აშშ-ის საზღვაო ძალებმა ლაზერული თავდაცვის სისტემა წარმატებით გამოცადა
მას მუშაობისთვის მხოლოდ ელეტროენერგია სჭირდება
აშშ-ის საზღვაო ძალებში, ახალი ლაზერული თავდაცვის სისტემის (LLD) დახმარებით, წარმატებით ჩამოაგდეს სამიზნეები, მათ შორის მაღალსიჩქარიანი დრონები. ეს სისტემის ტესტირება იყო და როგორც გავრცელებული პრესრელიზიდან ვიგებთ, წვრთნა მიმდინარე წლის თებერვალში მიმდინარეობდა.
კომპანია Lockheed Martin-ის მიერ შექმნილი სისტემა განკუთვნილია სხვადასხვა დომენებისა და პლატფორმებისთვის. მაღალი გარჩევადობის ტელესკოპის დახმარებით, ის თვალ-ყურს ადევნებს გარემოს და შეუძლია გაანადგუროს როგორც ნავები, ასევე უპილოტო საჰაერო სისტემები და დრონები, რომლებიც, როგორც რუსეთ-უკრაინის ომიდან ვხედავთ, დღეს საკმაოდ დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის საზღვაო კვლევის ოფისი (ONR) 1980-იანი წლებიდან უწყობს ხელს ლაზერზე დაფუძნებული იარაღის სისტემების შექმნას. 80-იანების ლაზერები ქიმიურ ტექნოლოგიას ეყრდნობოდა, ხოლო მათი გამოყენებისას არსებული ლოგისტიკური გამოწვევები მის პრაქტიკულობას ეჭვქვეშ აყენებდა. თუმცა, ამ გამოწვევებს ლაზერულ იარაღზე მუშაობა არ შეუჩერებია, დღეს კი უკვე შესაძლებელი გახდა სრულად ელექტრო ლაზერზე დაფუძნებული იარაღის სისტემის გამოცდა.
უნდა ითქვას, რომ საზღვაო ძალების შეარაღებაში არსებული სხვა საშუალებებისგან განსხვავებით, ელექტრული ლაზერი გაცილებით უსაფრთხოა გემისთვის და ეკიპაჟისთვის და მეტიც, ის რჩება ფუნქციური მანამ, სანამ გემს ელექტროენერგია აქვს.
როგორც უკვე ვთქვით, ONR-მა აქამდე არაერთი სისტემა გამოცადა, მათ შორის 2014 წელსაც. წინამორბედებისგან განსხვავებით, LLD კომპაქტური, ძლიერი და მეტად ეფექტიანია. ის იყენებს სპეციალიზებულ ოპტიკურ საშუალებებს სამიზნის საპოვნელად და მიმართავს ლაზერს ობიექტისკენ, მაქსიმალური ეფექტიანობით. მეტიც, სისტემა იყენებს ხელოვნურ ინტელექტს ობიექტის მიზანში ამოსაღებად და მისთვის თვალის სადევნებლად.
ბოლო ტესტირების დროს, რომელიც ნიუ-მექსიკოში, მაღალი ენერგიის ლაზერული სისტემების სატესტო სივრცეში ჩატარდა, LLD-მა ჩამოაგდო სამიზნეების ფართო სპექტრი, მათ შორის უპილოტო ფიქსირებული ფრთიანი საფრენი აპარატები და კვადკოპტერები, ასევე მაღალსიჩქარიანი დრონები.
კიდევ ვინ მუშაობს ლაზერულ იარაღზე?
LLD-ს ჯერ კიდევ ცდიან და მისი პრაქტიკაში დანერგვა უახლოეს მომავალში არ იგეგმება. ამ დროს კი ლაზერულ იარაღზე სხვა ქვეყნებიც მუშაობენ. მათ შორისაა საფრანგეთი და ისრაელი. საფრანგეთმა ასეთი იარაღი გასულ წელს გამოცადა, ისრაელმა კი გასულ კვირაში.
ასევე: ისრაელმა წარმატებით გამოცადა თავისი ახალი ლაზერული თავდაცვის სისტემა
ასე რომ, არც ისე შორეული მომავლის მსოფლიო ლაზერულ იარაღს მიიღებს. როდის და ვინ გამოიყენებს მას, ესეც მომავლის საკითხია.
კომენტარები