მზის სისტემას გაცდენილი კოსმოსური აპარატისგან უცნაურ მონაცემებს ვიღებთ
აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) კუთვნილი კოსმოსური ზონდი ვოიაჯერ 1 გახლავთ "ვეტერანი" აპარატი, რომელმაც მზის სისტემა დატოვა და ახლა ვარსკვლავთაშორის სივრცეში გადაადგილდება. გაშვებიდან 45 წლის შემდეგ, ის დედამიწაზე უცნაურ მონაცემებს აგზავნის.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ხომალდი სათანადოდ ფუნქციონირებს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მისი მდგომარეობის მაჩვენებელი და კონტროლის სისტემა (AACS) ნამდვილ ტრაექტორიასა და მოძრაობას არ ემთხვევა. ეს იმას ნიშნავს, რომ ვოიაჯერმა "არ იცის", სადაა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ AACS ანტენის დედამიწისკენ მომართვაზეა პასუხისმგებელი, რაშიც ხარვეზი არ შეინიშნება, რადგან ის სიგნალებს ჩვეულებრივ იღებს და აგზავნის. სავარაუდოდ, სისტემა ჩვენკენ შემთხვევითობის პრინციპით გენერირებულ ინფორმაციას უშვებს, რომელიც რეალობას არ შეესაბამება. ამის მიუხედავად, ზონდის უსაფრთხო რეჟიმში გადაყვანა ჯერჯერობით არ იგეგმება.
ინჟინრები ამბობენ, რომ მსგავსი რამ გასაკვირი არცაა, რადგან საქმე საკმაოდ "ხნიერ" აპარატთან გვაქვს. ისინი ხარვეზის მიზეზის დადგენას ცდილობენ, რაც გარკვეულ სიძნელეებთანაა დაკავშირებული. ამას ისიც განაპირობებს, რომ სიგნალების მიმოცვლას, დიდი მანძილიდან გამომდინარე, 2 დღე სჭირდება.
შეგახსენებთ, რომ ვოიაჯერ 1 მზის სისტემის შორეული პლანეტების შესასწავლად კოსმოსში 1977 წელს გაუშვეს. მისიის ამ დრომდე გაგრძელებას არავინ ელოდა, მაგრამ ხომალდი დღემდე განაგრძობს ფუნქციონირებას. ის მზის სისტემის საზღვრებს 2012 წელს გასცდა და ახლა ჩვენგან მილიარდობით კილომეტრითაა დაშორებული.
კომენტარები