10 წიგნი, რომელიც ევროპისკენ გზად უნდა წაიკითხოთ
2 თებერვალს საქართველოს ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო - ჩვენმა ქვეყანამ ევროპის მასშტაბით უვიზო მიმოსვლის უფლება მოიპოვა. განახლებულმა წესებმა შესაძლებელი გახადა ევროპის ქვეყნებში გამგზავრება სპონტანურად, მინიმალური დანახარჯებით. გამარტივდა საოცნებო თუ საყვარელი ადგილების მონახულება, მუსიკალურ ფესტივალებზე დასწრება, მეგობრებთან ერთად ევროტურის დაგეგმვა და ასე შემდეგ. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამიერიდან მეტ დროს გავატარებთ ღრუბლებში, რისთვისაც წინასწარ უნდა მოვემზადოთ.
თუ ერთხელ მაინც აღმოჩენილხართ თვითმფრინავში ინტერნეტისა და ყოველგვარი გასართობის გარეშე, გეცოდინებათ, რომ ავიაკომპანიის ჟურნალი მოსაწყენი საკითხავია, მენიუ კი სულ რამდენიმე კერძისგან შედგება. ამ უხერხული სიტუაციის თავიდან ასარიდებლად, სასურველია გამგზავრებამდე შეარჩიოთ ფრენის დროს საკითხავი ნაწარმოები. ნუ იდარდებთ იმაზე, რომ წიგნი დაგამძიმებთ ან დამატებით საზრუნავად დაგაწვებათ - ელექტრონულ თუ ხმოვანი ვერსიებს ფიზიკური წონა საერთოდ არ აქვთ. მათი წაკითხვა ან მოსმენა პირდაპირ თქვენი სმარტფონიდან შეგიძლიათ.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ 10 წიგნს, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ, სანამ ჰაერში ხართ.
რეისი: ქუთაისი - ბერლინი
ფრენის ხანგრძლივობა: 4 საათი და 10 წუთი
წიგნი: ბერლინი-ალექსანდერპლაცი
ალფრედ დობლინის ეს წიგნი ვაიმარის კულტურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებად ითვლება. მოქმედება 1920-იანი წლების ბერლინში, ალექსანდერპლაცის მახლობლად ვითარდება. ბერლინი-ალექსანდერპლაცი 2002 წელს ყველა დროის ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნების ასეულში მოხვდა, თვითონ დობლინი კი ბერტოლდ ბრეხტის ლიტერატურულ წინაპრად ითვლება.
რეისი: ქუთაისი - მილანი
ფრენის ხანგრძლივობა: 4 საათი და 15 წუთი
წიგნი: ფუკოს ქანქარა
ფუკოს ქანქარა უმბერტო ეკოს მეორე რომანია, რომელიც გამოცემიდან თითქმის 30 წლის შემდეგაც აჯადოებს მკითხველს. მოკლე შინაარსი ასეთია: ერთ-ერთი მილანური გამომცემლობის რედაქტორები ოკულტური მეცნიერებებით, საიდუმლო საზოგადოებებითა და მსოფლიო შეთქმულებებით ერთობიან. ასე, თამაშ-თამაშით, მოიფიქრებენ სახალისო გეგმას, მაგრამ მეტისმეტი მოსდით: ვიღაც მართლა დაიჯერებს მათ მიერ შეთხზულ ისტორიას და დაუნდობელ ბრძოლას დაიწყებს საიდუმლოს ამოსახსნელად.
რეისი: ქუთაისი - ვარშავა
ფრენის ხანგრძლივობა: 3 საათი და 30 წუთი
წიგნი: ბიჭი ზოლიან პიჟამაში
ჯონ ბოინის 2006 წლის ბესტსელერის მოქმედება პოლონეთში ვითარდება. მწერალი კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტრაგედიაზე, ჰოლოკოსტზე შელამაზების გარეშე გვიყვება. ბრუნო და შმუელი თანატოლები არიან, მაგრამ ღობის სხვადასხვა მხარეს იმყოფებიან. შმუელი საკონცენტრაციო ბანაკში ცხოვრობს, ბრუნოს კი მისი მდგომარეობის სიმძიმეზე წარმოდგენაც არ აქვს. მეგობრობის გულისამაჩუყებელი და საბედისწერო ისტორია მწერალმა სულ რაღაც 2 დღე-ნახევარში, ერთი ამოსუნთქვით დაწერა. "ბიჭი ზოლიან პიჟამაში" მსოფლიოს მასშტაბით 5 მილიონზე მეტი ტირაჟით გაიყიდა.
რეისი: თბილისი - ვენა
ფრენის ხანგრძლივობა: 3 საათი და 40 წუთი
წიგნი: შტეფან ცვაიგის მოთხრობები (ხმოვანი წიგნი)
შტეფან ცვაიგს ხშირად ქალების გულის მესაიდუმლეს უწოდებენ, თუმცა მისი მთავარი ღირსება მაინც თხრობის გასაგები მანერა და საინტერესო სიუჟეტებია. ადამიანის ფსიქოლოგიის ღრმად წვდომის უნარს ხშირად ცვაიგისა და ფროიდის მეგობრობითაც ხსნიან. წიგნში თავმოყრილია ავსტრიელი მწერლის საუკეთესო მოთხრობები.
რეისი: თბილისი - ამსტერდამი
ფრენის ხანგრძლივობა: 5 საათი და 10 წუთი
წიგნი: სხვა ამსტერდამი
დათო ტურაშვილის რომანი ჰოლანდიური შთაბეჭდილებების ნაკრებია. მწერალი მსუბუქი იუმორით აღგვიწერს თანამედროვე ამსტერდამსა და მის მაცხოვრებლებს. წესით, ნიდერლანდებისკენ მიმავალ გზაზე ამ წიგნის წაკითხვა საინტერესო შემზადება უნდა იყოს რეალური თავგადასავლებისათვის.
რეისი: თბილისი - სტამბოლი, სტამბოლი - პრაღა
ფრენის საერთო ხანგრძლივობა: 6 საათი და 15 წუთი
წიგნი: გამოსათხოვარი ვალსი
მილან კუნდერას რომანი გამოსათხოვარი ვალსი პირველად 1972 წელს გამოიცა. წიგნი რვა ადამიანს შორის ურთიერთობას შეეხება. ისინი ერთმანეთს პატარა საკურორტო ქალაქში ხვდებიან. მოქმედება 70-იანი წლების ჩეხოსლოვაკიაში ვითარდება.
რეისი: თბილისი - რიგა, რიგა - სტოკჰოლმი
ფრენის საერთო ხანგრძლივობა: 6 საათი და 10 წუთი
წიგნი: გოგონა დრაკონის ტატუთი
შვედეთის ერთ-ერთ კუნძულზე 40 წლის წინ მოხდა მკვლელობა, რომლის გამოძიებასაც უკვე 82 წლის ჰენრიკ ვანგერმა ნახევარი სიცოცხლე შეალია. მას სიბერეშიც ერთადერთი სურვილი აქვს: გაიგოს, ვინ მოკლა მისი საყვარელი ძმის შვილიშვილი. გოგონა დრაკონის ტატუთი მილენიუმის ტრილოგიის პირველი წიგნია. რომანი გამოცემისთანავე 40 ენაზე ითარგმნა და 21-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. სამწუხაროდ, ავტორი საკუთარი ნაწარმოების წარმატებას ვერ მოესწრო. ის ტრილოგიის გამოცემამდე ერთი წლით ადრე გარდაიცვალა.
რეისი: თბილისი - რიგა, რიგა - ოსლო
ფრენის საერთო ხანგრძლივობა: 6 საათი და 30 წუთი
წიგნი: ვაფლის გულები
თუ იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით, რომლებიც ზრდასრულ ასაკშიც სიამოვნებით კითხულობენ საბავშვო წიგნებს, მაშინ ნორვეგიელი მწერლის, მარია ფარის ვაფლის გულები სწორედ თქვენთვისაა. ცხრა წლის თრილე და ლენა მეზობლები და საუკეთესო მეგობრები არიან. გოგონებს უამრავი დრო აქვთ, რომ აღადგინონ ნოეს კიდობანი, დატკბნენ ზაფხულის დღესასწაულებით და, თქვენ წარმოიდგინეთ, ლენას ახალი მამის მოსაძებნად განცხადებაც კი გამოაკრან. თრილე და ლენა შესანიშნავ მეგზურობას გაგიწევენ ნორვეგიაში და თან იმაზეც დაგაფიქრებენ, თუ რა არის ოჯახი და მეგობრობა.
რეისი: თბილისი - რიგა, რიგა - ჰელსინკი
ფრენის საერთო ხანგრძლივობა: 5 საათი და 50 წუთი
წიგნი: ნაქსოვი ქუჩების ქალაქი
თანამედროვე ფინელი მწერლის, ემი იტერანტას ნაწარმოები მქსოველთა ქალაქს შეეხება. ახალგაზრდა მქსოველი ელიანა ენაამოგლეჯილ გოგონას პოულობს, რომელსაც ხელზე სახელი აქვს ამოსვირინგებული. მკითხველი პერსონაჟებთან ერთად ცდილობს, იპოვოს დახლართული გორგალის დასაწყისი. ოსტატურად მოთხრობილი ინტრიგა არარსებულ, მაგრამ ამავე დროს საოცრად ნაცნობ სამყაროს წარმოგვიდგენს.
რეისი: თბილისი - სტამბოლი, სტამბოლი - პარიზი
ფრენის საერთო ხანგრძლივობა: 7 საათი
წიგნი: ფლობერის თუთიყუში
ეს წიგნი შეიძლება გუსტავ ფლობერის უჩვეულო ფორმის ბიოგრაფიად ჩაითვალოს, შეიძლება - ერთი ახირებული კაცის მსჯელობად მწერლობაზე. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ნამდვილი ლიტერატურაა. ჯულიან ბარნსი მგზავრობის დროს ერთი წუთითაც არ მოგაწყენთ.
ერთადერთი, რაც ამ წიგნების წასაკითხად დაგჭირდებათ, კარგად დატენილი მოწყობილობაა. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ საინტერესო პერსონაჟებმა ყველაზე კრიტიკულ მომენტში, ტურბულენტურ ზონაში არ დაგტოვონ.
თუ გადაწყვეტთ ევროპისკენ გამგზავრებას, აუცილებლად გადახედეთ ჩვენს სტატიებს:
კომენტარები