ოფშორები, ნათესავები, წარმომადგენლები — რა გზებით ფლობს ბიძინა ივანიშვილი ბიზნესს რუსეთში
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს კვლევის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი 2012-2019 წლებში საკუთარი ოფშორული კომპანიების მეშვეობით მინიმუმ 10 რუსულ კომპანიას მაინც ფლობდა. დღეის მდგომარეობით კი, საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრს, იმავე სქემით, სულ მცირე 1 კომპანია აქვს რუსეთში — შპს აკვა-სფეისი. ეს მაშინ, როდესაც ივანიშვილი 2011 წელს, პოლიტიკაში მოსვლისას ამტკიცებდა, რომ რუსეთში კუთვნილ ბიზნესს გაასხვისებდა, რათა ქართულ საზოგადოებაში არ გაჩენილიყო ზედმეტი კითხვები.
TI წერს, რომ ივანიშვილმა 2011 წლის შემდეგ რუსეთში მის სახელზე პირდაპირ რიცხული აქტივები მართლაც გაყიდა, თუმცა, როგორც კვლევა აჩვენებს, აშკარაა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის ინტერესი რუსული ბიზნესში.
ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ გახდა, როდესაც ცივილიზებულმა სამყარომ აგრესორი ქვეყანა სანქციების ალყაში მოაქცია. გაიზარდა იმის რისკი, რომ რუსეთი ამ შეზღუდვების გვერდის ავლას მის ხელთ არსებული ნებისმიერი საშუალებით ეცდება, ამისთვის მოსაზღვრე ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოსაც გამოიყენებს.
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ანგარიშის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს და დეიდაშვილს, უჩა მამაცაშვილს კომპანია გეო ორგანიკსის გავლით საერთო ბიზნესი აქვთ აშშ-ის სანქციების ქვეშ მყოფ, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ კაგებეს (სსრკ-ის სუკ-ის) გენერალ და სანქტ-პეტერბურგის ყოფილ გუბერნატორ გეორგი პოლტავჩენკოსთან. ასევე, ვოლგოგრადის ყოფილ გუბერნატორ როლანდ ხერიანოვთან, რომლის მეუღლეც, სახელმწიფო დუმის ყოფილი წევრი და ცნობილი პროპაგანდისტული ვიდეოს — ბიძია ვოვა, ჩვენ შენთან ვართ — ავტორი ანნა კუვიჩკოა.
რა გზებით ფლობს ბიძინა ივანიშვილი ბიზნესს რუსეთში
TI-ის ანგარიშის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილს რუსეთში ბიზნესს ოფშორული კომპანიების, ნათესავებისა და წარმომადგენლების საშუალებით აქვს. კვლევაში თითოეული შემთხვევა დეტალურად არის განხილული.
ოფშორული კომპანიები — TI-ის თქმით, ამ ეტაპზე მათ მიერ გამოვლენილია 3 ოფშორული კომპანია: (Vanity Overseas Limited, Wellminstone S.A. და Wenigen Management Limited), რომელთა გამოყენებითაც ივანიშვილი წლების განმავლობაში ინარჩუნებდა ბიზნესს რუსეთში. კვლევაში ნათქვამია, რომ ეს სრული სურათის მხოლოდ მცირე ნაწილია, რადგან ბიძინა ივანიშვილის მიერ გასხვისებული რუსული კომპანიების ამჟამინდელ მეწილეებს შორის კიდევ 20-ზე მეტი ოფშორული კომპანია ფიგურირებს, რომლებმაც ივანიშვილის წილები მას შემდეგ გადაიბარეს, რაც მან რუსული ბაზრიდან გასვლის შესახებ განაცხადა.
ნათესავები — მეორე გზა, რომლითაც ბიძინა ივანიშვილს შეიძლება ჰქონდეს ბიზნესინტერესები რუსეთში, მისი ნათესავების სამეწარმეო საქმიანობაა. ორგანიზაცია წერს, რომ ივანიშვილი ნათესავებს სახელმწიფო საკითხების მოგვარებაშიც რთავდა, რითაც მტკიცდება მათ მიმართ მისი განსაკუთრებული ნდობა. TI-ს მაგალითად უჩა მამაცაშვილი მოჰყავს, რომელიც სახელმწიფო საინვესტიციო ფონდ სს საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილეც იყო, ასევე, ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული კერძო ფონდის — საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მმართველი კომპანიის მეწილეც.
ანგარიშში ივანიშვილის ოფშორული კომპანიების წარმომადგენლად მისი დისშვილი, კახა კობიაშვილიც არის დასახელებული. TI-ს შეფასებით, ძნელად წარმოსადგენია, რომ მისმა ნათესავებმა ივანიშვილის გავლენების გარეშე მოახერხეს წარმატებული ბიზნეს ურთიერთობების ჩამოყალიბება რუსეთის გავლენიან პოლიტიკოსებთან, რომლებმაც ამავდროულად ე.წ. "კრიშის" ფუნქციაც შეიძლება შეასრულონ.
წარმომადგენლები — როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ბიზნესსა და აქტივებს ნდობით აღჭურვილი პირების მეშვეობითაც მართავს. TI წერს, რომ შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-თან ბერმუდის უზენაეს სასამართლოში არსებულ საქმის მასალებში სხვადასხვა დროს ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ წარმომადგენლებად ნახსენები არიან შემდეგი ადამიანები:
- ირაკლი ღარიბაშვილი (მოქმედი პრემიერმინისტრი);
- ირაკლი ქარსელაძე (რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მოქმედი მინისტრი);
- გიორგი ბაჩიაშვილი (საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე);
- ზვიად ხუხუნაშვილი (ქართუ ბანკის ფასიანი ქაღალდების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი).
ბიძინა ივანიშვილის კომპანიები რუსეთში
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ანგარიშში წერია, რომ ბიძინა ივანიშვილს ოფშორებში რეგისტრირებული კომპანიების საშუალებით დღესაც აქვს ბიზნესინტერესები რუსეთში. კერძოდ, კვლევის მიხედვით, მისი 3 ოფშორული კომპანია 2012-2019 წლებში, მათ შორის ივანიშვილის პრემიერმინისტრობის დროს, მინიმუმ 10 რუსულ კომპანიას ფლობდა — ამ ოფშორებიდან ერთ კომპანიას დღესაც აქვს აქტიური ბიზნესი როგორც რუსეთში, ისე საქართველოში.
შპს აკვა-სფეისი
კვლევის მიხედვით, დღეის მდგომარეობით, ბიძინა ივანიშვილი, მისი ოფშორული კომპანია ვენითი ოუვერსიზ ლიმითედის მეშვეობით რუსეთში ფლობს შპს აკვა-სფეისს.
ანგარიშში წერია, რომ აკვა-სფეისი დღემდე აქტიურია და მისი საქმიანობის სფეროებს შორისაა: არასაცხოვრებელი შენობების ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება-მართვა, ასევე ინვესტიციები ფასიან ქაღალდებში, საწესდებო კაპიტალში, არასაცხოვრებელი უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ეტაპზე სხვადასხვა საშუამავლო მომსახურება და ა.შ.
TI წერს, რომ 2015 წლიდან კომპანიის გენერალური დირექტორია ოლგა ბოროვიკოვა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ რუსეთში მისი აქტივების სამართავად დაფუძნებული კომპანია უნიკორის სამართალმემკვიდრის, შპს დოლგოვოე აგენსტვოს დირექტორიცაა.
კვლევაში ნათქვამია, რომ Vanity Overseas Limited რუსეთის პარალელურად, საქართველოშიც ფლობს ანალოგიური საქმიანობისა და სახელწოდების კომპანია შპს აკვა ცენტრს, რომელიც 2010 წელს დაფუძნდა და რომლის დირექტორიც ბიძინა ივანიშვილის დისშვილი, კახა კობიაშვილია.
შპს სამრეწველო ალიანსი ტექგლობალი და მასთან გაერთიანებული 7 კომპანია
TI-ის მიხედვით, 2015 წლამდე ოფშორული კომპანია ველმინსტოუნ ეს.ეი.-ის გავლით ბიძინა ივანიშვილი ფლობდა რუსულ კომპანიას შპს სამრეწველო ალიანსი ტექგლობალი, რომელსაც 2014 წელს შეერწყა Wellminstone S.A.-ის კიდევ ერთი კომპანია შპს რესურსფიუჩერსი.
როგორც კვლევაშია ნათქვამი, ამ უკანასკნელს, თავის მხრივ, 2008 წლის 31 ივლისს შეერწყა Wellminstone S.A.-ის კიდევ 6 კომპანია: შპს ტრანსფინანსაქტივი, შპს ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფინანსურ-ანალიტიკური ჯგუფი, შპს მეტპრომ ჰოლდინგი, შპს ტელეკომქსელი, შპს სპეცპრომტრანსი, და შპს სერვისტექალიანსი.
საერთაშორისო გამჭვირვალობა წერს, რომ ველმინსტოუნ ეს.ეი.-თან ბიძინა ივანიშვილის კავშირს (ბენეფიციარული მესაკუთრეობა) ადასტურებს სინგაპურის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის გადაწყვეტილება.
შპს ფირმა ავეკი, შპს ტერსი, შპს კმა-ჰოლდინგტრანსი და შპს მკ-ჰოლდინგი
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ოფშორული კომპანია ვენიგენ მენეჯმენტ ლიმიტედი ასევე აქტიურად აარსებდა და ფლობდა კომპანიებს რუსეთში.
TI წერს, რომ ამ კომპანიის გავლით 2012-2019 წლებში ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ ფლობდა წილებს მინიმუმ 4 კომპანიაში: შპს ფირმა ავეკი — 2019 წლის ივნისამდე, შპს ტერსი — 2015 წლის ნოემბრამდე, შპს კმა-ჰოლდინგტრანსი — 2015 წლის ივნისამდე, და შპს მკ-ჰოლდინგი — 2013 წლის ნოემბრამდე.
კვლევის მიხედვით, ზემოხსენებული კომპანიები დაკავშირებულია შვილობილი კომპანიების კიდევ უფრო ფართო ქსელთან, რომელიც სხვადასხვა ფორმით ისევ Wenigen Management Limited-ს უკავშირდება.
ბიძინა ივანიშვილის ნათესავების ბიზნესინტერესები
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო ბიძინა ივანიშვილის ნათესავების რუსეთში არსებულ ბიზნესინტერესებზეც საუბრობს.
კვლევის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილ უჩა მამაცაშვილს რუს მაღალჩინოსან და ამჟამად სანქციების ქვეშ მყოფ გეორგი პოლტავჩენკოსთან საერთო ბიზნესი აქვს, რომელიც მათ შვილებზეა გაფორმებული. ანგარიშში წერია, რომ დადასტურებული ინფორმაციით, გეორგი პოლტავჩენკო სანქტ-პეტერბურგის ყოფილი გუბერნატორი (2011-2018), კაგებეს (სსრკ-ის სუკ-ის) გენერალი და ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირია.
TI წერს, რომ უჩა მამაცაშვილის და ალექსანდრე ივანიშვილის საერთო ბიზნესი რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილ დეპუტატ (2016-2021 წწ.) ანნა კუვიჩკოსთან და ვოლგოგრადის ყოფილ მაღალჩინოსან როლანდ ხერიანოვთანაც აქვთ. ხერიანოვი სხვადასხვა დროს იყო ვოლგოგრადის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ვოლგოგრადის რეგიონული დუმის დეპუტატი და ვოლგოგრადის რეგიონის მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერი — ამასთან, მისი მეუღლე ანნა კუვიჩკო 2016-2021 წლებში რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი იყო მმართველი პარტიიდან.
ორგანიზაციის ინფორმაციით, როლანდ ხერიანოვი 2016 წლიდან არის რუსული სააფთიაქო ქსელის 36.6 მმართველი საბჭოს წევრი. კომპანია 36.6-ის მფლობელი კომპანია ერკაფარმი კი 2012 წლამდე ბიძინა ივანიშვილის კომპანია უნიკორის ნაწილი იყო. TI-ის შეფასებით, აღნიშნული ფაქტი მიანიშნებს, რომ, როგორც ჩანს, ხერიანოვი ივანიშვილის სანდო პარტნიორია.
ბიძინა ივანიშვილის რუსულ კავშირებზე დამატებით ვარაუდებს აჩენს 25 აპრილს გავრცელებული აუდიო ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ივანიშვილი სანქცირებულ რუს ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს ესაუბრება. ჩანაწერში საუბარია ბიზნესგეგმებზე, რამაც გააჩინა მოსაზრება, რომ ოლიგარქები სანქციებისთვის გვერდის ავლას ცდილობენ.
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს შეფასებით, პოლიტიკიდან ფორმალურად წასვლის მიუხედავად, ივანიშვილი ინარჩუნებს გავლენას საქართველოს მმართველ პარტიასა და მთელ რიგ ინსტიტუციებზე, სადაც დღემდე მის კომპანიებში ან პირადად მასთან ნამუშევარი ადამიანები იკავებენ უმაღლეს თანამდებობებს.
TI წერს, რომ სახელმწიფოს მიტაცების აშკარად გამოხატული ნიშნების ფონზე, როდესაც ქვეყნის არაფორმალურ მმართველს სერიოზული ბიზნესინტერესები გააჩნია მტრულ სახელმწიფოში, გარკვეული საფრთხე შეიძლება შეექმნას ქვეყნის უსაფრთხოებასა და მის საგარეო კურსს.
კომენტარები