რა არის წამი? — 2030 წლისთვის, შესაძლოა, მისი განმარტება შეიცვალოს
წონისა და ზომის 27-ე გენერალურ კონფერენციაზე, რომელიც ნოემბერში შედგება, მეცნიერები დროის საკითხის განხილვას აპირებენ. საქმე იმაშია, რომ ულტრაზუსტი ატომური საათების მეშვეობით შესაძლოა, დროის ფუნდამენტური ერთეულის, წამის განმარტება შეიცვალოს.
1967 წელს ის განისაზღვრა, როგორც დრო, რომელიც ცეზიუმ-133-ის ატომის ძირითადი მდგომარეობის 2 ზემცირე დონეს შორის გადასვლის შესაბამისი გამოსხივების 9 192 631 770 პერიოდის ხანგრძლივობის ტოლია. 2018 წელს ამ განმარტებაში შესწორებები შეიტანეს, თუმცა ის მაინც აღნიშნულ იზოტოპს ეფუძნებოდა.
ამასობაში, ოპტიკური ატომური საათები იმდენად განვითარდა, რომ კლასიკური წინამორბედების სიზუსტეს გადააჭარბა და ცეზიუმზე დამყარებული გამოთვლებიც, უხეშად რომ ვთქვათ, მოძველდა.
"ოპტიკური სიხშირის სტანდარტმა იმ ნიშნულამდე მიაღწია, საიდანაც, ცეზიუმის სტანდარტთან შედარებით, 100-ჯერ უფრო ზუსტი გამოთვლების წარმოებაა შესაძლებელი", — ამბობენ სპეციალისტები.
აღსანიშნავია, რომ წამის განმარტება SI სისტემის 5 სხვა ერთეულზეც ახდენს გავლენას, ანუ ნებისმიერი მცდარობა მხოლოდ მასზე არ აისახება. ამ და სხვა საკითხებს ექსპერტები სწორედ ზემოხსენებულ კონფერენციაზე განიხილავენ და გადაწყვეტილებას მიიღებენ. გავრცელებული დოკუმენტის მიხედვით, ცვლილება 2030 წლისთვისაა მოსალოდნელი.
იმისათვის, რომ ოპტიკური საათები სტანდარტად იქცეს, ხოლო ცეზიუმმა მეორე ადგილზე გადაინაცვლოს, ისინი მრავალ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს.ეს კი, ცალსახად, სიღრმისეულ კვლევას საჭიროებს.
კომენტარები