მარსზე წყალი იმაზე გვიანდელ პერიოდში არსებობდა, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა — კვლევა
აქამდე მიიჩნეოდა, რომ მარსი წყლით მდიდარი პლანეტა 3 მილიარდი წლის წინ, ჰესპერულ პერიოდში იყო. ამის მიუხედავად, ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს მიერ იქ გაგზავნილმა აპარატმა, Zhurong-მა, უფრო გვიანდელი, კერძოდ, სულ რაღაც 700 მილიონი წილის წინანდელი კვალი აღმოაჩინა, რომელიც ამაზონის ახლანდელ პერიოდს ეკუთვნის.
სპეციალისტებმა მისია Tianwen-1-ის ფარგლებში მარსზე გაშვებული მავალის მიერ პირველ 92 მარსულ დღეს შეგროვებული მონაცემები გააანალიზეს, რომლებიც მან უტოპიის დაბლობის სახელით ცნობილ რეგიონში, სხვადასხვა ხელსაწყოს მეშვეობით მოიპოვა.
თხევადი წყლის "ახალგაზრდა" სისტემის კვალს მეცნიერებმა ზემოხსენებული ინსტრუმენტებით შესწავლილ მინერალებში მიაგნეს, რომლებიც სხვა ამგვარი წარმონაქმნებისგან საგრძნობლად განსხვავდება და შედარებით გვიანაა ფორმირებული.
Zhurong-ის საშუალებით გამოკვლეული ეს საკითხი წითელი პლანეტის ისტორიის უკეთ გააზრებაში დაგვეხმარება.
"ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამ, რისი გარკვევაც გვინდა და რასაც ვიმედოვნებთ, რომ სწორედ Zhurong-ისგან გავიგებთ, ისაა, თუ რამდენად გავრცელებულია წყლის შემცველი 'ახალგაზრდა' მინერალები მარსზე", — აცხადებენ მეცნიერები.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Science Advances გამოქვეყნდა.
კომენტარები