველაფერი თავიდან იწყება და ჰო, მასზეა დამოკიდებული ის, ვიცოცხლებთ თუ არა.
რაც შეეხება სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომს, მას ასე განმარტავენ — ეს არის სინუსური კვანძის დისფუნქცია და ასოცირდება გულის რითმის პრობლემებთან (არითმია), რომლის დროსაც გულის ბუნებრივი რიტმის მიმცემი ეს სტრუქტურა არ მოქმედებს სათანადოდ. ნორმალურ პირობებში, სინუსური კვანძი წარმოქმნის რეგულარული ელექტრული იმპულსების ურყევ ბიძგებს. სინუსური კვანძის დაავადების დროს, ეს სიგნალები არასწორადაა გადაცემული. სინდრომის მქონე ადამიანს შესაძლოა აღენიშნებოდეს გულის სწრაფი, ნელი, დიდი პაუზების მქონე, ან შერეული ტიპის რითმი.
სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი იშვიათია, თუმცა მისი განვითარების რისკი ასაკის მატებასთან ერთად იზრდება. დაავადების მქონე ადამიანების დიდ ნაწილს, საბოლოო ჯამში, სჭირდება რითმის ხელოვნური მიმცემი (კარდიოსტიმულატორი) გულის რეგულარული რითმის ჩამოსაყალიბებლად. გარდა სინუსური კვანძის სინდრომისა, კარდიოსტიმულატორს იყენებენ ბრადიკარდიასთან გასამკლავებლადაც, რადგან ამ დიაგნოზის მქონე პაციენტებში გულისცემის სიხშირე წუთში 60-ზე ნაკლებია (გულისცემის ნორმალური სიხშირე წუთში 60-100 შეკუმშვაა). ბრადიკარდიის დროსაც გული ვერ უზრუნველყოფს ორგანიზმს ჟანგბადით საკმარისად მდიდარი სისხლით. ორივე შემთხვევაში სიმპტომატიკა მსგავსია — გონების კარგვა (რადგან გული ვერ აწვდის ტვინს საკმარის სისხლს), გაბრუება, სუნთქვის უკმარისობა, მუდმივი დაღლილობა და ა.შ.
ეს ის სიმპტომებია, რომელიც დედას საავადმყოფოში გადაყვანამდეც ჰქონდა. გონების კარგვის რამდენიმე მცირე ეპიზოდი მანამდე სისხლში კალიუმის ნაკლებობასა თუ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებით გამოწვეულ მიზეზებს მივაწერეთ. ექიმებმა შესაბამისი პრეპარატებიც დაუნიშნეს დედას. თუმცა ამ სიმპტომების მიზეზი ჩვენთვის მაინც გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის პირობებში გაცხადდა.
ეს დღეა, როცა სინუსური კვანძის სინდრომის შესახებ პირველად გავიგე და საკუთარი თავით ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი, რადგან ამ ცოდნისა და საჭირო დოზით სიფრთხილის არქონის გამო კინაღამ დედა დავკარგე.
კარდიოსტიმულატორი
ტექნოლოგია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანის სიცოცხლის გაგრძელებაზეა პასუხისმგებელი, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოდან იქმნებოდა. მან დღევანდელი ფორმის მისაღებად უამრავი მეცნიერის ხელში გაიარა და ბევრი გამოწვევის დაძლევა მოუხდა.
ყველაფერი 1889 წელს დაიწყო, როცა ჯონ ალექსანდერ მაკვილიამმა British Medical Journal-ში ექსპერიმენტის შედეგები გამოაქვეყნა. ნაშრომში ადამიანის გულზე ელექტრული იმპულსების გავლენა იყო აღწერილი. ამ ექსპერიმენტების გამო ფიზიოლოგ მაკვილიამს კარდიოლოგიური ელექტროფიზიოლოგიის პიონერად მოიხსენიებენ. მან პირველმა წარმოადგინა მტკიცებულება, რომ ელექტროიმპულსებით ადამიანის ორ პარკუჭზე ზემოქმედების გზით, შესაძლებელია პაციენტს წუთში 60-70 გულისცემა აღუდგეს.
ხოლო 1926 წელს, მარკ ლიდვილმა, Royal Prince Alfred Hospital-ის ანესთეზიოლოგმა, ფიზიკოს ედგარ ბუთის დახმარებით, სიდნეიში შექმნა პორტატული აპარატი, რომელიც ერთი მხრივ ელექტროიმპულსის წყაროს უერთდებოდა, მეორე მხრივ კი პაციენტის კანს, სპეციალური პადის გავლით. დაბოლოებაზე აპარატს იზოლირებული ნემსი ჰქონდა, რომელიც გულის პარკუჭს წყაროდან მიღებული იმპულსებით ამარაგებდა. ამ დროისათვის, აპარატს უკვე შეეძლო წუთში გულის 80 დან 120-მდე იმპულსით უზრუნველყოფა. ინგლისურენოვან ვიკიპედიას თუ დავეყრდნობით, 1928 წელს ეს მოწყობილობა უკვე გამოიყენეს მკვდრადშობილი ბავშვის "გასაცოცხლებლად". ეს სიდნეიში, Crown Street Women's Hospital-ში მოხდა. სტიმულატორის 10 წუთიანი გამოყენების შემდეგ, ჩვილის გულმა თავად განაგრძო ფეთქვა. ეს საოცარი მომენტი იყო, რომელმაც მეცნიერები გამოგონების მნიშვნელობაში კიდევ ერთხელ დაარწმუნა.
პირველი ნაბიჯების შემდეგ ქრონოლოგიურად უნდა მივყვეთ და 1932 წლამდე მივალთ, როცა ამერიკელმა ფიზიოლოგმა, ალბერტ ჰაიმანმა, ძმასთან ერთად, ელექტრო-მექანიკური ინსტრუმენტი აღწერა, რომელიც სპეციალური ძრავით იყო აღჭურვილი. ამ გამოგონებას მან "artificial pacemaker" უწოდა. ეს კი ის ტერმინია, რომელსაც ამ მოწყობილობასთან მიმართებაში დღემდე იყენებენ. 30-იანი წლებიდან მეორე მსოფლიო ომამდე, "მკვდრის გაცოცხლებით" გამოწვეულ მოსახლეობის რეაქციას თუ გავითვალისწინებთ, რთული არ იქნება ახსნა, თუ რატომ არ ქვეყნდებოდა ამ პერიოდში, ამ მიმართულებით მიმდინარე ექსპერიმენტების შედეგები. ცნობილია, რომ, როგორც ჰაიმანი, ასევე, ლიდველი აცნობიერებდნენ, რომ ამ ინოვაციის ადამიანებზე გამოცდა საჯაროდ მისაღები ქცევა არ იქნებოდა.
1950-იან წლებში, კანადელი ელექტროინჟინერი, ჯონ ჰოპსი იქცა ამ მოწყობილობის მომავლის განმსაზღვრელად. მან პირველი ექსპერიმენტული კარდიოსტიმულატორი შექმნა. ამ პროცესში ის კარდიოლოგებთან თანამშრომლობდა, ხოლო პირველი ასეთი მოწყობილობა ძაღლზე, ტორონტოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა გამოცადეს. გარე მოწყობილობა იყენებდა ვაკუუმის მილის ტექნოლოგიას, იმისათვის, რომ კანქვეშ ელექტროიმპულსები გადაეცა. ეს საკმაოდ მტკივნეული პრაქტიკა იყო პაციენტისთვის. მით უფრო, მოწყობილობა ელექტრო სოკეტიდან იღებდა ენერგიას, ეს კი შეიცავდა პოტენციურ საფრთხეს (რადგან შეეძლო პარკუჭების ფიბრილაციის, არაშეთანხმებული თრთოლვის გამოწვევა).
მას შემდეგ ამ ინოვაციას არაერთმა გამომგონებელმა შეავლო ხელი. მათ შორის იყო პოლ ზოლი, რომელმაც კარდიოსტიმულატორის დიზაინი ზომაში შეამცირა, ხოლო მისი ენერგიით მომარაგება დამუხტვად ელემენტს მიანდო. 1958 წელს კი კოლუმბიელმა ექიმმა — ალბერტო ვეჯარანო ლავერდემ და კოლუმბიელმა ელექტროინჟინერმა — ჯორჯ რეინოლდს პომბომ შექმნეს კარდიოსტიმულატორი, რომელიც წინამორბედების მსგავსი იყო, თუმცა, 45 კილოგრამს იწონიდა და ენერგიით, ანუ ელექტროიმპულსებით ისეთი 12-ვოლტიანი აკუმლატორიდან მარაგდებოდა, როგორსაც მანქანებში შეხვდებით. მოწყობილობა ელექტროდებით პაციენტის გულს უკავშირდებოდა და ის წარმატებით გამოიყენეს 70 წლის მღვდლის — ჯერარდო ფლორეზის გადასარჩენად.
რა თქმა უნდა, მოწყობილობების სამყაროში განვითარება მომიჯნავე ტექნოლოგიების წინსვლის გარეშე არ გამოდის. ამის მაგალითია სილიკონის ტრანზისტორის შექმნა და პირველი კომერციული ხელმისაწვდომობა (1956 წელი), რომელიც კარდიოსტიმულატორის შემდგომ, სწრაფ განვითარებას უდევს საფუძვლად.
1958 წელს, ინჟინერმა ეარლ ბაკენმა მინესოტადან, კონკრეტული პაციენტისთვის შექმნა პირველი თან სატარებელი კარდიოსტიმულატორი. ეს მოწყობილობა პატარა პლასტმასის ყუთში თავსდებოდა, საიდანაც გულისცემისა და ვოლტაჟის კონტროლი იყო შესაძლებელი. ყუთიდან ელექტროდები პაციენტის გულს უკავშირდებოდა, სადაც პარკუჭზე იყო მიმაგრებული.
სრულად იმპლანტირებადი კარდიოსტიმულატორის პრაქტიკა კი 1958 წლიდან, შვედეთში იწყება. აქ გამომგონებელ ტუნ ელმქვისტის მიერ შექმნილი მოწყობილობის იმპლანტაციის შემდეგ, აპარატმა მხოლოდ 3 საათი იმუშავა. მეორე ცდაზე, გაუმჯობესებულმა მოწყობილობამ 2 დღე გაძლო.
ხოლო პირველი იმპლანტირებადი კარდიოსტიმულატორის პაციენტმა — არნე ლარსონმა 26 სხვადასხვა კარდიოსტიმულატორი ჩაიდგა სიცოცხლის მანძილზე. ის 2001 წელს მოკვდა, 86 წლის ასაკში. პირველი კარდიოსტიმულატორი მას 1958 წელს ჩაუდგეს. აღსანიშნავია, რომ მისი სიკვდილის მომენტისთვის მის მიერ გამოცდილი მოწყობილობების შემქმნელები თუ ქირურგები უკვე დაღუპულები იყვნენ. მან მის ქირურგზე დიდ ხანს იცოცხლა.
1959 წელს სეიმურ ფურმანმა და ჯონ შვედელმა პირველი დროებითი ტრანსვენური გულის რიტმის მიმცემი წარადგინეს, რომლის კათეტერის ელექტროდიც პაციენტის ბაზილური ვენის გავლით ისმებოდა. ხოლო უკვე 1960 წლის თებერვალში, ექიმებმა ორესტე ფიანდრამ და რობერტო რუბიომ შვედური სტიმულატორის გაუმჯობესებული ვერსია ჩაუნერგეს ურუგვაიში მყოფ პაციენტს. მოწყობილობამ იმუშავა მანამ, სანამ პაციენტი სხვა დაავადებისგან გამოწვეული მიზეზით, ცხრა თვის შემდეგ არ დაიღუპა. აღსანიშნავია, რომ ამ ადრეულ შვედურ მოწყობილობებში დამუხტვადი ბატარეები იყო გამოყენებული, რომელიც გარედან იტენებოდა.
ხოლო 1960 წლის აპრილში, ცხოველებზე ხანგრძლივი ტესტირებისა და შედეგების გაანალიზების შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, ინჟინერ უილსონ გრითბეჩის მიერ შექმნილი იმპლანტირებადი კარდიოსტიმულატორები ადამიანებში გამოეცადათ. გრითბეჩის გამოგონება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა წინამორბედი შვედური მოწყობილობებისგან, რადგან მასში ენერგიის წყაროდ ვერცხლისწყლის ელემენტი იყო გამოყენებული. პირველმა პაციენტმა, რომელსაც ეს კარდიოსტიმულატორი ჩაუდგეს, 18 თვე იცოცხლა.
მსგავსი ტრანსვენური რიტმის მიმცემის გამოყენება იმპლანტირებულ კარდიოსტიმულატორთან ერთად პირველად 1962-1963 წლებში, აშშ-ში, შვედეთსა და საფრანგეთში დაიწყეს. პროცედურა მოიცავდა ვენის გაჭრას და მასში ელექტროდიანი კათეტერის ჩასმას, საბოლოოდ კი მის მოთავსებას მარჯვენა პარკუჭის ტრაბეკულაში. 60-იანი წლების შუა პერიოდისთვის ამ მეთოდის არჩევა უკვე შეეძლოთ პაციენტებს.
ხოლო 1960 წელს, კარდიოქირურგმა ლეონ აბრამსმა და სამედიცინო ინჟინერმა — რეი ლაითვუდმა, ბირმინგემის უნივერსიტეტში შეიმუშავეს და ადამიანზე გამოცადეს პირველი პაციენტის მიერ კონტროლირებადი ცვლადი სიხშირის კარდიოსტიმულატორი. მოწყობილობამ სამი პირველადი პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება შეძლო. 1966 წლისთვის კი უკვე 56 პაციენტს ჰქონდა მსგავსი კარდიოსტიმულატორი, ერთ-ერთმა მათგანმა 5 წელზე ოდნავ მეტი იცოცხლა.
კარდიოსტიმულატორების ტექნოლოგიაში გარდამტეხი მომენტი ლითიუმის ელემენტების გამოჩენას უკავშირდება. პირველი ლითიუმის ელემენტიანი რიტმის მიმცემი 1972 წელს გამოჩნდა. მის შექმნამდე, ყველა წინამორბედი მოწყობილობა ნაკლებეფექტიანი იყო, რადგან მოკლე სიცოცხლისუნარიანობა ჰქონდა და ასევე, ორგანიზმის სითხეებთან მედეგობისთვის ლითონის კორპუსით არ იყო დაფარული. ეს გამოგონება უილსონ გრეთბატჩს ეკუთვნის და მან სრულიად შეცვალა კარდიოსტიმულატორების ინდუსტრია. 1974 წლის 9 ივლისს, კომპანია Cardiac Pacemakers-მა პირველად გამოუშვა კარდიოსტიმულატორი ლითიუმ-ანოდური და ლითიუმ-იოდიდის ელექტროლიტური მყარი ბატარეით. ამის შემდეგ, ეს ელემენტი კარდიოსტიმულატორის დიზაინის განუყოფელი ნაწილი გახდა.
მას შემდეგ ამ მოწყობილობას არაერთი კომპანია აწარმოებს და საჭიროებებიდან გამომდინარე, აუმჯობესებს მას.
როგორც ხედავთ, კარდიოსტიმულატორის შექმნა მრავალწლიანი პროცესი იყო და საერთო სამეცნიერო ძალისხმევის შედეგია.
ტექსტი, რომელიც ზემოთ წაიკითხეთ ჩემი 2016 წლის პრეზენტაციიდანაა. დედის ოპერაციისა და პოსტოპერაციული პერიოდის გამო, სამსახურისა და სწავლის შეთავსება განსაკუთრებით რთული გახდა. სწორედ ამიტომ, საგნები არჩეული მქონდა, თუმცა ერთ-ერთ საგანზე დასწრება ორი კვირით დამაგვიანდა. დაგვიანებით მისულს ჩემთვის სრულიად უცხო ლექტორმა მითხრა, რომ "პროგრამას ვერ დავეწეოდი" და სასწრაფოდ, რამე გზით საგანი უნდა გადამერჩია. ეს სავალდებულო საგანი იყო, რომლის პროგრამას დაწევასაც ვაპირებდი, თუმცა ჩემს "უპასუხისმგებლობასა და დაბალ ინტელექტზე" საუბარი არაფრით შეწყვიტა ლექტორმა. ძალიან მერიდებოდა ამის თქმა, მაგრამ ბოლოს მაინც ვუთხარი, "ბოდიში, ორი კვირით იმის გამო დავაგვიანე, რომ დედაჩემს გულის ოპერაცია გაუკეთეს"-მეთქი. სწორედ ამ დროს იჭექა ლექტორმა, რომ ასეთები ვართ ახალგაზრდები, როგორ ვბედავ და დედის გულის ოპერაციას ვიგონებ იმისათვის, რომ ჩემი გაფლანგული დრო გავამართლო. აუდიტორიიდან გავვარდი, სანამ ერთი-ორი კურსელი უმტკიცებდა, რომ არ ვტყუოდი.
ეს დღე ამ ამბიდან დაახლოებით ერთ კვირაშია. ანუ ეს დღეა, როცა სემინარზე პრეზენტაციისთვის მივედი და ლექტორის მიერ შერჩეული თემის ნაცვლად კარდიოსტიმულატორის შექმნის ისტორიაზე ვისაუბრე.
მატარებელი
დღეს დედა 65 წლის გახდა. ახლა მატარებელში ვზივარ და მასთან მივდივარ. მშვიდად ვარ, რადგან ვიცი, მისი გული მუშაობს და თუ გაჩერებას გადაწყვეტს, ამის საშუალებას კარდიოსტიმულატორი არ მისცემს. ამ აპარატმა მისი ცხოვრება ბევრად აქტიური გახადა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ მან YouTube არხიც კი შექმნა, რომლის გავლითაც აბიტურიენტებს საგამოცდო მასალის ათვისებაში დისტანციურად ეხმარებოდა. დედა ფილოლოგიის ასისტენტ-პროფესორია და ამ პერიოდში მოსწავლეებისთვის ონლაინ რეპეტიტორი იყო.
ოპერაცია 6 წელზე ოდნავ დიდი ხნის წინ ჩატარდა, 2016 წლის მარტში. ოპერაციამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე რაღაც დავწერე, დედაზე, რადგან მისი სიკვდილის შიში მტანჯავდა და ამით უფრო საკუთარი თავი გავამხნევე, ალბათ:
წვრილი წვივები ბალახებში გენამებოდა,
ახლა ამ წვივებს ჩემს კალთაში დებ
- "დამარწიე, დე, დამარწიე".
მე თითებს გადებ და ვერც კი ვითვლი,
შენს თეთრ კანზე ამობურცულან ლურჯი ვენები,
როგორც შენი გზების ყველაზე რთული მონაკვეთები
და ასე გახსენებენ,
რომ სადაც არ უნდა გევლო
მაინც შენს თავში დადიოდი, როგორც სისხლი.
ყველა მთის მდინარე,
ბავშვობისას რაც კი დაგსიზმრებია - ეს შენ იყავი,
ყველა გუბე, რომელშიც ვიღაც ძალით გსვამდა ნახევრად მძინარს
და სიცივისგან ფხიზლდებოდი,
ყველა სიკვდილი,
რომელიც მდინარეში ირეცხებოდა
და ვერ გაირეცხა - შენ იყავი,
სწორედ ეს გზები გახსენებენ
რომ სულ არავინ,
სულ არავინ მომკვდარა,
ეს შენ კვდებოდი ყოველ ჯერზე,
რომ შვილი იყავი,
რომ ბავშვი იყავი,
რომ შენ იყავი ქალი და ცოლი
და საბოლოოდ დედა დარჩი.
ყოველთვის ასე როდი იყო,
მაგრამ ახლა,
ზურგით როდესაც დგები
და ხელებს ჯიბეებში იყოფ
ერთი ჯიბიდან ქვიშა ამოგაქვს,
რომლის ქვებად საქცევად დრო არ გეყო
და რა თქმა უნდა,ხელიდან სწრაფად გეცლება,
მეორედან - პეშვით რძე,
რომელიც ისე შედედებულა
როგორც სისხლი-ჭრილობაზე.
გეგონა დაშრა?
ეს იმ ბავშვების რძეა,
იმ ნაყოფების,
მდინარეში რომ ჩაგეშალნენ,
ვერ გამოკვებე
და ახლა მკვდარი თევზებივით მოჰყვებიან
შენს დინებას.
გარწევ, დე, რატომ გგონია, რომ არ გარწევ?
მე მიყვარს შენს თეთრ წვივებზე დაბურცული ლურჯი ვენები,
ეს შენი გზების
ყველაზე რთული მონაკვეთებია,
როდესაც წვები, ისინიც წვებიან შენთან
და უკვე ბარისაკენ დაშვებულ,
მშვიდ და ღრმა მდინარეებად გესიზმრებიან.
მე კი სიზმართან რა ხელი მაქვს,
მხოლოდ იცოდე -
ზღვა ჯერ არაა ახლოს,
ზღვა ჯერ არაა ახლოს!
ზღვა ჯერ არაა!
ოპერაციის შემდეგ ყოველი წლის მარტში დედა ინგოროყვას კლინიკას სტუმრობს, იმისათვის, რომ საკუთარი "ტერმინატორი გულის" მუშაობა გააკონტროლოს. როგორც აღმოჩნდა, გულმა ბუნებრივი რიტმი მნიშვნელოვნად აღიდგინა და ლითიუმის ელემენტი ჯერ არ დამჯდარა.
უსაზღვროდ მადლობელი ვარ მედიცინისა და ტექნოლოგიების, ისევე, როგორც ნებისმიერი ადამიანი უნდა ემადლიერებოდეს მათ. ემადლიერებოდეს როგორც კარდიოსტიმულატორის გამო, ასევე ვაქცინების, პენიცილინის, ინსულინისა თუ სხვა უამრავი ადამიანის სიცოცხლის უზრუნველმყოფი გამოგონების მიზეზით. ნებისმიერი ადამიანი მადლიერი უნდა იყოს იმ ცოდნისა და ტექნოლოგიის, რომელიც ჩვენამდე მეცნიერებამ მოიტანა. სწორედ ამ სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროგრესის დახმარებით, დღეს ჯერ კიდევ გვყავს დედა მე და უამრავ სხვა ადამიანს. სწორედ მედიცინის დახმარებით, მილიარდობით ადამიანის სიცოცხლეა გადარჩენილი. წინ კი კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობებია.
ახლა მატარებლით ვმგზავრობ და მალე დედასთან ვიქნები. ეს დღეა, როცა დედა 65 წლის გახდა.
კომენტარები