ზურაბ მახარაძე პრორუსული ჯგუფის, Alt-Info-ს თავმჯდომარე აღარ არის
საჯარო დოკუმენტების თანახმად, ზურაბ მახარაძე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო ულტრამემარჯვენე და პრორუსული ჯგუფის, Alt-Info-ს სახე, პარტიის თავმჯდომარეობიდან გაათავისუფლეს.
11 აპრილს საქართველოს საჯარო რეესტრმა ზურაბ მახარაძის ნაცვლად, Alt-Info-ს პოლიტიკური შტოს, კონსერვატიული მოძრაობის თავმჯდომარედ გიორგი ქარდავა დაამტკიცა. დოკუმენტების თანახმად, პარტიამ ცვლილებებისთვის რეესტრს 28 მარტს მიმართა.
მახარაძე ძალადობრივი ექსტრემისტული ჯგუფის, Alt-Info-ს სახე იყო. ჯგუფი ახლა ოპერირებს, როგორც ეროვნული ლიცენზირებული სატელევიზიო არხი. მახარაძის ჩანაცვლების გადაწყვეტილების, ასევე, საზოგადოებიდან მისი აუხსნელი გაუჩინარების მიზეზი, უცნობია.
Alt-Info-ს სპიკერს კომენტარისთვის ვერ დავუკავშირდით.
მახარაძის თამაშიდან განრიდება
13 მარტს მახარაძემ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ისაუბრა, რომ გარკვეული დროით არ იქნებოდა თბილისში და Alt-Info სახელობის არხზე, სადაც ის რეგულარული სპიკერი იყო. მან აღნიშნა, რომ თვის ან მეტი ხნის განმავლობაში "სხვა ფორმატში" იმუშავებდა.
Alt-Info-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, კონსტანტინე მორგოშიამ უარყო, რომ მახარაძე რუსეთში უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე გაემგზავრა, თუმცა დამატებით განმარტებაზე უარი თქვა.
"მას აქვს კონკრეტული მისია, რომელიც დავავალეთ და უნდა გაუმკლავდეს. ამ ეტაპზე, ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ და მას თავისი დავალება აქვს", — უთხრა მორგოშიამ გამოცემა პუბლიკას 13 მარტს.
ერთი თვის შემდეგ, Facebook-ზე ანგარიშმა, რომელიც სავარაუდოდ, მახარაძეს ეკუთვნოდა, გამოაქვეყნა პოსტი, სადაც კონსერვატიული მოძრაობის წევრების რუსეთში ბოლო და მომავალი ვიზიტების დეტალები იყო.
პოსტში, ასევე, Alt-Info-ს სახელით დაფასებული იყოს საქართველოს "არაოფიციალური ნეიტრალიტეტი" რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესების საკითხში.
იმავე დღეს, პარტიის ლიდერობამ უარყო, რომ ის მახარაძეს ეკუთვნოდა.
Alt-Info-მ პოლიტიკური პარტია, კონსერვატიული მოძრაობა გასულ ნოემბერში წარადგინა და ზურაბ მახარაძე მის თავმჯდომარედ 7 დეკემბერს დაარეგისტრირა. კრიტიკოსებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, უარი ეთქვათ პარტიის რეგისტრაციაზე, რადგან მათ გასული წლის ივლისში მასობრივი ძალადობის ორგანიზებაში წამყვანი როლი ჰქონდათ.
"ისინი მოძალადეებს გვეძახიან და დიახ, მე ვარ მოძალადე ადამიანი", — განაცხადა მახარაძემ ივლისში, მისი მხარდამჭერების მიერ ჟურნალისტებისა და ქვიარ აქტივისტებზე თავდასხმამდე დღეებით ადრე.
"მე შემიძლია და ვგეგმავ, რომ დავიცვა ჩემი ღირებულებები, მათ შორის, ძალის გამოყენებით [...] მე მზად ვარ, გამოვიყენო ძალა ამის წინააღმდეგ", — განაცხადა მან.
მახარაძის დაკითხვისა და მის სახლში ჩხრეკის ჩატარების მიუხედავად, ხელისუფლებას არ წაუყენებია ბრალდება არც მახარაძისთვის და არც Alt-Info-ს რომელიმე სხვა წევრისთვის.
Alt-Info, რომელიც ცნობილია მათი ძალადობრივი ჰომოფობიით, ფართო ეროვნული კრიტიკის ქვეშ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოექცა. ჯგუფი ღიად ემხრობოდა რუსეთთან დაახლოებას, მათ შორის, ამაზე ისაუბრეს თებერვალში რუსეთის თავდასხმის დროს.
Alt-Info-ს რეგიონალური ოფისების გახსნის წინააღმდეგ მოსახლეობა მთელს თებერვალსა და მარტში გამოდიოდა. ზოგ შემთხვევაში, ჯგუფის მხარდამჭერებმა მათ ძალადობით უპასუხეს, მათ შორის, ეს მოხდა ქობულეთსა და ზუგდიდში.
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები